Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ადრეული განვითარების სპეციალისტი ნანიკო მაზიაშვილი.

თამაში ბავშვებისთვის  ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის საშუალებით ისინი  იძენენ სხვადასხვა საჭირო უნარებს და დროს სიამოვნებით ატარებენ. გვესაუბრეთ, როგორი უნდა იყოს ბავშვის სათამაშო გარემო და რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ის თამაშს იწყებს?

თამაში  საძირკველს უყრის ბავშვის მომავალ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მისი საშუალებით ბავშვები იძენენ სირთულეების, კონფლიქტების გადაჭრა-მოგვარების უნარებს, ეზიარებიან სამყაროს საიდუმლოებებს და პოულობენ სამყაროში საკუთარ ადგილს. ადრეულ განვითარებაში თამაშის  და სათამაშოების საშუალებით გამომუშავდება ისეთი ძირითადი უნარ-ჩვევები, როგორიცაა კოგნიტური, მოტორული, თვითმოვლის, სოციალურ-ემოციური და მეტყველების უნარები. ჩემმა კოლეგებმა თქვენი პლატფორმის დახმარებით საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს თამაშის განვითარების ეტაპებზე და ტიპებზე. იმისთვის, რომ ბავშვის კონკრეტული უნარის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ მოვუწყოთ მას გარემო – რა ნივთები და სათამაშოები გამოვიყენოთ ამა თუ იმ უნარის გასაუმჯობესებლად. აუცილებელია  გვახსოვდეს – სათამაშოს რომ განმავითარებელი როლი  ჰქონდეს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე  საკითხი – ბავშვის განვითარების ეტაპი, ასაკი, ინტერესები  და ტემპერამენტი. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური თავისი ინტერესებით და ტემპით. ამიტომ აუცილებელია  მშობლები აჰყვნენ მის ტემპს და მისცენ საკმარისი დრო და საშუალება, რათა დამოუკიდებლად შეასრულოს თამაშის დროს კონკრეტული აქტივობა.

ბავშვებზე დაკვირვება, მაშინ  როდესაც  ისინი მარტო, დამოუკიდებლად  თამაშობენ, გვაძლევს სწორად დაგეგმვის საშუალებას – სად მოვაწყოთ მათთვის სათამაშო სივრცე/კუთხე. ის ოთახის სხვა ნაწილებისგან ხალიჩით და პატარა კარადით შეგიძლიათ გამოყოთ. ბავშვთან ერთად დაახარისხეთ სათამაშოები – წიგნები ერთად, მანქანები ერთად, ხილ-ბოსტნეული ერთად, ფაზლები ერთად და ა.შ. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ სთხოვოთ ბავშვს სათამაშო კუთხე მიალაგოს, შეინახოს ნივთები. საწყის ეტაპზე შეგიძლიათ თქვენც დაეხმაროთ – ხელის ხელზე მოკიდებით ჩაალაგებინოთ ნივთები ყუთში. პერიოდულად დახმარება შეამცირეთ. თვითმოვლის  უნარ-ჩვევა ის ერთ-ერთი უნარია, რომელიც მცირე ასაკიდანვე აუცილებლად უნდა განვითარდეს და წახალისდეს, რომ თავიდანვე შეძლოს თქვენმა  პატარამ დამოუკიდებლობის მოპოვება, რათა სამომავლოდ სხვაზე დამოკიდებული არ იყოს. ჩვენს კულტურაში თვითმოვლის უნარი ჯერ კიდევ გამოსამუშავებელი  გვაქვს ასაკის მიუხედავად. ხშირად მინახავს დედები  როგორ ულაგებენ შვილებს ჯერ სათამაშოებს, წიგნებს, მერე ტანსაცმელს, ოთახში დაყრილ ნივთებს და ამ ქცევას იმით ამართლებენ, რომ ზრუნავენ შვილზე. ეს ზრუნვა კი არა, შვილის არასასურველი ქცევის წახალისებაა -თავი აარიდოს მისთვის არასასურველ საქმიანობას. თავიდანვე უნდა ვასწავლოთ შვილებს პასუხისმგებლობის აღება, ნივთებზე და საკუთარ თავზე ზრუნვა.

მნიშვნელოვანია, სათამაშოები  იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. შედარებით მცირე ზომის ნივთები („ლეგოები“, ბურთულები და ა. შ.)  ჩადეთ კონტეინერში და დადეთ თაროზე ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

როცა ბავშვი სათამაშოებს არ ალაგებს და პროტესტის ნიშნად ზოგჯერ ისვრის კიდეც მას, აუცილებელია ამ ფაქტს შეძლებისდაგვარად მშვიდად შევხდეთ. არ გავაკრიტიკოთ ბავშვი და რაც მთავარია ყოველთვის ავაკრეფინოთ დაყრილი ნივთები. არ აქვს მნიშვნელობა ტიპური განვითარების შვილი გყავთ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე, ყოველთვის ვალაგებთ ნივთებს თავის ადგილზე. ბავშვი ამ უარყოფით ქცევას ნელ-ნელა შეამცირებს  და საბოლოოდ თქვენი თხოვნის გარეშეც დაიწყებს თამაშის შემდეგ მათ ჩალაგებას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5