ჯანმრთელი ბავშვის მოულოდნელი და აუხსნელი სიკვდილი სიცოცხლის პირველ წელს ძილში – ასე განიმარტება მშობლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შიში – ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS).
SIDS-ის გამომწვევი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი, თუმცა მეცნიერები ამის გასარკვევად კარგა ხანია მუშაობენ და რამდენიმე ფაქტორი გამოჰყვეს, რომლებიც ზრდის ამ სინდრომის განვითარების რისკს.
- ტვინის დეფექტები;
- დაბადებისას მცირე წონა;
- რესპირატორული ინფექცია;
- მუცელზე ან გვერდზე ძილი;
- რბილ ზედაპირზე ძილი;
- მშობლების ლოგინში ძილი;
- გადახურება;
- სქესი (ბიჭები უფრო მიდრეკილები არიან);
- წლამდე ასაკი;
- ოჯახური ისტორია;
- მეორადი მოწევა;
- 20 წლამდე ასაკის დედა;
- ორსულობის დროს სიგარეტის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება;
- არაადეკვატური პრენატალური ზრუნვა.
როგორ ავიცილოთ თავიდან SIDS?
არ არსებობს 100 %-ით გარანტირებული გზა SIDS-ის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერები გვთავაზობენ შემდეგ რჩევებს, რათა პატარას უსაფრთხოდ ეძინოს:
ძილის დროს ყოველთვის დააწვინეთ ჩვილი ზურგზე. დაჟინებით მოითხოვეთ ბავშვის მოვლაში ჩართული პირებისგან იგივე. აუხსენით, თუ რატომ არის საჭირო, რომ მუცელზე დაძინებით არ სცადონ გაღიზიანებული ჩვილის დამშვიდება.
მოაცილეთ ბავშვის საწოლიდან ბალიშები, გადასაფარებლები, სათამაშოები, გამოსაკრავები ე.წ. „ბამპერები“, რათა შეამციროთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი.
არ გადაახუროთ ბავშვი. იმისათვის, რომ თბილად იყოს, სცადეთ საძილე ტომარა ან სხვა საძილე ტანსაცმელი, რომელიც არ საჭიროებს დამატებით გადასაფარებელს. ნუ დაახურავთ თავზე.
დააწვინეთ ბავშვი თქვენს ოთახში, მაგრამ ცალკე საწოლში, პირველი 6 თვის განმავლობაში და თუ შესაძლებელია, წლამდეც.
კვებეთ ძუძუთი, თუ ეს შესაძლებელია. ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში ამცირებს SIDS-ის რისკს.
შესთავაზეთ საწოვარა. ძილის წინ და ძილში საწოვარას წოვას შეუძლია შეამციროს SIDS-ის რისკი, აუცილებელია, რომ საწოვარას არ ჰქონდეს თოკი ან თასმა. გაითვალისწინეთ, რომ თუ ძუძუთი კვებავთ, დაიცადოთ 3-4 კვირა, სანამ საწოვარას შესთავაზებთ. რადგან მან შეიძლება ხელი შეუშალოს რძის დარეგულირებას.
აცერით ბავშვი გეგმურად. რამდენიმე კვლევის მიხედვით, იმუნიზაცია ამცირებს SIDS-ის რისკს.
ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი შეადგენს ჩვილების სიკვდილიანობის დაახლოებით 37%-ს წელიწადში აშშ-ში. მეიოს კლინიკის მიხედვით ის შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის იმ ნაწილის დეფექტით, რომელიც აკონტროლებს ძილისგან გამოღვიძებას და სუნთქვას. თეორია მდგომარეობს შემდეგში, რომ თუ ჩვილი ძილის დროს სუნთქვას შეწყვეტს, ეს დეფექტი არ მისცემს შეკრთომისა და გამოღვიძების საშუალებას.
ახლახან, სიდნეის ვესტმიდის ბავშვთა საავადმყოფოს მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც კიდევ ერთხელ სცადა SIDS- ის მიზეზის ამოხსნა. მათ გააანალიზეს 722 ახალშობილის სისხლის ნიმუში, რომლებიც სკრინინგის პროგრამაში იყვნენ ჩართული ახალ სამხრეთ უელსში 2016-2020 წლებში. მოგვიანებით ჩვილებიდან 26 გარდაიცვალა SIDS-ით და ყველა მათგანს ჰქონდა სისხლში ბუტირილქოლინესთერაზას მნიშვნელოვნად დაბალი დონე დაბადებისას სხვა ჩვილებთან შედარებით. ეს ფერმენტი მონაწილეობს ყურადღების, ძილის და გაღვიძების პროცესებში და შესაძლოა ეხმარება ბავშვებს, როდესაც ჟანგბადის დონე უვარდებათ, გაიღვიძონ და იტირონ.
წამყვანი მკვლევრის დოქტორ კარმელ ჰარინგტონის მცირეწლოვანი ვაჟი 29 წლის წინ, 2 წლის იუბილემდე SIDS-ით გარდაიცვალა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი ვერავინ უთხრა. „უბრალოდ თქვეს, რომ ეს ტრაგედიაა. მაგრამ ეს იყო ტრაგედია, რომელიც არ ერგებოდა ჩემს მეცნიერულ ტვინს.” ტრაგედიაზე პასუხების მოძიებისას მან ვერ იპოვა SIDS-ის ადეკვატური ახსნა და დაბრუნდა უნივერსიტეტში, რათა გამხდარიყო ბავშვის ძილის ექსპერტი და ეპოვა მკურნალობის შესაძლო გზები.
დოქტორი ჰარინგტონის თქმით, შემდეგ ეტაპზე ამ ფერმენტის დონის გაზომვა ახალშობილთა ჯანმრთელობის რუტინული შემოწმების ნაწილი უნდა გახდეს. ჯგუფი ასევე შეისწავლის ჩვილებში ფერმენტის მომატების გზებს.
წყარო:
www.mayoclinic.org, www.dailymail.co.uk, www.biospace.com