პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა მალანია.
რა მდგომარეობაა სიმორცხვე და როგორ ვლინდება ის ბავშვებში?
სიმორცხვე არის მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს უსიამოვნების, დაძაბულობის, შებოჭილობის განცდას სხვადასხვა სიტუაციაში. ნებისმიერ შემთხვევაში სიმორცხვის უკან დგას ძლიერი ემოცია, მაგ. შიში. თუ ბავშვი არის მორცხვი ე. ი. ეშინია. შიში წარმოადგენს საფრთხის მიმართ სიგნალს. შიში აამოქმედებს ადამიანის დამცველობით მექანიზმებს, შესაბამისად ადამიანი ემზადება ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის. სიმორცხვის შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ჰქონდეს შიში, მაგ : უარყოფითად შეფასების შიში, გაკიცხვის შიში, დასჯის შიში და ა.შ. ის თუ რისი შიში დგას სიმორცხვის უკან ინდივიდუალურია. სიმორცხვეს აქვს სამი კომპონენტი:
სომატური შფოთვის კომპონენტი – რომელშიც იგულისხმება ისეთი ფიზიოლოგიური ჩივილები, როგორებიც არის: გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, გახშირებული სუნთქვა, გაწითლება და ა. შ.
კოგნიტური კომპონენტი – რომელშიც ერთიანდება აზრები, შეხედულებები, წარმოდგენები საკუთარ თავზე. სიმორცხვის დროს ბავშვს შესაძლებელია ჰქონდეს თვითდამამცირებელი აზრები, რომ ის არ არის საკმარისად “კარგი”.
ქცევითი კომპონენტი – იგულისხმება ქცევები, რომელზე დაკვირვებაც შესაძლებელია, მაგ.: მზერის არიდების ტენდენცია, განმარტოება, სიჩუმე და ა.შ. სიმორცხვის ინტენსივობა ცვალებადია და ვლინდება, როგორც ზომიერ სოციალურ მოუქნელობაში, ასევე აბსოლუტურად შემზღუდავ სოციალურ ფობიაში.
როდის არის სიმორცხვე ხელის შემშლელი ბავშვისთვის ?
სიმორცხვე პრობლემას წარმოადგენს მაშინ, როცა ბავშვი განიცდის დისკომფორტს ისეთ ადგილებში, სადაც მის გარშემო სხვა ადამიანები, თანატოლები არიან. სიმორცხვის ბარიერის გამო ბავშვი უარს ამბობს გამოხატოს საკუთარი სურვილები, ემოციები, აზრები, ყოველივე ამის გამოხატვის სურვილი აქვს, თუმცა სიმორცხვე ხელს უშლის. ბავშვი ვერ ავლენს თავის უნარებსა და შესაძლებლობებს, უჭირს გარემოსთან ადაპტირება, არ ეკონტაქტება თანატოლებს, თუმცა ამის სურვილი აქვს, უარს ამბობს სახლიდან გასვლაზე და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაზე. ხაზგასასმელია ის, რომ ყოველივე ზემოხსენებულის სურვილი შესაძლებელია ბავშვს ჰქონდეს და სიმორცხვის ბარიერის გამო ყოველივე ამაზე უარი თქვას.
როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ საშუალება იყოს ის, ვინც არის და არ მივაწოდოთ შეტყობინება, რომ სხვანაირი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ბავშვი უპირობოდ გვიყვარდეს და დავანახოთ მას, რომ ის უნიკალური, განუმეორებელი ადამიანია, ისევე როგორც ყველა დანარჩენი სხვა ადამიანი. ვეცადოთ “შენიშვნა” მივცეთ ბავშვის ქცევას და მივუთითოთ ქცევაზე და არ შეურაცხვყოთ მისი პიროვნება. ბავშვს, როცა ვეუბნებით, მაგ. “რატომ ხარ ასეთი?! რა ცუდი ხარ, მსუქანი ხარ, უშნო ცხვირი გაქვს” და ა.შ. ამ დროს მას უჩნდება არასრულფასოვნების განცდა, არ მოსწონს საკუთარი თავი და არ იღებს თავის თავს ისეთს, როგორიც არის, შესაბამისად უჩნდება შიში, რომ მას უარყოფითად შეაფასებენ, აქედან გამომდინარე აქვს სირცხვილის განცდა, რაშიც გამოიხატება ამრიდებელი მზერა, შებოჭილობის განცდა ხალხმრავალ ადგილებში, უცნობ ან ნაცნობ ადამიანებთან. მნიშვნელოვანია ბავშვს საკუთარი თავი დავანახოთ. ის საკუთარ თავს შეიცნობს და იცნობს გარემოსთან ურთიერთობაში. აუცილებელია მოვუსმინოთ მას, გავითვალისწინოთ მისი სურვილები, გავიგოთ როდის გრძნობს თავს კომფორტულად (მაგ.: ცეკვის, ხატვის, წერის და ა.შ. დროს). მნიშვნელოვანია ბავშვებს, რომლებიც არიან მორცხვები და არა მარტო, ვესაუბროთ ადამიანის უნიკალურობაზე. ადამიანები უნიკალურები, განუმეორებლები ვართ ჩვენი გარეგნობით, მსოფლმხედველობით ( შეხედულებები, წარმოდგენები, რწმენები სამყაროზე და ამ სამყაროში მცხოვრებ საკუთარ თავზე), ხასიათი, ტემპერამენტი და რომ სამყაროს მრავალფეროვანს სწორედ ეს განსხვავება ხდის. თუ შევამჩნევთ, რომ ბავშვი არის მორცხვი, ვეცადოთ გამოვიჩინოთ ინიციატივა მასთან დიალოგის წარმართვის და მოვიწონოთ მისი ქმედებები; დავანახოთ ბავშვს თავისი მახასიათებლები, რომელიც მას უნიკალურ არსებად აქცევს. შევაქოთ და მოვიწონოთ ბავშვის ქცევები და დავაკონკრეტოთ, რატომ ვაქებთ მას; შევთავაზოთ ახალ ადგილებში გასვლა და ავუხსნათ ყოველივე სიახლისა და ახალი გამოწვევის დადებითი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ბავშვს დავანახოთ, რომ ის ჩვენ გვიყვარს ისეთი, როგორიც არის და მას ისეთს არაფერს დავაძალებთ, რაც მისი სურვილის საწინააღმდეგოა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მას ჰყავს მზრუნველი, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იქნება, მხარს დაუჭერს და ეყვარება ისეთი უნიკალური და განუმეორებელი, როგორიც არის.