პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ადრეული განვითარების სპეციალისტი ნანიკო მაზიაშვილი.
ბავშვებისთვის სათამაშო მნიშვნელოვანი ნივთია, რომელიც მათ განვითარებაშიც ეხმარება. რა უნდა გავითვალისწინოთ სათამაშოების შერჩევისას და როგორ ვეთამაშოთ მათ, რომ დავეხმაროთ სხვადასხვა საკვანძო უნარების განვითარებაშიც?
გადატვირთული გრაფიკის გამო მშობლების უმეტესობა შვილებთან ურთიერთობის დანაკლისს განიცდის და ამის კომპენსირებას სათამაშოების და ზოგჯერ კი ძალიან ბევრი სათამაშოს ყიდვით ცდილობს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აქტიური შეხება მაქვს ოჯახებთან და ძალიან ბევრ ოჯახში მინახავს სათამაშოებით გადავსებული საბავშვო კარადები თუ ოთახები. თავდაპირველად ბევრი ახალი სათამაშო, რა თქმა უნდა, სიხარულის მომტანია ბავშვისთვის და აქტიურად იწყებენ თამაშის დროს მათ გამოყენებას, თუმცა დროთა განმავლობაში ამ სათამაშოებს ეფექტი ეკარგებათ იმიტომ, რომ ბავშვმა ამოწურა მათი კრეატიულად გამოყენების გზები, ის დაბნეულია, აღარ იცის ამდენი სათამაშო როგორ გამოიყენოს და რომელზე მოახდინოს კონცენტრაცია. არ მინდა მშობლებმა იფიქრონ, რომ მათ შვილებს მრავალფეროვანი სათამაშოები არ უნდა უყიდონ, პირიქით თუ ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ და დღეს ხარისხიანი და კარგი სათამაშოები საკმაოდ ძვირი ღირს, კარგი იქნება რომ შეუძინოთ. მაგრამ სათამაშოს მობეზრება რომ თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია მათი გადახალისება და სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს რამდენიმე ეშმაკური ხერხის გამოყენებას.
პირველ რიგში, დაახარისხეთ სათამაშოები:
1. ის, რომელსაც იტოვებთ და ამ ეტაპზე საჭიროა ბავშვის კონკრეტული უნარის განსავითარებლად. დატოვებული სათამაშოების ნაწილიც შეგიძლიათ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას გადამალოთ და პერიოდულად გამოიტანოთ თამაშის დროს. ძველ, თუმცა ახლიდან აღმოჩენილ სათამაშოს ისეთივე დიდი ეფექტი აქვს, როგორც ახალს.
2. სათამაშოები, რომლებიც თვლით, რომ მომავალში შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ (მაგალითად, თუ გაქვთ გადაწყვეტილი კიდევ იყოლიოთ პატარა ან სათამაშო, რომელიც თქვენ გიყვართ – ზოგ მშობელსაც აქვს საყვარელი სათამაშო).
3. გასაჩუქებელი, გასაცვლელი ან თუნდაც გასაყიდი სათამაშოები. ნივთების გაჩუქებით თქვენს შვილს სხვაზე მზრუნველობას, სხვისი საჭიროების გაგებას და გაზიარებას ასწავლით. რაც მთავარია ჰკითხეთ, ნებართვა აიღეთ შვილისგან, რომელი სათამაშოს გაჩუქება სურს მას.
4. და ბოლოს დაზიანებული სათამაშოები, რომლებიც ვერ შეკეთდება და შეგიძლიათ გადააგდოთ (ეცადეთ პატარა ასაკიდანვე ასწავლოთ შვილებს მათთან ფრთხილად მოპყრობა, რომ ხელი არ შევუწყოთ ნაგავსაყრელზე მოსასროლი მეტი ნივთის გაჩენას და ვეცადოთ ჩვენს პლანეტას გავუფრთხილდეთ).
