Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.

სკოლაში შესვლის ასაკი, ბოლო წლებია, განისაზღვრა 6 წლით. ამას მთელი რიგი თავისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს და ცალსახად ვეთანხმებით ფსიქოლოგები.

ერთ-ერთი მთავარი ფიზიოლოგიური ფაქტორი არის ნატიფი მოტორიკის განვითარება: 6 წლამდე ასაკის ბავშვის ხელის მტევანი და თითების კუნთები არაა საკმარისად ჩამოყალიბებული და განვითარებული იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს  წერის უნარის სრულფასოვნად დაუფლება.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ნიშნებს, აქ უფრო მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სასკოლო მზაობის შემოწმება ხდება ფსიქოლოგთან გასაუბრებით, სადაც ბავშვს ეძლევა გარკვეული დავალებები, რომლებიც უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით შეფასდეს მისი მზაობა. 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია ბავშვის მოტივაცია სწავლის მიმართ. ამას ვადგენთ შესაბამისი სიუჟეტური ბარათებით და ბავშვთან ინტერვიუთი. 

ასევე, მოწმდება ბავშვის ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარება, შემეცნების სფერო, ეს უკანასკნელი მოიცავს ბავშვის ზოგად ასაკობრივ განათლებას, მაგალითად, უნდა ცნობდეს რიცხვებს 10-მდე, იცოდეს წელიწადის დროები, შეეძლოს მინიმუმ 5 ცხოველის დასახელება, 10-ის ფარგლებში ჩხირების ან თითების დახმარებით მარტივი მოქმედებების შესრულება და ა. შ. 

მნიშვნელოვანია მეტყველების განვითარებაც, 6 წლის ბავშვს უნდა შეეძლოს ამბის მოყოლა და სწორად ჩამოყალიბება, სიტყვის პირველი და ბოლო  ასო-ბგერის განსაზღვრა, სიუჟეტური ბარათების მიხედვით ისტორიის ლოგიკურად შედგენა…

რაც შეეხება, სკოლამდელ ასაკში წერა-კითხვის სწავლებას, ეს არც აუცილებელია და არც რეკომენდებული. თუმცა, თუკი ბავშვი ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მზადაა ამისთვის და თავად გამოხატავს სურვილს, შეიძლება მივყვეთ მის ინტერესებს. 

ამ ყველაფერთან ერთად, სასკოლო მზაობის შემოწმებისას, ყურადღებას ვაქცევთ ბავშვის სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებას, ეს მოიცავს შემდეგ საკითხებს: 

კეთილგანწყობილია უფროსების მიმართ; იცავს ელემენტარულ ეტიკეტს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მილოცვა.); შეუძლია საქციელის შეფასება – სწორია, არასწორია; ითხოვს ნებართვას, თუ სხვისი კუთვნილების გამოყენება სურს…

ხშირია შემთხვევები, როდესაც გასაუბრების შედეგად დგინდება, რომ ბავშვი აშკარად (იგულისხმება, რომ მისი  განვითარება საგრძნობლად ჩამორჩება ასაკობრივს)  არ არის სკოლისთვის მზად და ფსიქოლოგები შესაბამის რეკომენდაციებსაც ვაძლევთ მშობლებს, თუ რაზე სჯობს მუშაობა ბავშვის სკოლაში შემოსვლამდე, რა აქტივობები ან გარემო იქნება მისთვის კარგი, თუმცა მშობელი მაინც ძალიან წუხს და განიცდის მომავალ „დაკარგულ“ ერთ წელს. ამ დროს მნიშვნელოვანია მშობლებმა მიიღონ და გაიაზრონ ის ფაქტი, რომ „დაკარგულ“ ერთ წელზე მნიშვნელოვანი (რომელიც, ცხადია, სინამდვილეში დაკარგულად არ ითვლება, რადგან ბავშვი ვითარდება და ეწევა ასაკს) არის ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მზაობის არქონის შემთხვევაში, სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა დამძიმდეს, თუ  ბავშვი ვერ მიჰყვება  სასკოლო მასალას განსაზღვრულ დროში.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5