Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ენდოკრინოლოგი თამთა ვერძაძე. 

გვესაუბრეთ, რაზე არის დამოკიდებული ბავშვის სიმაღლეში ზრდა  და როდის უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხს? 

სიმაღლეში ზრდა ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ფიზიკური განვითარების ძირითადი  მაჩვენებელია. 

ადამიანის ზრდის პარამეტრები დამოკიდებულია უმთავრესად გენეტიკაზე, ასევე მოიცავს ნუტრიციულ და ჰორმონულ ფაქტორებსაც. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გარემო-პირობებში უწევს ბავშვს ზრდა-განვითარება.

რა შეიძლება იყოს ზრდაში ჩამორჩენის მიზეზი?

ზრდაში ჩამორჩენას გარდა გენეტიკური, კვებითი და ჰორმონული ფაქტორებისა, ასევე იწვევს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებიც. ასეთებია: დედის ნუტრიციული პრობლემები ორსულობისას, ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ქრონიკული უკმარისობა, საკვების შეწოვის-მონელების დარღვევებით მიმდინარე ცვლილებები, ძვლოვანი სისტემის დაავადებები, გენეტიკური დარღვევები და ა.შ.

რა ასაკში უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის სიმაღლეში ზრდას?

ბავშვის სიმაღლეში ზრდის მონიტორინგი მუდმივად უნდა ხდებოდეს პედიატრის მიერ. ზრდის ტემპის შეფასება საჭიროა მოხდეს დინამიკაში, ამისთვის კი საჭიროა ყველა ბავშვს ჰქონდეს ინდივიდუალური ზრდის მრუდი. ქრონიკულ და ენდოკრინულ დაავადებათა უმრავლესობა აისახება ზრდის მრუდზე. 

ნორმალური ზრდა განისაზღვრება მისი ტემპის მიხედვით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი  ბავშვის გაზომვა ხდებოდეს პერიოდულად. წლამდე ასაკში ბავშვი უნდა იზომებოდეს 3 თვეში ერთხელ, 1-3 წლის ასაკში – 6 თვეში ერთხელ, ხოლო 3 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში უნდა ფასდებოდეს წელიწადში ერთხელ.

ზრდის ტემპი არადამაკმაყოფილებლად შესაძლოა ჩაითვალოს, თუ სიმაღლეში მატება:

2-4 წლამდე ასაკის ბავშვებში ნაკლებია წელიწადში 5.5 სმ-ზე,   4-6 წლამდე ასაკის ბავშვებში ნაკლებია წელიწადში 5 სმ-ზე, 

6 წლიდან სქესობრივ მომწიფებამდე:  ბიჭებში 4 სმ-ზე ნაკლებია წელიწადში,  ხოლო გოგონებში – 4.5 სმ-ზე ნაკლები წელიწადში.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული ბავშვის სიმაღლის ნორმა გამოითვლება მშობლების სიმაღლის მიხედვით, სპეციალური ფორმულის მეშვეობით. 

თუ სიმაღლეში ჩამორჩენა საკვები ნივთიერებების დეფიციტითაა გამოწვეული, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა და როგორ აისახება ზოგადად ზრდაგანვითარებაზე?

ზრდაში ჩამორჩენის შემთხვევაში ბავშვს საჭიროა ჩაუტარდეს შესაბამისი კვლევები,  პირველ რიგში კი უნდა შეფასდეს რამდენად სრულფასოვნად იკვებება ბავშვი: რამდენ კკალ-ას იღებს დღეში, ხომ არ არის ვიტამინების ან მინერალების უკმარისობა და ა. შ.

თუ ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ზრდაში ჩამორჩენა მხოლოდ კვებითი ფაქტორითაა განპირობებული, მედიკამენტური მკურნალობის გარდა, მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის ყოველდღიურ რაციონს. საკვები ნუტრიენტების დეფიციტით გამოწვეული სიმაღლეში ჩამორჩენა ასევე შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობით, თავბრუსხვევით, წონის დეფიციტით, გონებრივი განვითარების პრობლემებით, იმუნური სისტემის დაქვეითებით და ა. შ.

როგორ უნდა იკვებოს ბავშვი, რომ თავიდან ავირიდოთ როგორც სიმაღლეში ჩამორჩენა, ასევე წონის დეფიციტი?

დღის განმავლობაში რეგულარულ, სრულფასოვან კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური ფიზიკური ზრდა-განვითარებისთვის. აუცილებელია, მიიღოს ისეთი რაოდენობით საკვები, რომელიც საკმარისია  მისი ფიზიკური აქტივობისთვის. ულუფა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს.

ბავშვი უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვანი საკვებით,  მიიღოს: სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, პურეული და მარცვლეული, რძე და რძის ნაწარმი, მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი, თხილეული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ირგვლივ მხოლოდ ჯანსაღი საკვები და სასუსნავი მოიპოვებოდეს. ოპტიმალურია სამჯერადი კვება, შუალედებში 2 წახემსებით.

რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა და სპორტული აქტივობები სიმაღლეში ზრდისთვის?

ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა 60 ან მეტი წუთის განმავლობაში. ასაკისთვის შესაბამისი ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ზრდის პროცესს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სრულფასოვან კვებასთან ერთად ბავშვი იყოს ფიზიკურად აქტიური და მინიმალური დრო გაატაროს ელექტრონულ მოწყობილობებთან.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5