პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე.
ირმა, გვესაუბრეთ, როგორ ყალიბდება შიში ბავშვებში და რა გზები არსებობს ბავშვების შიშთან გასამკლავებლად?
პირობითად შიში შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური. ამ შემთხვევაში სოციალურთან ყველაფერი გასაგებია, მთელ სოციუმში დაძაბულობაა. მე მინდა შევეხო ფსიქოლოგიურ მომენტს, თუმცა ჯერ ბიოლოგიურად ავხსნი, როგორ ხდება ბავშვის ტვინის ფორმირება.
ჩვენ გვაქვს სამი ბაზისური მოთხოვნილება – თვითგადარჩენის ინსტინქტი, სოციალური ინსტინქტი, სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტი. თითოეული მათგანი კონკრეტულ ასაკში ფორმირდება. პატარა ბავშვის ყველა შიში თვითგადარჩენის ინსტინქტის ფრუსტრირებასთანაა დაკავშირებული.
3-4 წლამდე ბავშვს (სუბკორტიკალური ემოციები) არ აქვს ომის გაცნობიერების შესაძლებლობა, მაგრამ მათ აქვთ შიში მარტო დარჩენის, გარიყვის, მშობელთან კონტაქტის დაკარგვის, სითბოს, ყურადღების და ზრუნვის მოთხოვნილების დარღვევის, მშობელთან სხეულებრივი კონტაქტის დაკარგვის. ამიტომ აქ მდგომარეობა შედარებით მარტივადაა – იყავით მათთან ახლოს, ჩაეხუტეთ, გაახვიეთ თბილ პლედში, უთხარით, რომ მასთან ხართ, მიეცით თბილი სასმელი, დააჭერინეთ მარცხენა ხელში სათამაშო (მარცხენა მხარე სხეულთან კონტაქტია), მოუყევით ისტორია, სადაც იქნება ისეთი სიტყვები „დედა ახლოსაა“ , „ყველაფერი კარგად არის“, „მამა აქაა“. მიეცით იმის განცდა, რომ მისი სამყარო, რომელიც მის ოჯახს გულისხმობს, უსაფრთხოდაა, დაცულია და მასზე იზრუნებს.
4-12 წელი (ეპიკრიტიკული ქერქული ემოციები) – აქ მთავარი ინსტინქტი არის სოციალური მოთხოვნილება, სოციალური მიკუთვნებულობა, ამ ეტაპის მთავარი გამოწვევა, ბავშვის სურვილის გაორებაშია, მას უნდა რომ იყოს ჯგუფის წევრი და თან აქვს მოთხოვნილება ამ ჯგუფში უნიკალურობის შეგრძნების. შესაბამისად მიკუთვნებულობის მხრივ მას უნდა ჰქონდეს აღქმა, რომ არის ოჯახური სისტემის ნაწილი, ხოლო უნიკალურობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მხრივ ის უნდა გრძნობდეს, რომ აქვს რაღაც განსაკუთრებული ფუნქცია, როლი, დანიშნულება. მაგ. შეიმუშავეთ ოჯახში ახალი წესები, „ჩვენ ახლა ასე ვანაწილებთ როლებს“ და აუხსენით ბავშვებს ვინ რაზე არის პასუხისმგებელი, ამასთან ბავშვს მიეცით კონკრეტული ამოცანა, რომ ყოველ საათში გააკონტროლოს რაიმე პროცესის შესრულება, რაც ხაზს გაუსვამს მის განსაკუთრებულ ჩართულობას.
12-14 და მაღლა – ამ დროს არის სექსუალური ინსტინქტის ფრუსტრირება, რომელიც ვლინდება შიშით „მე ვერ მოვასწარი ცხოვრება“. ეს პერიოდი ძალიან ჰგავს ცხოვრების არსის ძიების პროცესს, ამ ეტაპზე მყოფი ბავშვები, სტრესის დროს იზრდებიან ძალიან სწრაფად, შესაბამისად აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერს მოესწრება, ყველაფერი წინაა, შეძლებს. უნდა გაუღვივოთ ნდობა ცხოვრებისადმი, რომ ის იპოვის თავის მისიას, დანიშნულებას, აქ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რას გააკეთებს მაშინ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, რისკენ მიმართავს თავის ძალებს და ა.შ.
და რაც შეეხება შიშის ფსიქოლოგიურ მიზეზებს:
მიბაძვა – იმისთვის, რომ ბავშვი ემოციურად გაწონასწორებული იყოს, მნიშვნელოვანია სტაბილური მშობელი. ამიტომ უმჯობესია, არ დაანახოთ თქვენი სასოწარკვეთა და იმედგაცრუება, შეეცადეთ სხვა სივრცეში დაიცალოთ ემოციებისგან, ისე რომ ბავშვი არ იყოს ამის მომსწრე, არც თქვენში დაიტოვოთ ეს განცდა, მაგრამ არც ბავშვის თვალწინ ღირს ისტერიკა.
ასაკობრივი – ომის შიში და სიკვდილის შიში ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ყველაზე მოწყვლადი ასაკი ამ ჯგუფისთვის იქნება 7 წელი, რადგან მათთვის ასაკობრივად დამახასიათებელია სიკვდილის და პროცესების სასრულობის აღქმა. ის არქეტიპულად ემზადება ამ თემასთან გასამკლავებლად.
ამოუცნობი – არაინფორმირებულობა, დამალვა რეალობის, ბავშვებს უჩენს ბევრ შეკითხვას, ისინი ვერ პოულობენ სიმართლის ჩარჩოს და ხშირად მათი შეგრძნებები და ფიქრები არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ უმჯობესია მივაწოდოთ მშრალი ფაქტები ინტერპრეტირების გარეშე. არ შეიძლება დავუმალოთ ის, რაც ხდება, ბავშვი გრძნობს გარემოს.
რეალობა – შიში, რომელიც გამოწვეულია რეალური ქაოსური ქმედებებისგან. აუხსენით თქვენი ნაბიჯების თანმიმდევრობა.
https://instagram.com/psychology.with.mushki?igshid=c07ehrezu4lg