დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა ბავშვებსა და მოზარდებში. ის შედეგია იმისა, რომ ორგანიზმი სათანადოდ ვერ ამუშავებს შაქარს ან გლუკოზას.
შაქრის უმეტესობა ადამიანების ორგანიზმში ხვდება იმ საჭმლიდან, რომელსაც ისინი მიირთმევენ. საკვების გადამუშავების შემდეგ, შაქარი უერთდება სისხლს, ხოლო მის სხეულის უჯრედებამდე გადატანაზე პასუხისმგებელია ჰორმონი ინსულინი. დიაბეტის მქონე ადამიანების ორგანიზმი კი ნაკლებად ან საერთოდ ვერ გამოიმუშავებს ინსულინს.
არსებობს 2 ტიპის დიაბეტი.
ბავშვებში უფრო გავრცელებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, რომელიც აუტოიმუნური მდგომარეობაა და ამ დროს ორგანიზმი ვერ აწარმოებს ინსულინს. მისი ზუსტი მიზეზი უცნობია. ჯერჯერობით ის არ იკურნება, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია. სისხლში შაქრის დონის კონტროლისა და ინსულინის მიწოდების განვითარებამ გააუმჯობესა შაქრის მართვა და ცხოვრების ხარისხი პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის. დიაბეტის ამ ტიპს არ იწვევს ჭარბი წონა, ზედმეტი შაქრის ჭამა ან არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ასევე გავლენას ახდენს გზაზე, რომლითაც ორგანიზმი შაქარს ამუშავებს, თუმცა ტიპი 1-სგან განსხვავებით, მისი ალბათობა იზრდება სიმსუქნის შემთხვევაში. ის უფრო გავრცელებულია მოზრდილებში, თუმცა ბოლო დროს ბევრ ბავშვს ემართება სიმსუქნის ეპიდემიის გამო. ამასთან, ბავშვების უმეტესობაში არ ვლინდება გარდატეხის ასაკამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ტიპი 2-ის ზუსტი მიზეზი უცნობია, ოჯახის ისტორია და გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უმოძრაობა და ზედმეტი ცხიმი, განსაკუთრებით ცხიმი მუცლის არეში, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ხშირად, დიეტა და ფიზიკური აქტივობა საკმარისია ბავშვებში შაქრიანი დიაბეტი ტიპის 2-ის სამართავად. ამასთან, ზოგიერთი ბავშვისთვის შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტები და ინსულინით მკურნალობა.
შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები ბავშვებში
გაძლიერებული წყურვილის განცდა და გახშირებული შარდვა ხშირად პირველი ნიშნებია იმისა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ჭარბ შაქარს ბავშვის სისხლში ქსოვილებიდან გამოაქვს სითხე, შედეგად ბავშვს უფრო ხშირად სწყურდება.
ბავშვებში სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, წონის დაკლება და შიმშილის გრძნობის მომატება. უჯრედებში შაქრის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ზედმეტად გადაღლა. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს აქვს დაღლილობის ნიშნები, მაგრამ მისი აქტიურობა არ გაზრდილა, განიხილეთ ექიმთან ეს საკითხი. ასევე, ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება დაიკლოს წონაში, რადგან მათ აღარ შეუძლიათ ინსულინის გარეშე შეირგონ ის საჭმელი, რასაც მიირთმევენ.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სიმპტომები სწრაფად ვითარდება ახალგაზრდებში; ტიპი 2-ის სიმპტომები თანდათან ვითარდება და შეიძლება თავიდან ვერ შეამჩნიოთ. ტიპი 2-ის მქონე ბავშვებისთვის სხვა სიმპტომებში შეიძლება შევიდეს ბუნდოვანი მხედველობა და კანის გამუქებული ადგილები, განსაკუთრებით კისრის არეში ან იღლიებში.
შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ბავშვებში, თუმცა ამ მდგომარეობის მართვა შეიძლება და პაციენტებს შეუძლიათ გააგრძელონ აქტიურობა და ჰქონდეთ ცხოვრების კარგი ხარისხი.
წყარო: www.mayoclinic.org
გაეცანით ჩვენს სტატიას ბავშვებში დიაბეტის შესახებ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასთან