თქვენი ახლად ფეხადგმული ბავშვი შეიძლება მორიდებული და მშვიდი იყოს სხვა ბავშვებთან და/ან მოზრდილებთან, შფოთვას გამოხატავდეს სოციალურ სიტუაციებში და უარს ამბობდეს თქვენს გარეშე თამაშზე.
რატომ ხდება ეს?
სინამდვილეში, ამ ასაკის ბავშვთა მორცხვობა ნორმალურიცაა და საკმაოდ გავრცელებულიც. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ აქვთ უმწიფარი სოციალური უნარები (რომ აღარაფერი ვთქვათ ძალიან შეზღუდულ გამოცდილებაზე სოციალურ სიტუაციებში). როგორც კი ეს შეიცვლება, ბავშვთა მორცხვობა ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ეს პროცესია, რომელიც წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. (და ხუთიდან ერთი ბავშვი სრულად არ დაკარგავს ამ თვისებას, თუმცა მათ შეუძლიათ ისწავლონ ამის მართვა)
თუ თქვენი პატარა 3 წლის ხდება და მისი სიმორცხვე ნამდვილად ახდენს გავლენას მის ცხოვრებაზე, (მას სძულს სათამაშო ჯგუფები და წვეულებები; ის სულ თქვენთანაა სათამაშო მოედანზე; მისი ბაღის აღმზრდელი ამბობს, რომ არ იღებს მონაწილეობას ჯგუფურ საქმიანობაში), გაესაუბრეთ ექიმს ამის შესახებ.
როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს?
მოერიდეთ იარლიყებს. თუ მას “მორცხვს” უწოდეთ, შეიძლება მან ასე იფიქროს საკუთარ თავზე და შესაძლოა გამოიყენოს იგი, რათა თავიდან აიცილოს არასასიამოვნო სიტუაციები (“მე მორცხვი ვარ, ამიტომ არ უნდა ვცადო თამაშში ჩართვა”)
არ გამოავლინოთ უკმაყოფილება და უხერხულობა. ოდნავი მინიშნება იმის შესახებ, რომ მორცხვობას მის ნაკლად თვლით, მას უფრო შეუშლის ხელს, გაბედოს სხვებთან ურთიერთობა. ნუ აიძულებთ მას უპასუხოს სხვა მოზრდილების შეკითხვებს. თუ ლაპარაკი არ უნდა, შეგიძლიათ დუმილის შევსებით დაეხმაროთ. (“ანა ახლა სამისაა. ხომ ასეა, ანა?“)
შეარჩიეთ ბავშვები, რომლებთანაც ითამაშებთ. ნუ აიძულებთ თქვენს ბავშვს სოციალიზაციას, მაგრამ წაახალისეთ მისი სხვა ბავშვებთან ურთიერთობა მცირედი ნაბიჯებით. დაგეგმეთ ინდივიდუალური პაემნები ან პატარა სათამაშო ჯგუფები ბავშვებთან, რომლებთანაც თავს კომფორტულად გრძნობს (შეიძლება მეზობლები ან ბიძაშვილები) და ნამდვილად მშვიდად (არა აგრესიული ან ზედმეტად ხმამაღალი). მას შეიძლება მართლა გაუადვილდეს მეგობრებთან ურთიერთობა, რომლებიც მასზე მცირეწლოვანები არიან (“აი, მე აქ დიდი ბიჭი ვარ!”) ან ერთი ან ორი წლით უფროსი, თუ მას მოსწონს სხვისი ლიდერობა.
ივარჯიშეთ ზეწოლის გარეშე. გაითამაშეთ სოციალური სიტუაციები – მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ხართ ლეკვი, რომელსაც სურს შეუერთდეს სხვა ძაღლების თამაშს. სთხოვეთ რჩევა თქვენს პატარას და შეიმუშავეთ სტრატეგიები, რომლებიც ბედნიერ დასასრულს იწვევს.
როდესაც სადმე მიდიხართ, მოუყევით წინასწარ, რა მოხდება იქ (“ჩვენ ვთამაშობთ თამაშებს, ვხსნით საჩუქრებს და ვჭამთ ტორტს“) და გააცანით ბავშვებისა და ზრდასრულების სახელები. მაგრამ არ გადაამეტოთ – სიმშვიდის ნაცვლად ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება სტრესული იყოს.
ადრე მიდით შეხვედრაზე, დაგვიანებამ და გულშემატკივართა დახვედრამ შეიძლება დააშინოს, ამიტომ შეეცადეთ იყოთ პირველები, ვინც წვეულებებსა და სათამაშო ჯგუფებში მივა. ეს ასევე დაეხმარება თქვენს პატარას – შეეგუოს იქაურ გარემოს, სანამ სხვა ბავშვები გამოჩნდებიან სცენაზე.
დაეხმარეთ „ყინულის გატეხაში“. თუ მას სურს შეუერთდეს გართობას, მაგრამ არ იცის როგორ მიუახლოვდეს სხვა ბავშვებს, შესთავაზეთ წინადადება („ჰკითხე ბავშვებს, სურთ თუ არა შენი ახალი სატვირთო მანქანის ნახვა?”). თუ მას მეტი მხარდაჭერა სურს, მასთან ერთად მიუახლოვდით ბავშვებს და გამოელაპარაკეთ (“შეგვიძლია, დაგეხმაროთ კოშკის აშენებაში?“). როგორც კი ის კომფორტულად იგრძნობს თავს, გამოერიდეთ.
წყარო: www.whattoexpect.com