Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვენს საზოგადოებაში სკოლამდელ  განათლებასთან დაკავშირებით ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს. ბავშვის  სასკოლო მზაობის შესახებ შექმნილი არასწორი მოლოდინები კი შემდგომში ბავშვის ცხოვრებაზე, მისი სწავლის მიმართ დამოკიდებულებაზეც ახდენს  გავლენას. გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტს, ანა ჯანელიძეს ვკითხეთ, რას მოიცავს სკოლამდელი განათლება და სასკოლო მზაობა, რომელიც მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის განვითარებაში.

   ანა ჯანელიძე
გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი

რას მოიცავს სასკოლო მზაობის ცნება და  როდის არის ბავშვი მზად სკოლისთვის?

სასკოლო მზაობის  ცნება ძალიან ხშირად გაგებული არის ვიწროდ და მთელი ტვირთი სასკოლო მზაობისა მოდის ბავშვზე.  სხვადასხვა კვლევებითაც დადასტურებულია, რომ არასწორია და არ შეიძლება ბავშვს დავაკისროთ სკოლისთვის მზაობის მთელი ტვირთი. მთავარი პრობლემა არის მოლოდინების აცდენაში, თუ რა მოლოდინებით ხვდება  ბავშვს სკოლა, რამდენად მზად არის ის მიიღოს ბავშვი და მოერგოს მას; როგორ ამზადებს და ემზადება ოჯახი ამისთვის. სკოლა ბავშვს უნდა ხვდებოდეს, როგორც ინდივიდს და ითვალისწინებდეს ბავშვის მოლოდინებს. ეს პერიოდი ბავშვებისთვის სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც საბავშვო ბაღში და ოჯახში აკეთებდა, ამ დროს სკოლას და მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კომპეტენცია, ეს გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულო გახადონ ბავშვებისთვის და ხელი შეუწყონ  ახალი ეტაპის არასტრესულ გარემოში გაგრძელებას.  

საზოგადოებაში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ სკოლა არის მხოლოდ აკადემიური გარემო, სადაც ბავშვები სწავლობენ  წერა-კითხვას და ელემენტარულ არითმეტიკას და ეს ოჯახისთვისაც ხდება განმსაზღვრელი სასკოლო მზაობის შეფასებისას და ფიქრობენ: თუ ბავშვმა ლექსები  იცის ბევრი, ან წერა-კითხვა იცის უკვე საბავშვო ბაღში, ე.ი ძალიან ჭკვიანია და სკოლისთვის მზადაა. ხშირ შემთხვევაში ამ უნარების განვითარება ხდება იმ ძალიან მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე ზრუნვის გამოტოვებით, რაც ძალიან აუცილებელია ადრეული ასაკის ბავშვისთვის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, რომ ფოკუსი გაზრდილია მხოლოდ აკადემიურ უნარ-ჩვევებზე და ხშირად ბაღებში (მეტადრე კერძო სექტორში) ორიენტირებული არიან ბავშვის აკადემიურ განვითარებაზე და გაკვეთილების ცხრილიც კი აქვთ, სწავლობენ სხვადასხვა უცხო ენებს, უტარდებათ მათემატიკის და ჭადრაკის გაკვეთილები და ა.შ. ასე სეგმენტირებულად, ბავშვის უნარების განვითარება ადრეულ ასაკში, რა თქმა უნდა, არასწორია. 

ადრეული ასაკის ბავშვისთვის მთავარი და წამყვანი ქცევა არის თამაში და სწორედ ისეთი აქტივობის მოფიქრება უნდა შეძლონ მასწავლებლებმა, სადაც მათემატიკური უნარ-ჩვევებსაც განავითარებს ბავშვი, რადგან ბავშვთა უმრავლესობისთვის ამ ეტაპზე თამაში არის სამყაროსთან ურთიერთობის, განვითარების  და შეცნობის გზა, და როდესაც ამას ვართმევთ, ჩვენ სწავლის წყურვილს, ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას ვაფერხებთ.

