პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი კესო ჭურღულია.
გვესაუბრეთ 2-3 წლის ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოხატულ შიშებზე. რისი ეშინიათ ამ ასაკში ყველაზე მეტად ბავშვებს?
ვინაიდან შიში და შფოთვა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, პირველ რიგში, უმჯობესია, ვიცოდეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის. შიშიც და შფოთვაც – ორივე გულისხმობს იდეას მოსალოდნელი საფრთხის ან ზიანის შესახებ; ორივე მათგანი ააქტიურებს ორგანიზმის განრიდების ან შებრძოლების რეაქციას. შესაძლოა, გამოხატული იყოს აჩქარებული გულისცემა, ოფლის გამოყოფა, კანკალი, კუნთური დაძაბულობა ან სუნთქვის უკმარისობა. რაც შეეხება განსხვავებას, კლასიკურ განმარტებას თუ მოვიშველიებთ, შიში განიხილება როგორც სპეციფიკურ, განსაზღვრულ, დაკვირვებად საფრთხეზე რეაქცია, როდესაც შფოთვა გულისხმობს გაფანტულ, არაფოკუსირებულ, უობიექტო, მომავალზე ორიენტირებულ შიშს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, შიში არის მოახლოებულ, გარდაუვალ, ხოლო შფოთვა – წარმოსახულ საფრთხეზე პასუხი.
რაც შეეხება ასაკობრივ შიშებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ყველაზე ხშირად გამოხატული შიშები მათი გამოვლენის ასაკის მიხედვით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის უტყუარი მოცემულობა და რომელიმე შიში, შესაძლოა, გამოვლინდეს შედარებით ადრე ან გვიან. 2-3 წლის ასაკში ბავშვებს ხშირად ეშინიათ ხმამაღალი და აქამდე უცნობი ხმების, მშობლებთან/მზრუნველებთან განშორების, ადამიანების სხვადასხვა კოსტიუმებსა და ნიღბებში (სანტა-კლაუსი, ჯამბაზი და ა.შ.) ან ისეთი რაღაცების, რაც უჩვეულოდ გამოიყურება, ცხოველების, სიბნელის, ნებისმიერი მყისიერი ცვლილების მათ ცხოვრებაში და ისეთი რაღაცების, რაც მათ კონტროლს მიღმაა. დაახლოებით, ამ ასაკში სწავლობს ბავშვი, როგორ გაუმკლავდეს ძლიერ ემოციებს, მაგალითად, ბრაზს. შესაბამისად, შიშის წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს მოჭარბებულ, ძლიერ ემოციებთან გამკლავების უუნარობა, რადგან ბავშვის რესურსები ჯერჯერობით შეზღუდულია და ემოციური გადატვირთვა, შესაძლოა, საფრთხედ იქნას აღქმული.
საიდან იღებს სათავეს ბავშვის შიშები და რა განაპირობებს?
თუ გავითვალისწინებთ, რომ შიში ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ბავშვობის ასაკში შიშის ქონა სავსებით ნორმალურია. იგი განვითარების პროცესის თანმდევი ნორმალური რეაქციაა. ეს არის იმის ნიშანი, რომ ბავშვი იწყებს სამყაროს გაგებასა და მისთვის მნიშვნელობების მინიჭებას. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ შიშისა და შფოთვის არსებობა, ზოგადად, ნორმალური და კარგიც კია, რადგან ეს ინტელექტუალური განვითარების ნიშანია – ბავშვი იწყებს მომავალში შედეგების განჭვრეტას და შეუძლია წარსული გამოცდილების გათვალისწინება (მაგალითად, ეშინია ძაღლის, რადგან ადრე დაუყეფა). როდესაც თქვენი შვილები სწავლობენ უფრო მეტს სამყაროს შესახებ, ზოგი რამ მეტად დამაბნეველი და შემაშინებელია მათთვის. ეს შიშები, ძირითადად, ასაკის მატებასთან ერთად თავისით ქრება. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ისინი მიდიან იმ აზრამდე, რომ ის რაღაცები, რაც მათ ადრე აშინებდათ, საერთოდ არ ყოფილა საშიში. გარდა ამისა, აღმოაჩენენ, რომ შესანიშნავად შეუძლიათ, თავად გაუმკლავდნენ სირთულეებს.
შიშის წარმოშობის მიზეზებიც განსხვავებულია ასაკის მიხედვით. ზოგად განმაპირობებელ ფაქტორებს თუ გამოვყოფთ, ეს შეიძლება იყოს გენეტიკური მიდრეკილება და ბავშვის ტემპერამენტი, ზემზრუნველი ან, ასე ვთქვათ, შფოთიანი მშობლები, რომელთა ქცევაზე დაკვირვებითაც დაისწავლის ბავშვი სხვადასხვა მოვლენებზე რეაგირებას. კონკრეტულ შემთხვევებში კი შიშის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვის წარსული გამოცდილება, უფროსებისგან უნებლიეთ შთაგონებული შიშები ან ბავშვური ფანტაზია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
როგორ დავეხმაროთ მათ ასეთ დროს?
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს – ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ ბავშვები სრულიად გავათავისუფლოთ შიშებისაგან, არამედ, გავხადოთ ეს შიში მართვადი. ზრდასრულის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვს შიშთან ერთად ცხოვრება, მასთან გამკლავება და მისი მართვა ასწავლოს. არ უნდა ვუთხრათ ბავშვებს, რომ უკვე დიდები არიან და არ უნდა ეშინოდეთ; რომ ბიჭებს არ ეშინიათ; რომ რისიც ეშინია, არ არსებობს. თქვენც და თქვენმა შვილმაც უნდა იცოდეთ, რომ სხვა ბავშვებიც ანალოგიურ გამოცდილებას იზიარებენ, სხვებსაც ეშინიათ და შიში სირცხვილი არ არის; უნდა იყოთ მხარდამჭერები და ბავშვს საშუალება მისცეთ, ისაუბროს იმაზე, რაც აწუხებს მისი ასაკისა და განვითარების გათვალისწინებით. უთხარით მათ ის ყველაფერი, რაც დაეხმარებათ თავიანთი შიშების კონტექსტის გაგებაში, აუხსენით მოვლენები და გამომწვევი მიზეზები მათთვის გასაგებ ენაზე. ეთამაშეთ, რადგან თამაში არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სამყაროს გაგებისა და შემეცნების გზაზე, განსაკუთრებით კი, სიმბოლურ-წარმოსახვითი თამაშები, რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს რეპეტიციას ნამდვილი ცხოვრებისთვის. თამაშის საშუალებით ისინი სწავლობენ განსხვავებულ სცენარებს, თავიანთ პასუხებს და საშიშ საგნებს/მოვლენებს/არსებებს შეხედავენ უსაფრთხო დისტანციიდან. მიაქციეთ ყურადღება, რას უყურებენ და რა შინაარსი შემოდის მათ აღქმაში, რომ თავადაც იცოდეთ რა მნიშვნელობას ანიჭებენ მულტფილმებსა და გადაცემებში ნანახს. ნუ გექნებათ გადაჭარბებული რეაქცია და ნურც თავის არიდებას ეცდებით, რადგან თუ ხშირად მიმართავთ ამ ხერხს, შესაძლოა, თავის არიდება დაცულობის შეგრძნების მისაღწევ საშუალებად იქცეს, რაც ბავშვს ართმევს შესაძლებლობას, რომ დაეუფლოს გამკლავების მოქნილ და ნაყოფიერ ხერხებს. მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ცოტაოდენი დისკომფორტი მისაღებია და რომ ეს არის სიმამაცის ნიშანი. დაბოლოს, აუცილებლად წაახალისეთ მათი ნებისმიერი მამაცი ქცევა და მცდელობა, რადგან ბავშვებს ყოველთვის უყვართ გმირის როლში ყოფნა.