პანდემიამ სამწუხაროდ ყველაზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვებზე. უფროსები დაუბრუნდნენ სამსახურს, ძველ რიტმს, თუმცა ბავშვები კვლავ სახლში დარჩნენ. სამწუხაროდ, გაიზარდა ტელეფონებთან და ტელევიზორებთან გატარებული დროც, რაც ხელს უშლის მათი სოციალურ-ემოციური, კოგნიტური თუ მოტორული უნარების განვითარებას. ბავშვები ვერ ახერხებენ დაგროვილი ენერგიის დახარჯვას, რაც იწვევს სხვადასხვა ემოციურ თუ ქცევით სირთულეებს. მშობლების უმეტესობა ძირითადად ცდილობს მათი შვილების კოგნიტური და კომუნიკაციის უნარების განვითარებას, თუმცა ზოგ მათგანს ავიწყდება არანაკლებ მნიშვნელოვანი მოტორული (იქნება უხეში თუ ნატიფი მოტორიკა) უნარების განვითარება. ბავშვი, რომელიც სათანადოდ ვერ აღიქვამს საკუთარ სხეულს – უჭირს მისი მართვა, ხდება მოუსვენარი, ქაოსური, შესაბამისად კლებულობს კონცენტრაციის და გაგების უნარიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვა უნარების განვითარებასთან ერთად მშობლებმა იზრუნონ შვილების მოტორული უნარების განვითარებაზეც ასაკის შესაბამისად. თუკი ფინანსური საშუალება გაქვთ დატესტეთ შვილებთან ერთად სხვადასხვა აქტივობები, იქნება ეს იოგა, ცურვა, ჯირითი თუ უბრალოდ ველოსიპედით სეირნობა. აუცილებელი არაა ფასიანი აქტივობებით დაკავდეთ. შეგიძლიათ სკვერში დახუჭობანა, კლასობანა, დაჭერობანა, ლახტაობა ითამაშოთ, რუკა დახატოთ და განძი ეძებოთ – ტყის პირას გირჩები და ფოთლები შეაგროვოთ და მისგან რამე საოცრება ააწყოთ, ანდაც სახლში ბალიშებით და პლედებით შტაბ-ბინა გააკეთოთ. წესით 90-იანების გამოვლილ მშობლებს ძველებური თამაშების გახსენება და თქვენს შვილზე მორგება არ უნდა გაგიჭირდეთ, კრეატიულობას საზღვრები ხომ არ აქვს.
საბოლოოდ კი მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ სათამაშოზე და სხვადასხვა სათამაშოზე მეტად მნიშვნელოვანია ის დრო, რომელსაც თქვენ შვილებთან ერთად ატარებთ. დღევანდელი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ბავშვებისთვის სათამაშოებზე მეტად მნიშვნელოვანი ხართ თქვენ – მშობლები და ის მხიარული წუთები, რომლებსაც მათთან ერთად ატარებთ. ხშირად ვურჩევ მშობლებს, რომ შეარჩიონ სამსახურის მერე ისეთი დრო, როცა მათაც აქვთ თამაშის სურვილი და ენერგია, რომ თამაშის პროცესი ბუნებრივი, მათთვისაც სასიამოვნო და სახალისო იყოს. ერთ-ერთი კარგი მეთოდი არის კვირის რომელიმე დღის არჩევა, როცა მთელი დღით თუ არა დღის გარკვეული ნაწილი მაინც შეგიძლიათ, რომ ბავშვს და მასთან ერთად მხიარულ თამაშს დაუთმოთ. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ ამ დღეს მხოლოდ მას ეკუთვნით და სამსახურთან თუ საბუთებთან არ უწევს თქვენი გაზიარება.
როგორც დიმიტრი უზნაძე იტყოდა, თამაშს, როგორც ქცევას, საფუძვლად უდევს სიამოვნების ფუნქცია, ანუ თამაშის ძირითადი მოტივი ბავშვისთვის აქტივობისგან სიამოვნების მიღებაა. მიეცით თავს უფლება დაბრუნდეთ ბავშვობაში და თქვენს შვილთან ერთად ისიამოვნოთ ამ ჯადოსნური წუთებით.