პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქიატრი და ნევროლოგი მედა ზირაქაშვილი.
რა გავლენას ახდენს შფოთვითი აშლილობა ბავშვის ცხოვრებაზე და რა ფიზიკური და ემოციური სიმპტომებით ხასიათდება?
10 დან 1-ს ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში უვლინდება შფოთვითი აშლილობის სიმპტომები. შფოთვითი აშლილობები ხასიათდება შიშით, განგაშის შეგრძნებით, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ბავშვების და მოზარდების ნორმალური ფუნქციონირების დონეს. შფოთვამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური სიმპტომები.
სასკოლო ასაკში – შფოთვითი სიმპტომების მქონე ბავშვები ჩაკეტილობით, მორცხვობით გამოირჩევიან.
- მათ უჭირთ ურთიერთობების გაბმა თანაკლასელებთან,
- აქვთ ძილის დარღვევები, კოშმარული სიზმრები, ხშირი გამოღვიძებები,
- უმიზეზო თავის ან მუცლის ტკივილები,
- სვამენ განმეორებად შეკითხვებს და აუცილებლად მოითხოვენ პასუხებს უფროსების მხრიდან, რაც ეხმარებათ თავდაჯერებულობის გამომუშავებაში.
- შესაძლოა ჰქონდეთ პანიკური შეტევები, სუნთქვის უკმარისობით, სიკვდილის შიშით…
მშფოთვარე ბავშვი ხშირად ქცევის დარღვევით ცდილობს ყურადღების მიქცევას. ამ შემთხვევაში პირველადი პრობლემა შფოთვაა და მხოლოდ მეორადი, ე. წ. შემფუთავია, ქცევის დარღვევის სიმპტომები. მშობლებს და პედაგოგებს მნიშვნელოვანი მოთმინება მართებთ. ხშირად ბავშვის ცუდი ქცევის საპირწონეა შემხვედრი აგრესია მშობლის/პედაგოგის, თანატოლის მხრიდან, როდესაც მათი ემოციების ამოცნობის მცდელობას, მათ გაგებით მოპყრობას და სიმშვიდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შფოთვის შემცირებაში. ბავშვის სიმპტომების იგნორირებას გარშემომყოფების მხრიდან ხშირად მოჰყვება ხოლმე ქცევის გაუარესება, გამწვავება, ამიტომ შფოთვის სიმპტომების ამოცნობას და ქცევის დარღვევის მთავარი მიზეზების დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
მოზარდობის პერიოდი ყველაზე რთული პერიოდია, ემოციური ლაბილობის /არასტაბილურობის კუთხით. სწრაფი ფიზიკური განვითარება, ემოციური ცვლილებები, უზარმაზარი გამოწვევაა, როგორც თინეიჯერის, ასევე გარშემომყოფთათვის.
ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის შფოთვის გამოვლინების სიმპტომებს შემდეგი სახე აქვს:
- უმადობა ან პირიქით გადაჭარბებული მადა;
- გადაჭარბებული ძილიანობა;
- გარეგნობასთან დაკავშირებული ჩივილები, საკუთარი თავის მიუღებლობა.
თუ შევაჯამებთ სიმპტომების კლინიკურ გამოვლინებას და გარკვეულ კატეგორიებად დავყოფთ, ისინი ასე გამოიყურება:
ფიზიკური სიმპტომები:
- გახშირებული გულისცემა;
- გახშირებული სუნთქვა;
- კუნთების ტკივილი, ასევე თავის და მუცლის ტკივილი;
- კანკალი, თავბრუსხვევა;
- ოფლიანობა;
- განლევადობა, სისუსტე;
- ჩაშარდვები ღამის მანძილზე.
შფოთვითი გამოვლინების ემოციური სიმპტომატიკა როგორ გამოიხატება ამ ასაკში?
- გადაჭარბებული შფოთვა მეგობრებზე, სკოლაზე, აქტივობებზე;
- შფოთვა მოვლენებზე წინასწარ;
- პერფექციონიზმი აქტოვობების შესრულებისას;
- გადაჭარბებული შფოთვა სხვების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე;
- სკოლაში სიარულზე უარის თქმა;
- ინფანტილური მიჯაჭვულობა მშობლებზე;
- კონცენტრაციის სირთულეები;
- გაღიზიანებადობა;
- ძილის დარღვევები, ცუდი სიზმრებით;
- ვერ ახერხებს მოდუნებას და რელაქსაციას.
თუმცა ასაკის გათვალისწინებით, რაც არ უნდა მძაფრად იყოს გამოხატული კლინიკური ნიშნები, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მათ მოჰყვება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოზრდილობაში.
შფოთვა ხშირად გადამდებია, აუცილებელია მშობლის ინფორმირება, რომ აკონტროლოს თავი, ემოციები, საკუთარი შფოთვები, ბავშვებთან შედეგიც არ დააყოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვა ათმაგად უვლინდებათ მშფოთვარე მშობლების შვილებს.
სასკოლო ასაკში მნიშვნელოვანია: კარგად განმარტებული, მკაცრი შეზღუდვებისგან შემსუბუქებული, თუმცა პრინციპული სტრუქტურის დაწესება. მოემზადეთ, რომ ჭეშმარიტი მსმენელის ფუნქცია მოირგოთ, მოზარდის ნდობის მოპოვება რთულია, თუმცა კიდევ უფრო რთულია მისი შენარჩუნება.
ზოგადად შფოთვა განვითარების ნორმალური ასპექტია,
- პატარების უმეტესობას ეშინია დედასთან განშორებისას, განსაკუთრებით უცხო გარემოში.
- სიბნელის, მონსტრების, მწერების და ობობების შიში ხშირია 3-დან 4 წლამდე ბავშვებში.
- მორცხვი ბავშვები შეიძლება თავიდანვე რეაგირებდნენ ახალ სიტუაციებზე შიშით ან თავის არიდებით.
- სხეულის დაზიანების და სიკვდილის შიში შედარებით ხშირია უფროს ბავშვებში.
- მოზარდები ხშირად შფოთავენ, როცა თანაკლასელების ან მათთვის ავტორიტეტული ადამიანების წინაშე სიტყვით გამოდიან, თემას ახსენებენ.
ასეთი სირთულეები არ უნდა განიხილებოდეს აშლილობის ნიშნებად. თუმცა, თუ შფოთვის მანიფესტაციები იმდენად მწვავე და ზღვარგადასულია, რომ მნიშვნელოვნად არღვევს ბავშვის ფუნქციონირებას ან იწვევს ძლიერ დისტრესს და/ან თავის არიდებას, უნდა განიხილებოდეს შფოთვით აშლილობად.
შფოთვითი აშლილობა ვლინდება 6 წლის ბავშვების დაახლოებით 3%-ში, ხოლო თინეიჯერი ბიჭების დაახლოებით 5%-და თინეიჯერი გოგონების 10%-ში. შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებს აქვთ დეპრესიის, სუიციდური ქცევის, ნივთიერებების ბოროტად მოხმარების და აკადემიური სირთულეების გაზრდილი რისკი მოგვიანებით ასაკში. შფოთვითი აშლილობები, რომლებიც ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში, მოიცავს:
- განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა
- სპეციფიკური ფობიები
- სოციალური შფოთვითი აშლილობა
- აგორაფობია
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
- პანიკური აშლილობა
ინფორმაციას თითოეულ მათგანზე ეტაპობრივად მოგაწოდებთ, რა არ უნდა გამორჩეს მშობელს და რა ტიპის ღონისძიებები უნდა დაიგოგმოს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამართავად.