პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება კლინიკური ფსიქოლოგი კესო ჭურღულია.
როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, ის ახალ სივრცეში ხვდება. აკადემიური გარემო მისგან განსხვავებულ ქცევას და უნარებს მოითხოვს. როგორ ვიზრუნოთ თავიდან იმაზე, რომ ადაპტაციის პერიოდი გავუიოლოთ პირველკლასელს?
სასკოლო მზაობაში მოიაზრება არა მხოლოდ ბავშვის, არამედ სააღმზრდელო დაწესებულებებისა და ოჯახის მზაობა ბავშვისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად იმ მნიშვნელოვანი პროცესების გაადვილებისთვის, რომელიც თან ახლავს სკოლაში წასვლას. შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში, ამ საქმეში პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს ოჯახს, წინასასკოლო (საბავშვო ბაღი, „ფრესქული“) დაწესებულებებსა და სკოლას შორის. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა ვალდებულია გაუმკლავდეს და უპასუხოს ყოველი ბავშვის საჭიროებებს, მიუხედავად მათი სასკოლო მზაობისა.
გამოცდილება აჩვენებს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც სტაბილურად დადიოდნენ საბავშვო ბაღში ან შემდგომ „ფრესქულში“, უფრო მეტად უადვილდებათ სასკოლო გარემოსთან შეგუება რამდენიმე მიზეზის გამო – მათ ცხოვრებაში უკვე არსებობდა გარკვეული რუტინა, სტრუქტურა და წესები, რომლებსაც უნდა მიჰყოლოდნენ და გაეთვალისწინებინათ; ჰქონდათ მეტ-ნაკლებად ფორმალურ გარემოში სხვა ბავშვებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების საშუალება; გამოიმუშავეს დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარები. შესაბამისად, ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ფსიქოლოგები გასცემენ, არის ბავშვის ტარება საბავშვო ბაღში, რადგან, გრძელვადიან პერსპექტივაში, საბავშვო ბაღი ემსახურება ზემოთ აღნიშნული უნარების განვითარებას და არა მხოლოდ. რაც შეეხება, უშუალოდ სასწავლო წლის დაწყებამდე შემზადებას, კარგი იქნება, თუ ბავშვს გარკვეული პერიოდით ადრე გააცნობთ სკოლის შენობას, საკლასო ოთახს, მომავალ მასწავლებლებს, რამდენიმე კლასელს ან თავად სკოლა უზრუნველყოფს მსგავსი გაცნობითი აქტივობების არსებობას იმისათვის, რომ პირველკლასელისთვის სკოლაში მოხვედრა და მასთან შეგუება იყოს თანდათანობითი პროცესი და არა მყისიერად თავს დამტყდარი რამ.
გვესაუბრეთ სასკოლო მზაობის ნიშნებზე. როდის იწყება ამ უნარებზე მუშაობა, როგორ ხდება ამ უნარების ჩამოყალიბება?
პირველ რიგშივე უნდა აღინიშნოს და დაზუსტდეს, რომ სასკოლო მზაობა არ არის, როდესაც ბავშვმა იცის ლექსები და წერა-კითხვა, რითაც მშობლები ძალიან ხშირად იწონებენ თავს. სასკოლო მზაობა მოიცავს რამდენიმე ფართო სფეროს, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტულ უნარებს და ამ უნარებზე მუშაობა იწყება ადრეული ასაკიდანვე.
- სოციალური და ემოციური განვითარება გულისხმობს თვითრეგულაციის, ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების, საკუთარი და სხვისი გრძნობების ამოცნობისა და სახელდების უნარებს.
- შემეცნებითი განვითარება გულისხმობს სააზროვნო ოპერაციების, მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების, ამოცანის გადაჭრის უნარებს.
- ენისა და წიგნიერების განვითარება გულისხმობს ასაკთან შესაბამისი ლექსიკური მარაგის არსებობას, მოსმენისა და ინსტრუქციების გაგების, მეტყველებისა და თხრობის უნარებს.
- ფიზიკური განვითარება გულისხმობს მსხვილი (სიარული, ხტომა, სირბილი, ცეკვა და ა.შ.) და ნატიფი (წერა, ხატვა, ძერწვა, მაკრატლით გამოჭრა, მცირე ზომის საგნებით მანიპულირება) მოტორული უნარების განვითარებას.
- დამოუკიდებლობის განვითარება გულისხმობს თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა ტუალეტის მოხმარება, ჩაცმა-გახდა, კვება, საკუთარი ნივთების მოწესრიგება და ა.შ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ უნარების განვითარებაზე მუშაობა იწყება ადრეული ასაკიდანვე და მიზანშეწონილია განმავითარებელი აქტივობების ისე შეტანა ბავშვის ცხოვრებაში, რომ გათვალისწინებული იყოს ზოგადასაკობრივთან ერთად ისეთი ინდივიდუალური თავისებურებები, როგორიცაა ბავშვის ინტერესები, ცნობისმოყვარეობა, ტემპერამენტი და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სწორი თვითშეფასება და თავდაჯერება, იმისათვის, რომ მოსწავლემ სრულყოფილად გამოხატოს საკუთარი პიროვნება? როგორ გავუძლიეროთ ეს განცდა?
ადეკვატური თვითშეფასება და თავდაჯერებულობა პიროვნების ის მნიშვნელოვანი მდგენელებია, რომლებიც გავლენას ახდენს მარცხისა და წარმატების აღქმაზე, სწავლისადმი დამოკიდებულებაზე, მოტივაციაზე. ადრეული ასაკიდანვე სწავლისადმი სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განაპირობებს აკადემიურ წარმატებასა და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ სწორ წარმოდგენებს. აუცილებელია, ბავშვებს მივცეთ შეცდომების დაშვების უფლება და მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეთ იმის, რომ როდესაც რაიმე შეეშლებათ ან არასწორად შეასრულებენ დავალებას, ამის გამო დაისჯებიან ან შეარცხვენენ, აუცილებლად უნდა წავახალისოთ მათი ინიციატივის გამოჩენის უნარი და უნდა ვასწავლოთ დახმარების თხოვნა, როდესაც ეს სჭირდებათ. არასოდეს შევადაროთ სხვა ბავშვებს და არ უნდა გავუხადოთ სხვისი წარმატება რაიმეს საზომად, რადგან ამან შესაძლოა გაუჩინოს უარყოფითი დამოკიდებულება როგორც სწავლისადმი, ასევე იმ ბავშვისადმი, ვისაც ადარებთ.
პირველკლასელებს ხშირად ახასიათებთ სიმორცხვე, რადგან უცხო გარემოში ხვდებიან. როგორ წავაქეზოთ ისინი უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი და დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები?
როგორც ზემოთ აღინიშნა, სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას, როდესაც ბავშვს ადრეული ასაკიდან აქვს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება და საშუალება, რასაც უმეტესად, მისი საბავშვო ბაღში ტარებით უზრუნველვყოფთ. თუ პირველკლასელი მორცხვობს, ვერ ამყარებს სათანადო კომუნიკაციას კლასელებთან, აუცილებლად უნდა იყოს სასწავლო პროცესში ისეთი ჯგუფური აქტივობები და თამაშები შეტანილი, რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვებს, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და ურთიერთობები დაამყარონ. სასურველია, მშობლები მუდმივად ახალისებდნენ და აქეზებდნენ ბავშვის მცდელობებს და, გარდა ამისა, კლასელებს სკოლის მიღმაც, არაფორმალურ გარემოშიც ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება.