“დედამიცის”-ს ესაუბრება “სელფ-რეგის” მთარგმნელი. ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი.
2016 წელს დოქტორ სტუარტ შენკერმა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის გამოსცა წიგნი, რომლის მიხედვითაც ბავშვის არასასურველ და გამაღიზიანებელ ქცევას აქვს თავისი ახსნა — ეს ჭარბი სტრესია. 2020 წელს წიგნი ქართულად თარგმნა კლინიკურმა ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა, რომელიც “დედამიცის”-ს ესაუბრება, როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს ჭარბი სტრესის დროს.
რა არის “სელფ-რეგი”?
“სელფ-რეგი” თვითრეგულაციის გაძლიერების პროცესია სტრესის გააზრებისა და მასთან გამკლავების გზით. დოქტორ სტუარტ შენკერს სჯერა, რომ არ არსებობს ცუდი ბავშვი. ყველაზე გამაღიზიანებელი, რთული ბავშვის ქცევასაც აქვს ახსნა. და როგორც წესი, ხშირად ეს ჭარბი სტრესია. “სელფ-რეგი” რევოლუციური მეთოდია, რომელიც ბავშვებისა და მშობლების ყველაზე რთული, შემაშფოთებელი ქცევების გააზრებასა და გაგებაში გვეხმარება და ამისთვის მეცნიერებას იყენებს.
“სელფ-რეგის” მიხედვით, თუ ბავშვის ქცევა არასასურველი და გამაღიზიანებელია მშობლისთვის, ის ხშირად ჭარბი სტრესის ქვეშ იმყოფება. როგორი მხარდაჭერა ესაჭიროება ბავშვს ჭარბი სტრესის დროს?
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც წიგნში არის განხილული, არის ის, რომ ჩვენ – მშობლებმა უნდა დავიწყოთ ბავშვის სხეულის ამოკითხვა. ჩვენი მთავარი დავალება საწყის ეტაპზე არის განვასხვაოთ ჩვენი შვილის ქცევა არის – ცუდი საქციელი, მისი არჩევანი, რომ ასე მოქცეულიყო, თუ ეს არის – სტრესული ქცევა, როდესაც თავის ტვინი/სხეული ცდილობს დაიბრუნოს ბალანსი ჭარბი სტრესის გამო. ამ დროს ბავშვი ბოლომდე არ არის პასუხისმგებელი საკუთარ ქცევაზე, ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რადგან ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რატომ აკეთებს ამას. ასეთ დროს ქცევის ახლებურად დანახვა უმნიშვნელოვანესია.
როგორ ვიქცევით მშობლები ასეთ დროს, მხარდაჭერის რა ფორმებს ვიყენებთ?
თუ ბავშვის ქცევა არის სტრესული ქცევა, ჩვენ ჯერ არ ვიწყებთ ბავშვთან საუბარს, იმ სიტუაციის განხილვას, რაც მოხდა, რა პრობლემა იყო, რა შეიძლებოდა შეგვეცვალა, როგორ მოვიქცეთ შემდეგში, რატომ არის საწყენი ასეთი საქციელი და ა.შ. რადგან ასეთ დროს სრულიად სხვა ავტომატური რეაქციები მიმდინარეობს მასში, ჩვენი მიზანი არის ბავშვის არარაციონალური ნაწილი დავამშვიდოთ, ანუ გამოვურთოთ განგაშის ზარი. დამშვიდება შეიძლება იყოს ბევრნაირი, თუმცა, ასეთ სიტუაციაში არის ასეთი რჩევა, რომ გავიხსენოთ, როგორი იყო ის ჩვილობაში, როგორ ვზრუნავდით მასზე, როდესაც სულ პატარა იყო და ამგვარად მივუდგეთ მის დამშვიდებას; შეიძლება ჩავეხუტოთ, ვუყუროთ თვალებში, დავტოვოთ მარტო თუ ეს მას დაამშვიდებს, ან ჩავურთოთ მუსიკა და ვცადოთ მასთან სხვადასხვა აქტივობები. თუმცა, ეს მაინც ინდივიდუალურია და შეიძლება ვიღაცისთვის ეს მოქმედებები დამატებითი შფოთვის და გაღიზიანების მიზეზი გახდეს. ასეთ დროს მთელი ჩვენი ფოკუსი არის ჩვენი შვილის ენერგიაზე და დაძაბულობაზე მიმართული და ვაკვირდებით სხეულში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ – მშობლებმა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავიაზროთ, რა ამშვიდებს ჩვენს შვილებს, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ ემოციების რეგულირებაში. მშობლის სიმშვიდე შობს შვილების სიმშვიდეს სტრესულ სიტუაციაში და თუ მშობლები მშვიდად არიან სხეულებრივად, შვილის აგზნების დონეც ნელ-ნელა დაბლა იწევს. ან პირიქით, თუ ჩვენი შვილები არიან გახარებული და ამაყები, მშობლებიც ავტომატურად ვიღებთ ამ ემოციებს. ჩვენ თანაზიარი ვართ ერთმანეთის ემოციების და ეს არის ორმხრივი კავშირი, რომელსაც დიდი ძალა აქვს.
ცუდ ქცევას ხშირად მიეწერება ნეგატიური შინაარსის იარლიყები მშობლების მხრიდან “ცუდი ბავშვი”, “უზრდელი ბავშვი” და ა.შ. დოქტორი შრენკერი კი ამბობს, რომ არ არსებობს “ცუდი ბავშვი”. ასეთი ნეგატიური უკუკავშირი რა გავლენას ახდენს ბავშვზე?
ბავშვის ქცევა არის კომუნიკაცია, სიგნალი, რომ ამ ქცევის მიღმა რაღაც ხდება და თუ ჩვენ – მშობლები, არასწორად წავიკითხავთ მის ქცევას და სტრესული ქცევის ნაცვლად ცუდ საქციელს აღვიქვამთ, შეიძლება გვქონდეს ნეგატიური რეაქცია; ვიწყებთ სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარებას, ლექციის წაკითხვას, მარტო ვტოვებთ ოთახში, ან იმდენად ვღიზიანდებით, რომ სიბრაზისგან ხმას ვერ ვიღებთ. ასეთი შემთხვევის დროს მშობლის რეაქციები რეაქტიულია და ამიტომ, საჭიროა, დაფიქრდეს მშობელი, საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა — რატომ გააკეთა ბავშვმა ესა თუ ის. თუ ბავშვის სტრესულ ქცევას მშობელი მიაწერს უზრდელობას, უპატივცემულობას, სიზარმაცეს, მანიპულაციას და ა.შ. ბავშვი ასეთ იარლიყებს ნელ-ნელა გაიშინაგნებს, ის გრძნობს სირცხვილს და ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, ბავშვის მომავალი ცხოვრების ნეგატიური ტრაექტორიით განვითარების. როდესაც ამგვარად ვცდილობთ“გავამარტივოთ” ბავშვის პრობლემები, ასეთი მიდგომა არაფრით ეხმარება მას და აუბრალოებს ჩვენს კომპლექსურ ცხოვრებას. ამ პრობლემის საფუძველი არ არის მხოლოდ ერთი მიზეზი, ბევრი რაღაც მოქმედებს ერთმანეთზე და დინამიკურია ეს პროცესი. თუ ჩვენ გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, იარონ იმ გზით, რომელსაც მოაქვს სიხარული, სიმშვიდე, თანაგრძნობა, სხვაზე ზრუნვა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ მათი თავის ტვინი ჩვენი ნეგატიური რეაქციებით არ გაიჭედოს შიშში. როდესაც გადარჩენის რეჟიმშია თავის ტვინი, თითქმის შეუძლებელია სხეულში სიხარულის, სიმშვიდის განცდა, შემოქმედებითობა თუ კოლაბორაცია.
მშობლების, ოჯახის, გარემოს ფსიქოლოგიური კეთილდღეობა როგორ მოქმედებს ბავშვზე ჭარბი სტრესის დროს?
ჩვენ და ჩვენი შვილები ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ უხილავი უსადენო კაბელით ჩვილობიდანვე; როგორც კი ბავშვი დაიბადება, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვეხმარებით მას, რომ გაუმკლავდეს სტრესს და არ გადავიდეს ჭარბი სტრესის მდგომარეობაში; ჩვენ ვართ მისი ნერვული სისტემის თანამარეგულირებლები, რომლის რეგულაციის უნარი ჩვილობაში ბავშვს არ აქვს; ჩვენ ვარეგულირებთ მის სხეულს, მის სტრესზე რეაქტიულობას; შესაბამისად, ეს ხელს უწყობს თავის ტვინის იმ მნიშვნელოვანი სისტემების განვითარებას, რომელიც პასუხისმგებელია კოგნიტურ, სოციალურ თუ ემოციურ ფუნქციებზე. სწორედ ამის საძირკველს ვქმნით ამ ურთიერთობით. ეს იმდენად ძლიერი ინსტრუმენტია, რომ თუ მშობლები არიან თავად ჭარბი სტრესის ქვეშ, მათ გაუძნელდებათ ბავშვის ქცევის, ემოციის ამოკითხვა და ვერ დაინახავენ კარგად მის საჭიროებებს, რადგან თავად მათი სისტემები არ მუშაობს სათანადოდ ჭარბი სტრესის დროს; შესაბამისად, მშობელი ვერ აძლევს შვილს ისეთ მხარდაჭერას, როგორიც მას სჭირდება. ასე არ უნდა ვიფიქროთ, რომ მშობლის გამოა ბავშვი ცუდად. მშობლები არ არიან ბავშვის სირთულეების მიზეზი, უბრალოდ მშობელი ჭარბი სტრესის ქვეშ ყოფნის გამო შეიძლება სათანადოდ ვერ ეხმარებოდეს შვილს იმ გამოწვევებში, რაც ბავშვს აქვს; ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა იზრუნონ თავიანთ თავზე და თავიანთი ქცევები, რომელიც თავად აშინებთ ან აღიზიანებთ, აღიქვან როგორც სიგნალი, რომ მათაც სჭირდებათ შველა, რომ ისინიც გამოფიტულები არიან და თანამგრძნობი თვალებით შეხედონ საკუთარ თავს.