სიცივეების მოახლოებასთან ერთად, იზრდება სეზონური გრიპის და ვირუსებით დაინფიცირების რისკები. პანდემიის პირობებში კი სეზონური გრიპის საფრთხე კიდევ უფრო მეტად მწვავდება. მედიკოსები გვარწმუნებენ, რომ სეზონური გრიპისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია და გვირჩევენ დროულად ჩავიტაროთ ის. ექიმი-პედიატრი ანა მაღრაძე გვესაუბრება გრიპის ვირუსის სეზონურ ვაქცინაციაზე, ვის უნდა ჩაუტარდეს პირველ რიგში ვაქცინაცია და რამდენ ხანს გრძელდება სეზონური გრიპისგან დატოვებული მყარი იმუნიტეტი.
რა არის სეზონური გრიპი და რა სიმპტომები ახასიათებს?
სეზონური გრიპი – გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს სეზონურ აფეთქებებს ზომიერი კლიმატის რეგიონებში. ცნობილია გრიპის ვირუსის სამი ტიპი: A, B, C. ამჟამად, მსოფლიოში სეზონურ გრიპს იწვევს A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპის და B ტიპის ვირუსები. გრიპის C ტიპის ვირუსი ხასიათდება მსუბუქი სიმპტომატიკით და ლოკალური ეპიდაფეთქებებით, სწორედ ამიტომ C ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ წარმოადგენს აუცილებლობას…
გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, ყელის სიმშრალე, ტკივილი, მშრალი ხველა, ზოგადი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა 38 C- ზე მეტად არ იწევს. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას 39 C -მდე მატულობს. მძიმე მიმდინარეობისას 39-40 C-ზე მეტია. გაურთულებელ შემთხვევაში გამოჯანმრთელება დგება მე7-10 დღეს…
საკმაოდ საყურადღებო და საშიშია გართულებული გრიპი – რიგ შემთხვევებში მან შესაძლოა გაამწვავოს არსებული ქრონიკული დაავადებები, გართულდეს პირველადი ვირუსული ან მეორადი ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა ინფექციებით. ჩვილ ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეს ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.
როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი?
სეზონური გრიპის გავრცელების გზა, ისევე როგორც სხვა რესპირატორული ვირუსების , არის – ჰაერ- წვეთოვანი გზა. ინკუბაციური პერიოდი, ჩვეულებრივ, შეადგენს 2-3 დღეს, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე.
როდის იწყება საქართველოში სეზონური გრიპის მატება და როდის აღწევს პიკს?
საქართველოში გრიპის სეზონური მატება იწყება ოქტომბერსა და ნოემბერში, პიკს აღწევს იანვრის მეორე ნახევარში და თებერვლის დასაწყისში.
რამდენად მნიშვნელოვანია დღეს პანდემიის პირობებში სეზონური ვაქცინაცია?
შესაძლებელია და უკვე აუცილებელია გრიპისაგან თავდაცვა განსაკუთრებით დღეს – Sars-cov-2 ინფექციის თანაარსებობის პირობებში. საუკეთესო საშუალებაა სეზონური ვაქცინაცია (ინფლუვაკი/ ვაქსიგრიპი)- გრიპისაგან თავის დასაცავად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციისათვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.
რა ტიპის გრიპის ვირუსებისგან იცავს ვაქცინაცია ადამიანს?
გრიპის ვაქცინა ადამიანს იცავს მხოლოდ გრიპის ვირუსის იმ სამი/ოთხი აგრესიული ტიპისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 (2) ტიპის ინფლუენზა B ვირუსი), რომლებიც ყველაზე ხშირად რთულდება ბრონქიტით, პნევმონიით, ოტიტით, სინუსიტით და სხვ. შესაბამისად, ვაქცინები არის 3 (Influvac) ან 4 (Vaxigrip) კომპონენტიანი.
ვის უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია პირველ რიგში?
ვაქცინაცია აუცილებელია ჩაუტარდეთ შემდეგ პირებს:
- ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები >6 თვიდან!
- სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პედაგოგები.
- ორსულები და ხანდაზმულები >70 წელს ზემოთ;
- ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
- პირები სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებებით (ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, კუნთოვანი დისტროფია და ა.შ.);
- იმუნოკომპეტენტური პირები (აივ ინფექცია, შიდსი,ანემია, სიმსივნე, კიბო ..
რამდენი თვე გრძელდება ვაქცინაციისგან დატოვებული მყარი იმუნიტეტი?
ვაქცინისაგან დატოვებული მყარი იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 6-10 თვემდე