გქონიათ შემთხვევა, როცა მეგობარს ესაუბრებით და ბავშვი გაწყვეტინებთ ლაპარაკს ყოველ 2 წუთში? ალბათ კი.
თქვენი შვილი შეიძლება ფიქრობდეს, რომ საუბარში მისი ჩართვის რიგის ლოდინი უსასრულობამდე გრძელდება (მაშინაც კი, თუ ის მხოლოდ 2 წუთია) და მოუთმენლობის გამო შეგაწყვეტინოთ ლაპარაკი.
რა თქმა უნდა, სკოლამდელი ასაკის ბავშვი 1 საათი ვერ იჯდება წყნარად, თუმცა მისთვის იმის სწავლება, რომ საუბარი არ უნდა შეაწყვეტინოს სხვებს, მნიშვნელოვანი სოციალური უნარია. ბავშვები, რომლებსაც ესმით, როგორ ჩაერთონ ზრდილობიან საუბარში, უფრო წარმატებით დაამყარებენ და შეინარჩუნებენ ურთიერთობებს.
რატომ გვაწყვეტინებენ ბავშვები?
ბავშვები ხშირად აწყვეტინებენ საუბარს უფროსებს მოწყენილობის გამო. თუ თქვენ ესაუბრებით სხვას არაბავშვურ თემებზე და თქვენი შვილი ჩართული არ არის საუბარში, მან შეიძლება ხშირად შეგაწყვეტინოთ, რათა გაერთოს და მიიქციოს ყურადღება.
ზოგჯერ ბავშვებს უჭირთ საუბრისას დაელოდონ, სანამ მათი სიტყვის რიგი მოვა, რადგანაც ისინი იმპულსურები არიან.
ზოგიერთი ბავშვი არ ცნობს სოციალურ ნორმებს. ისინი შეიძლება საერთოდ ვერ აცნობიერებდნენ ფაქტს, რომ გაწყვეტინებით ხელს გიშლით.
მიეცით მაგალითი
გსურთ შვილს ასწავლოთ, არ შეგაწყვეტინოთ საუბარი? ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თავად მისცეთ მაგალითი. მაგრამ ეს რთული იქნება, თუ თქვენი ბავშვი ზოგჯერ შეუწყვეტლივ ლაპარაკობს.
თუ თქვენ აწყვეტინებთ შვილს საუბარს, ის ამით სწავლობს, რომ ეს ნორმალურია. ამიტომ, იყავით მომთმენი და დაელოდეთ თქვენს რიგს, როდესაც ის ლაპარაკობს.
რა თქმა უნდა, თქვენ ზოგჯერ მოგიწევთ, შეაწყვეტინოთ შვილს საუბარი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ლაპარაკით ცდილობს თავიდან აირიდოს საქმე. მაგრამ თუ უმეტეს შემთხვევაში პატივისცემით მოეპყრობით და დაელოდებით თქვენს რიგს, ის ისწავლის, რომ შეწყვეტინება ნორმალური არ არის.
თუ ის ძალიან გრძელ ისტორიას გიყვებათ, თქვენ გინდათ, მოკლედ „მოჭრას“, რადგან თან ფეხზე უნდა ჩააცვათ სასეირნოდ გასვლამდე, მიუთითეთ მას ზრდილობიანად: „მაპატიე, რომ გაწყვეტინებ, მაგრამ ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა, რომ გარეთ გავიდეთ“.
თუ ის მოსაყოლ ამბავს წელავს, რათა გადადოს დაძინება, შეაწყვეტინეთ და უთხარით, რომ „ძალიან მინდა მოვისმინო შენი ამბის დასასრული, მაგრამ ახლა ძილი დროა. დილით მომიყევი.“
ჩამოაყალიბეთ წესები
დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს ესმის, როგორ არ სიამოვნებთ ადამიანებს, როდესაც აწყვეტინებენ საუბარს და ამას უხეშობად აღიქვამენ. აუსხენით, რომ საუბრისას რიგის მოლოდინი პატივისცემის გამოხატვაა.
ასევე მნიშვნელოვანია, განვიხილოთ გამონაკლისები. ნუ ეტყვით „არასდროს შემაწყვეტინო“. აუხსენით ის შემთხვევები, როცა შეწყვეტინება საჭიროა, თუ მას რამე უჭირს, სახლს ცეცხლი უკიდია და ა.შ.
ასწავლეთ, რა გააკეთოს შეწყვეტინების ნაცვლად
ასწავლეთ მისაღები გზებით მოითხოვოს ყურადღება. მაგალითად, საუბრის დროს ხელი მოგკიდოთ და დაელოდოს, სანამ წინადადებას ჩაამთავრებთ. შემდეგ უკვე მოუსმენთ მას.
მიახვედრეთ, რომ შეწყვეტინება არაა ეფექტური
როდესაც გაწყვეტინებთ, ზრდილობიანად მიანიშნეთ, რომ ეს უხეშობაა და თავის რიგს უნდა დაელოდოს, რის შემდეგაც აუცილებლად უპასუხებთ.
თუ ის ამ გაფრთხილების შემდეგ ისევ გაწყვეტინებთ, შესაძლებელია მისი ამ ქცევის უგულებელყოფა ყველაზე ეფექტური გამოსავალი იყოს. აჩვენეთ, რომ ამით ვერ მიაღწევს მიზანს.
დაუფასეთ კარგი საქციელი
შეაქეთ, როდესაც რიგს მოთმინებით ელოდება და მადლობა გადაუხადეთ ამ ქცევისთვის.
წყარო: www.verywellfamily.com