Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის) მსგავსი ქსოვილი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ, მაგალითად მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში და იშვიათად სხვა ადგილებში.

ენდომეტრიოზი არ არის საშიში, მაგრამ ის მტკივნეულია და მან შეიძლება გავლენა მოახდინოს  ქალის დაორსულების უნარზე.

ენდომეტრიოზის რისკ-ფაქტორები

ენდომეტრიოზი შეიძლება გამოუვლინდეს გოგონას ან ქალს, რომელსაც აქვს მენსტრუალური ციკლი. მაგრამ ის ყველაზე ხშირად თავს იჩენს 30-40 წლის ასაკში.

თქვენ შესაძლოა ენდომეტრიოზის უფრო მაღალი რისკის წინაშე იყოთ, თუ:

  • არასდროს გყოლიათ შვილები.
  • მენსტრუალური სისხლდენა გიგრძელდებათ  7 დღეზე მეტხანს.
  • თქვენი მენსტრუალური ციკლი 27 დღეზე ნაკლებია.
  • თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ ნაკადს მენსტრუაციის დროს.
  • თქვენ გაქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა (ოჯახში სხვა ქალებსაც ჰქონიათ ენდომეტრიოზი).

ენდომეტრიოზის სიმპტომები:

  • მტკივნეული მენსტრუაცია;
  • ქრონიკული ტკივილი წელის და მენჯის არეში;
  • ტკივილი სექსის დროს ან შემდეგ;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები (ფაღარათი, შეკრულობა, შებერილობა, გულისრევა, განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს);
  • ტკივილი კუჭის მოქმედების დროს;
  • სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციათა შორის;
  • დაორსულების გაძნელება ან უნაყოფობა.

როგორ მოქმედებს ენდომეტრიოზი ნაყოფიერებაზე?

ექსპერტები ჯერ კიდევ ცდილობენ გააცნობიერონ კავშირი ენდომეტრიოზსა და ნაყოფიერებას შორის. არსებობს მოსაზრება, რომ ენდომეტრიოზის კერებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემაზე, რაც ანთებას იწვევს და ხელს უშლის სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში შეღწევას ან ემბრიონის განვითარებას.

ამ მდგომარეობამ შეიძლება გაართულოს ემბრიონის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებაც. ენდომეტრიოზის გამო შეცვლილი ქალის იმუნური სისტემა ზოგჯერ თავს ესხმის ჩანასახს, მისი დაცვის ნაცვლად.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ყველა შემთხვევაში გაართულებს თუ არა ენდომეტრიოზი დაორსულებას. მაგრამ როგორც ჩანს, რაც უფრო მეტი ენდომეტრიული კერა აქვს ქალს, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ მას ექნება განაყოფიერების პრობლემები.

ენდომეტრიოზის მქონე ზოგიერთ ქალს დაორსულების პრობლემა არ აქვს, ზოგს კი დახმარება და მეტი დრო სჭირდება. ძნელია იმის ცოდნა, თუ რომელ ჯგუფში მოხვდებით, ამიტომ თუ 35 წლამდე ასაკის ხართ და  1 წლის განმავლობაში დაორსულების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება, მიმართეთ ექიმს. ხოლო, თუ 35 წელს გადაცილებული ხართ –  6 თვის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ენდომეტრიოზის მქონე ნებისმიერი ასაკის ქალმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ ის 6 თვის განმავლობაში არ დაორსულდა.

ენდომეტრიოზისგან საბოლოოდ  განკურნება ამჟამად ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი, თუმცა, შესაძლებელია ტკივილის მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ასევე, ფერტილობის  აღდგენა, თუ ქალი შვილის ყოლას გეგმავს.

ენდომეტრიოზის მქონე ბევრ ქალს შეუძლია დაორსულება და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა ორსულობის სრულ ვადაზე. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიმართოთ ექიმს და მიიღოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

წყარო: www.whattoexpect.com

გაეცანით ჩვენს სტატიებს ენდომეტრიოზზე:

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5