Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ბავშვები მთელ დღეებს სახლში ატარებენ და  დედმამიშვილებს შორის კონფლიქტები იზრდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მშობლების სტრესს ამ პერიოდში.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად იმოქმედოთ,  როდესაც თქვენი შვილები ქაოსს იწვევენ.

თქვენ არ გევალებათ და არც შეგიძლიათ, რომ დააძალოთ ბავშვებს ერთმანეთის შეყვარება. ეს მათ თვითონ უნდა მოახერხონ. მშობლების მხრიდან დედმამიშვილებს შორის ურთიერთობის კონტროლის მცდელობებს მეტოქეობის ზრდა უფრო მოყვება, ვიდრე შემცირება.

თქვენ არ გევალებათ შვილების კონფლიქტების მოგვარება. თუ თქვენ გამუდმებით ეცდებით ყველა მათი პრობლემის გადაჭრას, ისინი მუდმივად თქვენ მოგაკითხავენ მორიგებისთვის და დაკარგავენ შესაძლებლობას, რომ დამუკიდებლად ისწავლონ საკუთარ სირთულეებთან გამკლავება.

თქვენ გევალებათ, დაიცვათ ბავშვების უსაფრთხოება. მათ უნდა იცოდნენ, რომ თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ ითამაშებენ ერთად. თქვენ კი უნდა უზრუნველყოთ მათი ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა და ხელი შეუშალოთ, თუ სიტყვით ან ქცევით ზიანს აყენებენ ერთმანეთს.

თავი შეიკავეთ მსაჯობისგან. რომელიმე მხარის დაჭერა ან ერთი ბავშვის დაცვა, ამძაფრებს მეტოქეობას. ასევე, ამ დროს, ბავშვები ირგებენ „აგრესორის“ ან „მსხვერპლის“ როლებს, რაც მოზრდილობაში მიყვება მათ ურთიერთობას.

მოუსმინეთ თითოეულ ბავშვს. შემდეგ შეაჯერეთ და პერიფრაზი გაუკეთეთ მათ ნათქვამს: „შენთვის ძნელია, როცა დაიკოს სხვაგვარად უნდა კოშკის აშენება“. როცა თქვენ გაიმეორებთ ბავშვების განცდებს გაკიცხვის გარეშე, ეხმარებით მათ გაუგონ ერთმანეთს.

შემოიღეთ თამაში „პაუზა და პრობლემის გადაჭრა“. წინასწარ შეუთანხმდით, რომ როცა ერთმანეთს ზიანს მიაყენებენ სიტყვებით და ქცევებით, თქვენ დაუძახებთ: „პაუზა, ხალხო!“ და ისინი უნდა გაშეშდნენ. შემდეგ დაასახელებთ პრობლემას: „ვხედავ, რომ გიჭირთ მანქანის გაყოფა“ და ჰკითხავთ ამ სირთულის გადაწყვეტის გზებზე. შესთავაზებთ სხვა ვარიანტებსაც, მაგრამ აუხსნით, რომ თქვენ მათ მაგივრად არ გადაჭრით ამ კონფლიქტს, თქვენ მხოლოდ ეხმარებით სიტუაციის გარკვევაში.

თუ თქვენი შვილები ვერ აღწევენ შეთანხმებას, შეგიძლიათ:

  • გარკვეული დროით ჩამოართვათ ნივთი, რის გამოც ჩხუბობენ. უთხარით, რამდენი ხნის შემდეგ შეძლებენ მის უკან დაბრუნებას და მიეცემათ მისი გაზიარების შანსი. როდესაც გამოცდიან საკუთარი ქმედების შედეგებს, დიდი ალბათობით ბავშვები შეცვლიან ქცევას და უკეთეს არჩევანს გააკეთებენ.
  • თუ სიტუაცია გამწვავდა, დროებით დააშორეთ ბავშვები ერთმანეთს, რათა დამშვიდნენ. მიანიშნეთ, რომ ეს არ არის დასჯა, ეს იმისთვისაა, რომ ყველა უსაფრთხოდ იყოს. სახლის სხვადასხვა ადგილას გაანაწილეთ და დამამშვიდებელი აქტივობები შესთავაზეთ. მაგალითად, პლასტელინით თამაში, მძივების აწყობა.

არ შეარცხვინოთ „ბრალდებული“, რადგან ამას მხოლოდ უარყოფითი განცდები მოაქვს და არ ასწავლის ბავშვებს კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზებს.

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რა გინდათ, რომ გააკეთონ და არა იმაზე, რა „გააფუჭეს“. ეს მათ პოზიტიურად განაწყობს და, სავარაუდოდ, შესაბამისადაც მოიქცევიან.

დედმამიშვილების ურთიერთობა საცდელი ნიადაგია სხვებთან თანაცხოვრების უნარების „დასაშენებლად“: როგორ გაანაწილონ, შეცვალონ როლები, გავუკლავდნენ შურს, განავითარონ თანაგანცდა, ისწავლონ თანამშრომლობა და ერთად გადაწყვიტონ პრობლემები. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ თქვენს შვილებს შორის წამოჭრილი პრობლემების. თუკი თქვენ ამ პროცესში ფასილიტატორის როლს მოირგებთ პრობლემების გადამჭრელის ნაცვლად, ეს შეამცირებს კონფლიქტს და თქვენს შვილებს დაეხმარებათ ერთმანეთის პატივისცემაში, დაფასებაში და შეყვარებაშიც კი.

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/zero-six/202004/has-sibling-rivalry-gone-next-level-during-lockdown?fbclid=IwAR3edE25NVRJrbgrvcDJ_vPthLnsWjH2ZMi4OqGUq0OefCMpu1-9m3vcWyg

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5