რაზე უნდა იყოს ორიენტირებული საბავშვო ბაღი?

ბაღი აუცილებლად უნდა იყოს ორიენტირებული ბავშვის მრავალმხრივ განვითარებაზე. არ შეიძლება რომელიმე სფერო იყოს პრიორიტეტული, მაგალითად: მარტო ფიზიკური სფეროს განვითარებაზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას არ აქცევდეს შემეცნებით განვითარებას, წიგნიერებას, ესთეტიკურ განვითარებას, სოციალურ-ემოციურ განვითარებას  და ა.შ. სტანდარტული აკადემიური განვითარება მხოლოდ კოგნიტურ უნარებზე არის ორიენტირებული, რაც არასწორია. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ აკადემიურ უნარ-ჩვევებზე ფოკუსირდებიან, ხშირად აქვთ სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების მხრივ, ნაკლებად აქვთ განვითარებული სოციალურ-ემოციური კომპეტენციები. სკოლამდელი  განათლება მოიაზრებს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას, რის შედეგადაც ბავშვებს უნდა შეეძლოთ მრავალმხრივი გამოცდილების მიღება, სხვადასხვა პერსპექტივიდან მსჯელობა, ფიქრი, განცდა… და როდესაც, სკოლა ან ბაღი მხოლოდ კოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული, ეს სისტემის პრობლემაა და ე.ი არასწორი მიმართულებით მივდივართ.

რა მნიშვნელობას იძენს ოჯახის როლი და მისია, სკოლამდელი განათლების პროცესში?

ოჯახის როლი  მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ჰარმონიულად განვითარებისთვის.  ტრადიციულად, ადრეულ ასაკში ბავშვები მშობლებთან დიდ დროს ატარებდნენ, მაგრამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ეს მოცემულობა შეიცვალა. ოჯახთან გასატარებელი დრო შემცირდა  და მით უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დღეს მშობლებისთვის შვილებთან ურთიერთობამ. ოჯახი ის გარემოა ბავშვისთვის, სადაც ყველაზე დიდ ემოციურ სტაბილურობას უნდა გრძნობდეს: უნდა იყოს ლაღად და ბედნიერად,  მაგრამ თუ მას არ აქვს სტაბილური გარემო, აკლია სათანადო ყურადღება მშობლისგან, ეს დეფიციტი მის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. 

რას ურჩევდით მშობლებს?

მშობლებს, პირველ რიგში უნდა ვურჩიოთ,  რომ შეეძლოთ ბავშვების მოსმენა, ოღონდ, მოსმენაში არ იგულისხმება , რასაც იტყვიან მარტო ის მოვისმინოთ.  როგორც, ლორის მალაგუცი, რეჯიო ემილიას დამფუძნებელი ამბობს: “ბავშვებს აქვთ ასი ენა, ასი ხელი, ასი აზრი, ფიქრის, თამაშის, ლაპარაკის ასი გზა…” და ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორად ჩავწვდეთ მათ სათქმელს. არიან ბავშვები, რომლებიც ნაკლებ ვერბალურები არიან და ნაკლებად გამოხატავენ სათქმელს სიტყვიერად, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი “მოსმენა” და “დანახვა” ვისწავლოთ მათი. მეორე:  რა ცოტა დროც არ უნდა ჰქონდეს მშობლებს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დრო ისე დაგეგმონ, რომ ავთენტური და მართლა ჩართული ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ბოლოს, იფიქროს, რომ ეს პერიოდი აღარასდროს აღარ განმეორდება და ეს პერიოდი განმსაზღვრელი იქნება იმის, როგორი იქნება ეს ადამიანი პიროვნულად, როცა გაიზრდება. ამ ფიქრით და განცდით ბევრად უფრო მომთმენები გახდებიან მშობლები, იმიტომ რომ ბავშვები ხშირად ჩვენ როგორც გვინდა ისე არ იქცევიან და ისე არ ლაპარაკობენ და ეს მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი კარგი მშობლობისთვის. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5