ბევრი ბავშვისთვის სათამაშოების დალაგება ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი პროცესია და ხშირ შემთხვევაში ტანტრუმის (ბრაზის გამოხატვა ტირილით ან აგრესიული ქცევით) გამომწვევ მიზეზად ითვლება.

დიანა მაკალათია გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც ასწავლის თქვენს შვილს, თუ როგორ დაალაგოს დამოუკიდებლად საკუთარი სათამაშოები:
- გამოიყენეთ ამ პროცესისთვის „სწორი“ დრო – თუ თქვენი ბავშვი დაახლოებით ცხრა ან ათი საათისთვის იძინებს, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე შეგვიძლია ორმაგად მომგებიანი წინადადება შევთავაზოთ, ბავშვს აუხსენით, რომ თუ დაალაგებს ოთახს, მიიღებს 15 წუთით მეტ დროს თამაშისთვის ან შეუძლია მაშინვე დასაძინებლად წასვლა. ეს სტრატეგია ძალიან კარგად მოქმედებს. როცა ბავშვი ზედმეტად გადაღლილია და მართლა არ შეუძლია ან ეზარება დალაგება, ის ირჩევს დასაძინებლად წასვლას. ისეთი ბავშვებიც კი, რომლებსაც დიდი დრო და წვალება სჭირდებათ იმისთვის, რომ დაიძინონ, ამ შემთხვევაში ხშირად თავისი ფეხით მიდიან ხოლმე საძინებელ ოთახში და თვითონ ითხოვენ მშობლებისგან დაძინებას. შედეგად, თქვენ იღებთ ან დალაგებულ ოთახს ან თავის დროზე დაძინებულ ბავშვს.
- დააყენეთ სპეციფიკური არჩევანის წინაშე – იმის ნაცვლად, რომ უთხრათ ბავშვს აალაგოს პაზლის ან ლეგოს ნაწილები, შეეცადეთ მიმართოთ მსგავსი ფრაზებით: „ცხოველების ალაგება გირჩევნია თუ ლეგოს ნაწილების?“
- აქციეთ დალაგების პროცესი თამაშად – შეგიძლიათ დალაგების პროცესში ჩართოთ მუსიკა და საცეკვაო მოედანიც კი მოაწყოთ, ან დააყენოთ წამმზომი, შეეჯიბროთ სისწრაფეში და შესთავაზოთ ასეთი რამ: თუ მოასწრებს სათამაშოების დალაგებას მანამ, სანამ თქვენ მოამზადებთ მისთვის საჭმელს, ნახევარი საათით დიდხანს იქნებით სასეირნოდ.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ თამაშს:
- თამაში “ბაზრობა”
შეგვიძლია მოვაწყოთ სათამაშოების პატარა ბაზრობა და ბავშვს საშუალება მივცეთ გაყიდოს ის სათამაშოები, რაზეც ფიქრობს, რომ უკვე აღარ სჭირდება, ჩვენ კი ამ სათამაშოებს გადავუნახავთ ან გავაჩუქებთ.
- თამაში “1-დან 10-მდე“
უთხარით ბავშვს იპოვოს 1 საგანი, რომელსაც ექნება თვალები, 2 სათამაშო ბორბლებით, 3 სამკუთხედის ფორმის სათამაშო და ა. შ. ასე განაგრძეთ 10-მდე. ბოლოსკენ, როცა რიცხვი იმატებს, შეგვიძლია ვუთხრათ შეაგროვოს ლეგოს ან პაზლის ნაწილები.
თუ ბავშვის ოთახში საკმაოდ ბევრი სათამაშოა მიმოფანტული, ასევე შეგვიძლია გავამარტივოთ დავალება და მივუთითოთ, რომ ჯერ შეაგროვოს მაგ. წითელი ფერის სათამაშოები ან პლასტმასის, რომ მოხდეს მათი დახარისხება და საქმეც უფრო გაიოლდეს.
- როლური თამაში
ბავშვებს ასევე უყვართ როლური თამაშები, შეეცადეთ წარმოიდგინოს, რომ არის დასუფთავების სამსახურიდან ან კომპანიიდან, რომელიც ამ საქმეს ემსახურება, მიეცით შესაფერისი ტანისამოსი, თავისი რეზინის ხელთათმანებითა და ქუდით, თქვენ კი წარმოიდგინეთ, რომ დამქირავებელი ხართ და ამ ყველაფრის სანაცვლოდ მას დააჯილდოებთ ( არამატერიალური ჯილდო).
- გამოიყენეთ სტიკერები
ბავშვები გიჟდებიან სტიკერებზე, ასე რომ გამოიყენეთ ისინი თქვენს სასიკეთოდ. ჩააკარით თითო სტიკერი კალენდარში იმ დღეს, როცა ბავშვი წარმატებით გაართმევს თავისი ნივთების დალაგებას თავს. აუხსენით, თუ რა რაოდენობის სტიკერი სჭირდება მას, რომ საბოლოოდ დაიმსახუროს ჯილდო. როცა ის მართლა შეძლებს ყველა საჭირო სტიკერის მოგროვებას, დააფასეთ მისი შრომა, დააჯილდოვეთ და იზეიმეთ მასთან ერთად.
- „თოჯინებს ეძინებათ“
ბავშვებს დიდი ფანტაზიის უნარი აქვთ, ბევრს უყვარს წარმოდგენითი თამაშები, სხვადასხვა საგნის „გაცოცხლება“, ჩვენ შეგვიძლია ასეთი ამბავი შევთხზათ მათთვის – ვუთხრათ, რომ ჩვენს მსგავსად სათამაშოებსაც ეძინებათ და ამისთვის განკუთვნილი ადგილი აქვთ, მაგალითად კონტეინერებს გავუკეთოთ შემდეგნაირი წარწერები: “ აქ იძინებენ ცხოველები“ ან „აქ იძინებენ თოჯინები“.