ყველა ბავშვს შეიძლება დროდადრო დაეუფლოს შიშისა და შფოთვის შეგრძნება, არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი საწოლქვეშა მონსტრი იქნება თუ პარასკევს ჩასაბარებელი ტესტი. მაგრამ ზოგჯერ ბავშვების შფოთვა სცდება ყოველდღიურ ღელვას და ხელს უშლის მათ ცხოვრებით ტკბობაში.
როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, თქვენს ბავშვს შფოთვითი აშლილობა აქვს თუ უბრალოდ ღელავს ან ეშინია? დაუსვით თქვენს თავს ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები:
- თქვენი შვილი კვირების განმავლობაში უმეტესად განიცდის შფოთვას?
- უჭირს ღამით ძილი? გამოუძინებელი და დაღლილია დღისით?
- აქვს კონცენტრაციის პრობლემები?
- უჩვეულოდ გაღიზიანებულია ან სწრაფად ღიზიანდება?
არსებობს შფოთვითი აშლილობის რამდენიმე განსხვავებული ტიპი, რომელიც გავრცელებულია ბავშვებში.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
ერთ მულტფილმში ჩარლი ბრაუნს ეკითხებიან, აქვს თუ არა მას „პანტოფობია“? შემდეგ კი განმარტავენ, რომ ეს არის „ყველაფრის შიში“. ჩარლი კი შეჰყვირებს: „ის არის!“
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ჩარლი ბრაუნის პანტოფობიას ჰგავს. ბავშვები, რომლებიც განიცდიან შფოთვის ამ სახეობას, ზედმეტად ღელავენ ბევრ რამეზე ერთდროულად, მაგალითად სკოლაზე, ახლობლების და საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. სია იზრდება და იზრდება. ისინი წარმოიდგენენ ყველაზე ცუდ სცენარებს, რაც შეიძლება მოხდეს.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ ფიზიკური სიმპტომებიც, მაგალითად თავისა და მუცლის ტკივილი. ისინი შეიძლება გაერიდონ სკოლასა და მეგობრებს, რადგან ძალიან გადაღლილად გრძნობენ თავს შფოთვის გამო.
პანიკური აშლილობა
პანიკის შეტევა არის შფოთვის უეცარი, ინტენსიური ეპიზოდი, რომელსაც არ აქვს აშკარა მიზეზი. ბავშვი შეიძლება გრძნობდეს გულისცემის აჩქარებას, ქოშინს, კანკალს, თავბრუსხვევას ან დაბუჟების შეგრძნებას. ამ დროს შესთავაზეთ ისუნთქოს ღრმად, შესაძლებელია დაეხმაროს ქაღალდის პარკში სუნთქვაც.
თუ თქვენს შვილს ჰქონდა 2 ან მეტი მსგავსი ეპიზოდი და ხშირად შფოთავს, შეიძლება ეჭვი მივიტანოთ პანიკურ აშლილობაზე.
განშორების შფოთვითი აშლილობა
ყველა ბავშვს აქვს გარკვეული დონის განშორების შფოთვა. ჩვილებსა და ახლად ფეხადგმულ ბავშვებში ეს განვითარების ნორმალური ეტაპია. უფრო მოზრდილ ბავშვებშიც კი ნორმად ითვლება, თუ ზოგჯერ მეტად მიეჯაჭვებიან აღმზრდელს, განსაკუთრებით ახალ გარემოში.
თუმცა თუ უფროსი ასაკის ბავშვები ძალიან ღელავენ მშობელთან ან ახლობელთან განშორების შემდეგ, უჭირთ დამშვიდობების შემდეგ დამშვიდება, სევდიანები არიან და შფოთავენ, როცა სახლიდან შორს არიან, შესაძლებელია მათ ჰქონდეთ განშორების შფოთვითი აშლილობა.
სოციალური ფობია
სოციალური ფობიის მქონე ბავშვი განიცდის მძიმე შფოთვას და უხერხულობას ნორმალურ, ყოველდღიურ, სოციალურ სიტუაციებში. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმორცხვე.
სოციალური ფობიის მქონე ბავშვს ეშინია, რომ თავს შეირცხვენს თანაკლასელებთან საუბრისას, კლასში კითხვებზე პასუხის გაცემისას ან სხვა ისეთი აქტივობების შესრულებისას, რომლებიც გულისხმობს სხვებთან ურთიერთობას.
ამ შიშმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს შვილს სკოლაში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებაში. ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება ზოგ სიტუაციაში საერთოდ ვერ შეძლოს ლაპარაკი.
რა შეიძლება გავაკეთოთ მათ დასახმარებლად?
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებს დღეს ბევრად მეტი ესმით ბავშვობის შფოთვითი აშლილობების შესახებ, ვიდრე წარსულში. არ აქვს მნიშვნელობა შფოთვის რომელი სახეობა აქვს თქვენს ბავშვს, თქვენ უნდა იპოვოთ პროფესიონალი თერაპევტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ სიტუაციასთან გამკლავებაში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს სახლში, მხარდაჭერითა და გაგებით.
თუ თქვენი შვილი ღელავს და შფოთავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, როცა მას ესაუბრებით.
ნუ დასჯით თქვენს შვილს ისეთი რაღაცებისთვის, როგორიცაა სასკოლო დავალებაში დაშვებული შეცდომები ან პროგრესის ნაკლებობა.
ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რასაც ის კარგად აკეთებს: შეაქეთ თუნდაც მცირე მიღწევები და აუცილებლად დააკონკრეტეთ, რა გააკეთა კარგად.
პატივი ეცით თქვენი შვილის პირად ცხოვრებას და მის მასწავლებლებსა და მწვრთნელებს გაუზიარეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ გააცნობიერონ რა ხდება.
უპირველეს ყოვლისა, იყავით ხელმისაწვდომი, როდესაც ბავშვს სურს ისაუბროს თქვენთან მის შფოთვაზე. შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვები ხშირად ცდილობენ თავიანთი შიშების დამალვას, რადგან ფიქრობენ, რომ ვერ გაუგებთ. ასე რომ, აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ ყოველთვის მოუსმენთ, როცა ის იქნება მზად თქვენთან სასაუბროდ.
წყარო: www.webmd.com