Skip to content Skip to sidebar Skip to footer

Ბავშვის სასკოლო მზაობის და  ასაკობრივი კომპეტენციების შესახებ “დედამიცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი.

ბავშვის სკოლაში წასვლის საკითხი ხშირად ხდება მშობლების ღელვის საგანი. რას გულისხმობს ბავშვის სასკოლო მზაობა და რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს ის 6 წლის ასაკში?

სამუშაო პრაქტიკაში ხშირია მშობლების მომართვიანობა ბავშვის სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით. მშობლები/აღმზრდელები მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ  ამ საკითხის მიმართ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, სკოლისთვის მზაობაში მოიაზრებენ იმას, რომ ბავშვმა იცოდეს წერა-კითხვა და ანგარიში. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა რამდენიმე ფაქტორის კომბინაციაა და მოიაზრებს როგორც უშუალოდ ბავშვის უნარების მომწიფების ხარისხს, ასევე სკოლის გარემოში ბავშვის მისვლისადმი ოჯახის და თავად სკოლის მზაობას. 

ბავშვის სასკოლო მზაობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯანმრთელობა, ფიზიკური განვითარება, სწავლისადმი მიდგომა, სააზროვნო უნარები, ზოგადი ცოდნა, სოციალურ-ემოციური განვითარება, მეტყველება, კომუნიკაცია. ყოველი სფერო სხვადასხვა ქვესფეროს აერთიანებს. 

6 წლის ასაკისთვის ველით, რომ ამ სფეროებში შემავალი უნარები მეტ-ნაკლებად მომწიფებული იქნება. კერძოდ, წინასასკოლოდ, მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს მოტივაცია და ინტერესი, აითვისოს ახალი. ასევე, ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება, რათა მიაჩნდეს, რომ აქვს რესურსი, დაძლიოს მასალა. ამავდროულად, შეეძლოს ემოციების რეგულირება და იმედგაცრუებასთან გამკლავება, რათა შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ან იმ პირობებში, თუ გაუჭირდა რაიმეს ათვისება და არ გამოუვიდა, მოახერხოს ბრაზის მართვა და შეძლოს პატარ-პატარა წარუმატებლობებთან გამკლავება. ასევე, ჰქონდეს ინსტრუქციების შესრულებისა და გარკვეული რუტინის მიყოლის გამოცდილება და მშობლის/აღმზრდელის დახმარებით შეძლოს მეცადინეობის პროცესში ჩართვა. შეეძლოს პირადი საჭიროებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება, როგორიცაა საპირფარეშოს მოხმარება, კვება, თასმის ან ღილის გახსნა/შეკვრა, ნივთების ჩალაგება და ა.შ.. შეეძლოს თანატოლებთან ასაკის შესაბამის აქტივობებში ჩართვა – ნივთების გაზიარება, თამაშის წესების მიყოლა, რიგის დაცვა. შეეძლოს ყოველდღიურ აქტივობებში მათემატიკური გარდაქმნების წარმოება, დროის აღმნიშვნელი სიტყვების სწორად გამოყენება. იგებდეს ინსტრუქციებსა და ნათქვამის შინაარსს და ახერხებდეს ვერბალურად აზრის ჩამოყალიბებას. ჰქონდეს ინტერესი სამაგიდო აქტივობების მიმართ, ასევე ინტერესი წიგნების მიმართ და სხვ.

თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ბავშვი განვითარების ინდივიდუალურ გზას გადის და ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასების შედეგები უნდა გამოვიყენოთ არა ძირითადად იმისთვის, რომ სახელდება გავაკეთოთ, რომ ვიღაც არაა მზად, არამედ იმისთვის, რათა განვსაზღვროთ, რომელ სფეროში რა ხარისხის დახმარებას საჭიროებს ბავშვი და ვისი მხრიდან. 

ხშირად მშობლები ადრეული ასაკიდან იწყებენ ბავშვის სასკოლოდ მომზადებას და მათ სკოლის პროგრამითაც კი  ამეცადინებენ. გვესაუბრეთ ამაზე, არის თუ არა ეს  სწორი პრაქტიკა?

სასკოლო მზაობა არ გულისხმობს იმას, ბავშვმა იცის თუ არა წერა-კითხვა, ანგარიში და ლექსები. როგორც აღვნიშნე, ბავშვის სასკოლო მზაობა მრავალი ფაქტორის კომბინაციაა და მოიაზრებს იმ უნარების ფლობას, რაც დაეხმარება ბავშვს სკოლის გარემოში როგორც სწავლის პროცესის ეფექტურად წარმართვაში, ისე სოციალიზაციაში. სკოლა მხოლოდ აკადემიური ცოდნის დაუფლების ადგილი არაა. ის მნიშვნელოვანი სივრცეა სოციალიზაციის. ეს კიდევ უფრო გამოკვეთილად დაგვანახა პანდემიამ. მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვის სასკოლო მზაობას შეხედოს როგორც ბავშვის განვითარების პროცესის ნაწილს, რომელიც იწყება ადრეული ბავშვობიდან და გულისხმობს ბავშვის ხელშეწყობას ყველა სფეროში, რათა ბავშვმა მოახერხოს რესურსების გამოვლენა, პოტენციალის რეალიზება, გარემოსთან ეფექტურად ადაპტაცია და სოციალურ გარემოში ფუნქციონირება. თუკი ბავშვი ავლენს ინტერესს ასოების, ციფრების მიმართ, ცხადია მშობელი უნდა დაეხმაროს ინტერესის დაკმაყოფილებაში, თუმცა ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. ხანდახან მშობლები განსაკუთრებით ამაყობენ იმით, რომ ბავშვები ადრეულ ასაკში ფლობენ ფაქტობრივ ცოდნას. თეორიულად შესაძლებელია, რომ სკოლამდელ ასაკშიც დაეუფლოს ბავშვი პირველი კლასის მასალის პროგრამის ნაწილს, თუმცა სასკოლო პროგრამის დასაუფლებლად საჭიროა ბევრი სფეროს გარკვეული ხარისხის სიმწიფე და თუ სასკოლო მასალით ნაადრევად დავტვირთავთ ბავშვს მისი ინტერესების და მზაობის გათვალისწინების გარეშე, ამით შესაძლოა მნიშვნელოვნად დავუქვეითოთ სწავლის მოტივაცია, ვინაიდან შესაძლოა სწავლის პროცესი აღიქვას, როგორც უსიამოვნო პროცესი. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს იმ უნარების გამომუშავებაში, რომლებიც დასჭირდება სკოლაში სწავლის პროცესში?

უამრავი სახალისო აქტივობა შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს იმ უნარების გასაუმჯობესებლად, რომლებიც დაეხმარება სასწავლო პროცესში. მოცემული ფორმატის გათვალისწინებით მხოლოდ ზოგიერთ რეკომენდაციაზე შევჩერდები. შეეცადეთ, წაახალისოთ ბავშვი, დაეუფლოს ყოფით უნარებს და შემდგომში დამოუკიდებლად გაართვას თავი ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ჩაცმა-გახდა, კვება, ტუალეტი. ეს უნარები დასჭირდება მას სკოლის და არამარტო სკოლის გარემოში და ამავდროულად ექნება განცდა, რომ დამოუკიდებლად ახერხებს მისთვის საჭირო აქტივობების შესრულებას, რაც დადებითაც აისახება მის თვითშეფასებაზე. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების რეგულაციის უნარის გამომუშავებაში დახმარება, რაც მოიაზრებს იმას, რომ ბავშვს შეეძლოს ემოციების სახელდება, იცოდეს, რომ ემოციებს აქვთ არსებობის უფლება და მნიშვნელოვანი ფუნქციაც და დასაშვები და სრულიად ნორმალურია „უსიამოვნო“ ემოციების ქონაც. თუმცა ასწავლეთ ემოციების ეფექტურად გადამუშავება და მათი სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვა. დაეხმარეთ სოციალური უნარების გამომუშავებაში – თანატოლების გარემოში ხშირად მიეცით თამაშის შესაძლებლობა და თავადაც ითამაშეთ მასთან ისეთი თამაშები, სადაც მოუწევს რიგის დაცვა, წესების მიყოლა. ასწავლეთ კონფლიქტების მართვა. შესთავაზეთ წიგნები – წაუკითხეთ, დაათვალიერებინეთ, შეეცადეთ დააინტერესოთ, შესთავაზეთ სამაგიდო აქტივობები, რომლებიც მისგან ჯდომას, კონცენტრირებას, მიზანმიმართულ მუშაობას გულისხმობს. ეს აქტივობები სხვადასხვა შინაარსის შეიძლება იყოს, მაგ. გაფერადება, გამოჭრა, ძერწვა და ა.შ. ესაუბრეთ სკოლაზე და იმაზე, თუ როგორი გარემო დახვდება იქ, როგორი იქნება მისი დღის რეჟიმი სკოლაში სიარულის დროს. შეგიძლიათ ბავშვთან ერთად შექმნათ ნახატების ან სტიკერების კოლაჟი, რომლებიც აღწერენ მის დღის რეჟიმს სკოლაში სიარულის დროს. დაეხმარეთ მსხვილი და ნატიფი  მოტორული უნარების განვითარებაში – წაახალისეთ, ისეირნოს ველოსიპედით, ირბინოს, გამოჭრას პატარა საგნები, გააფერადოს. ესაუბრეთ ბევრი და მოუსმინეთ მასაც – გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბები. ყოფით სიტუაციებში მისთვის საინტერესო ნივთების/საგნების მაგალითზე ჰკითხეთ, რამდენ საგანს ხედავს. კიდევ რომ დავუმატოთ კონკრეტული რაოდენობის საგანი, რამდენი იქნება (ვიზუალურად უნდა ხედავდეს საგნებს). ყურადღების ფუნქციის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ შესთავაზოთ ისეთი თამაშები, სადაც მოუწევს დაიმახსოვროს სიტყვები ან საგნები და შემდეგ გაიმეოროს ან დაასახელოს. მაგ. ერთმა მოთამაშემ დაასახელოს საყვარელი ხილი, მეორემ გაიმეოროს პირველის მიერ დასახელებული და დაამატოს თავისი ვარიანტი და ამგვარად გაგრძელდეს მანამ, სანამ შეძლებენ წინა დასახელებული სიტყვების აღდგენას. ჩართეთ ისეთ აქტივობებში, სადაც შეძლებს ობიექტებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დაკვირვებას, მაგ. დათესოს რაიმე და დააკვირდეს მის ზრდას. შეეცადეთ, ბავშვს არ მისცეთ მზა პასუხები და უბიძგოთ, დამოუკიდებლად იფიქროს და მივიდეს აღმოჩენებამდე. დაეხმარეთ ინტერესების გამრავალფეროვნებაში. წაახალისეთ მისი ცნობისმოყვარეობა და ეცადეთ აღმოაჩინოს რამდენად საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, როდესაც ახალს შეიმეცნებ და რომ ამ პროცესში შრომაც სასიამოვნოა. ამდენად, სამომავლოდ სასკოლო პროგრამის ათვისება მისთვის თავსმოხვეული და უსიამოვნო პროცესი კი არ იქნება, არამედ შეძლებს დაინტერესდეს და სიამოვნება მიიღოს სწავლის პროცესით. შექმენით მის საჭიროებებზე მორგებული დღის რეჟიმი და ეცადეთ დაიცვას ყოველდღიური რუტინა. ასწავლეთ დასვენებისა და გართობის სხვადასხვა სტრატეგიები. ასწავლეთ სტრესთან გამკლავების ეფექტური ხერხები. კარგი იქნება, თუკი წინასწარ ეცოდინება ბავშვს რომელ სკოლაში მიდის და ნანახიც ექნება. და რაც მთავარია, დაუტოვეთ დრო თამაშისთვის, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მქონეა.

 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5