Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამიცის” ესაუბრება ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია.

რა შიშებს უმკლავდება ბავშვი ბავშვობის სხვადასხვა ეტაპზე და როგორ დავეხმაროთ მშობლებმა, რომ საფრთხის მიმართ ადაპტიური ქცევა გამოიმუშაოს?

ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია შიში და შფოთვა, როგორც ნორმალური რეაქცია გარემოში არსებულ მოვლენებზე. ამ ემოციებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ადამიანისათვის: მათი მთავარი ფუნქციაა იმოქმედონ საფრთხის სიგნალივით და შესაბამისი ადაპტაციური რეაქციები გამოიწვიონ. გადარჩენისთვის აუცილებელი ემოციებია და მათი მეშვეობით ადამიანი ბავშვობიდან სწავლობს ერთმანეთისაგან განასხვაოს რეალური საფრთხე უვნებელი სიტუაციისაგან. 

ბავშვის ასაკი გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას აღიქვამს ის საფრთხედ. შიშის გამომწვევი სტიმულები და მათზე რეაგირების გზები ასაკის მატებასთან ერთად იცვლება და შესაბამისობაშია ბავშვის ფიზიკურ და შემეცნებით/კოგნიტურ განვითარებასთან. აქედან გამომდინარე ზოგიერთი შიში ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენაა, მაგალითად:

წლამდე ასაკშინორმალურია უცხო ადამიანის მიმართ შიში. ამ ასაკის ბავშვს შეუძლია ნაცნობი სახეების გარჩევა, ამიტომ შესაძლოა უცხო/ახალი სახე შემაშინებლად აღიქვას  და ტირილით ან ჭირვეულობით გამოხატოს თავისი დისკომფორტი და უსაფრთხოების განცდის აღსადგენად მშობელს მიეჯაჭვოს.

ასევე ნორმალურია შიში მოულოდნელ ძლიერ სტიმულებზე, როგორიცაა: ხმაური, მკვეთრი განათება და ა.შ.

ერთი წლიდან იწყება განშორებასთან დაკავშირებული შიში. ასეთ დროს ბავში შფოთავს მოსალოდნელი განშორებისას: ტირის, ცდილობს მშობელთან ახლოს იყოს და ხელს არ უშვებს მზრუნველ პირს. ამ ასაკისათვის ასევე დამახასიათებელია ტუალეტის შიშიც, რამაც შესაძლოა გადაავადოს ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება.
2-3 წლისთვის დამახასიათებელია განშორების შფოთვა, მკვეთრი სმენითი სტიმულების – მატარებლის, ჭექა-ქუხილის ხმის შიში, ასევე მოსალოდნელია სიბნელისა და მარტო დარჩენის შიში. 

4-დან 6 წლამდე ბავშვს კარგად აქვს განვითარებული წარმოსახვა და შეიძლება ხშირად ვერ არჩევდეს წარმოსახვით და რეალურ სამყაროს ერთმანეთისაგან, ამიტომაც  ჩნდება ფანტასტიკური არსებების შიში, როგორიცაა: მონსტრები საწოლის ქვეშ ან კარადაში და ა.შ. მოსალოდნელია გახშირდეს ღამის კოშმარები, თავი იჩინოს ბნელ ოთახში შესვლის და მარტო დაძინების შიშმა. ამ ასაკის ბავშვი ადვილად ექცევა ნანახის და მოსმენილის შთაბეჭდილების ქვეშ და უჭირს რეალური და არარსებული საფრთხის გარჩევა, ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ რა შინაარსის ანიმაციურ და მხატვრულ მასალას ეცნობა წიგნის და ეკრანის მეშვეობით. 

ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 6 წლიდან კონკრეტული და რეალური საფრთხის მიმართ შიშები აქტიურდება, როგორიცაა: „ცუდი/ბოროტი ადამიანები“, ცხოველები, ბუნებრივი მოვლენები. 

ასევე მოსალოდნელია გაჩნდეს შფოთვა იმის თაობაზე, რომ მას ან მის საყვარელ ადამიანს რაღაც ცუდი დაემართება: ავად გახდება ან გარდაიცვლება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სიკვდილთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესება და კითხვები ამ თემაზე ზრდის პროცესისთვის დამახასიათებელი და სრულიად ნორმალური ეტაპია.

ადრეულ სასკოლო ასაკში შეიძლება თავი იჩინოს მოტაცების, ხალხმრავალ ადგილებში მარტო დარჩენის, ავადმყოფობის, სიკვდილის, სამედიცინო პროცედურების შიშმა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს რა ინფორმაციას იღებს ბავშვი მედია საშუალებებით ომის, ავადმყოფობის, ბუნებრივი კატასტროფებისა და სიკვდილის შესახებ. 

დაახლოებით 10 წლიდან ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ხდება აკადემიური და სხვა სახის მიღწევები და სოციალური ურთიერთობები, ამიტომ ბუნებრივია ჩნდება მარცხის, წარუმატებლობის, კრიტიკის, სხვების თვალში სასაცილოდ გამოჩენის, დაცინვის და თანატოლებისაგან უარყოფის შიში. 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბავშვი თანატოლებთან შედარებით მეტად მგრძნობიარეა – შფოთვისადმი მიდრეკილებას ზრდის სხვადასხვა ფაქტორები, მაგალითად: თუ მშობელს აქვს მაღალი შფოთვა და ვერ უმკლავდება თავის ემოციებს, ბავშვის ქცევის მოდელი ხდება. ასევე შფოთვის ხელშემწყობი ფაქტორია გადაჭარბებული ზრუნვა –  ასეთ დროს ბავშვი ზედმეტად დამოკიდებულია უფროსზე და სხვადასხვა ახალ სიტუაციებში თავს უსუსურად და უმწეოდ გრძნობს.  

იმისათვის, რომ ბავშვი ასაკისათვის დამახასიათებელ შიშებს წარმატებით გაუმკლავდეს და საფრთხის მიმართ ადაპტიური ქცევა გამოიმუშაოს, მნიშვნელოვანია მშობელმა გაითვალისწინოს:

  • შედარებით პატარა ასაკის ბავშვებთან ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არის და დაცულია – მშობელს შეუძლია ასეთ დროს ჩაეხუტოს შვილს და უთხრას: „არა უშავს, უსაფრთხოდ ხარ, მე შენთან ვარ“.
  • ასაკის მატებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა საკუთარი გრძნობების სიტყვებით გამოხატვა ისწავლოს, ამიტომ მშობლის როლია ესაუბროს და მოუსმინოს შვილს, მათ შორის ისეთ თემებზე როგორიცაა სიკვდილი, ავადმყოფობა, მარცხი და ა.შ. ბავშვები სწავლობენ თავიანთი მშობლებისგან, ამიტომ მშობელს შეუძლია მოუყვეს და აჩვენოს თავად როგორ უმკლავდება შიშსა და შფოთვას.
  • არ არის სასურველი ბავშვი აერიდოს სიტუაციებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მისთვის შფოთვის გამომწვევია. ეს შეამსუბუქებს შფოთვას მოკლე ხნით, მაგრამ განამტკიცებს რწმენას, რომ მას არ შეუძლია კონკრეტულ სიტუაციასთან გამკლავება და თავის არიდების ქცევას ჩამოუყალიბებს. ამის საპირისპიროდ, ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ მიუხედავად სირთულისა მას შეუძლია საშიშ სიტუაციასთან გამკლავება. უმჯობესია შიშის მომგვრელ სტიმულებთან მცირე დროით წარდგენით და ნელ-ნელა მიეჩვიოს. მაგალითად: როცა ბავშვი ღელავს მშობელთან განშორებაზე, დასაწყისისთვის მცირე დროით (თუნდაც რამდენიმე წუთით) უნდა დატოვოს მშობელმა, წასვლამდე აუცილებლად ჩაეხუტოს და უთხრას, რომ მალე დაბრუნდება. ამ გზით ბავშვი ისწავლის, რომ მშობელი ყოველთვის ბრუნდება და თანდათანობით განშორების შფოთვა შემცირდება.

ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები თავად სძლევენ შიშებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სპეციალისტის ჩართულობა გახდეს საჭირო. თუ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი დროის უმეტეს ნაწილი შეშინებულია ან შფოთავს, ხშირი ტირილითა და ქცევის პრობლემებით გამოხატავს  საკუთარ ემოციებს და შიშის/შფოთვის გამო ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი ეშლება (ძილი, სკოლაში სიარული, ეზოში ჩასვლა ა.შ.), სასურველია მიმართონ სპეციალისტს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5