პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება განათლების ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილი.
რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა, როდესაც ბავშვი სწავლის მიმართ არ იჩენს ინტერესს და მისი დამოკიდებულება გულგრილია. როგორ ჩამოვუყალიბოთ მას სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა?
მოტივაციას ვუწოდებთ ადამიანის მიერ გარკვეული ქცევის ან ქცევების განხორციელების სურვილსა და მზაობას. ორი ტიპის მოტივაცია არსებობს: გარეგანი და შინაგანი მოტივაცია. შინაგან მოტივაციას ვუწოდებთ იმ მიდრეკილებას ქცევის განხორციელებისკენ, რომელიც ჩვენთვის არის სასიამოვნო, ჩვენც გვსურს ამის გაკეთება და ვაკეთებთ შინაგანი წინააღმდეგობების გარეშე. შინაგანი მოტივაცია ყველაზე ძლიერ მოტივატორად ითვლება ადამიანის ცხოვრებაში, შესაბამისად მის საფუძველზე ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ისეთ მიზნებს, რომელიც კომპლექსურ, ხანგრძლივ შრომასა და პიროვნული უნარების განვითარებას მოითხოვს. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი ბევრად ეფექტურად ასრულებს აქტივობას, ახორციელებს ქცევას შინაგანი მოტივაციის საფუძველზე. ადამიანებისთვის შინაგანი მოტივატორები განსხვავებულია, თითოეული ინდივიდისთვის სხვადასხვა რამ არის მამოტივირებელი და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.
გარეგანი მოტივაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ შემთხვევაში გვჭირდება, როდესაც შინაგანი მოტივაცია არ არის საკმარისი. უფროსი ასაკის ადამიანების უმრავლესობა მიჩვეულია გარეგან მოტივატორებს, მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ გვიყვარს ჩვენი საქმიანობა (შინაგანი მოტივაცია), თუმცა გვემატება ხელფასი, როგორც გარეგანი მოტივაცია (ხელფასის გარეშე). გარეგანი მოტივატორებიც თითოეული ინდივიდისთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია გარემო და შინაგან ფაქტორებზე
ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში მოტივაცია იცვლება ასაკობრივ განვითარებასთან ერთად და ის არ არის მდგრადი. მოტივაცია შეიძლება შეიცვალოს და მისი მანიპულირებით და სხვადასხვა საშუალებებით ბავშვს შეიძლება ჩამოვუყალიბოთ სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა და შესაბამისი მოტივაცია. ბავშვისთვის სწავლა შინაგანი მოტივაციაა, როგორც ცოცხალი ორგანიზმისთვის, მას დაბადებიდან შინაგანი მოტივაცია ამოძრავებს, რომ ისწავლოს. ბავშვები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შინაგანი მოტივაციის საფუძველზე შეიმეცნებენ სამყაროს, აღიქვამენ, იმახსოვრებენ, სწავლობენ და მათ უხარიათ ეს პროცესი. ეს პროცესი შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ბავშვი ურთიერთობს განათლებასთან და როდესაც ბავშვი გადადის სწავლის ეტაპზე. ადრეულ ასაკში სწავლა შინაგანი მოტივაციით ბუნებრივად, თამაშით ხდება, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მშობლები მას ამეცადინებენ, უწევს სასწავლო მასალასთან შეხება, შეიძლება მშობელმა აღმოაჩინოს, რომ ბავშვს მოტივაციასთან დაკავშირებით სირთულეები აქვს. ეს შეიძლება ასე იყოს გამოხატული: ბავშვი შესაძლოა თავს არიდებდეს სასწავლო მასალასთან ურთიერთობას, უარს ეუბნებოდეს მშობელს, რომ დაჯდეს და შეასრულოს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება. შეიძლება არ მოსწონდეს კითხვა, ან სხვა საგნობრივი მიმართულებით მუშაობა და არ იჩენდეს ინიციატივას.
რა უნდა იცოდეს მშობელმა ასეთ დროს, როგორ გაზარდოს ბავშვის ინტერესი სწავლის მიმართ?
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბუნებრივია მოტივაციის და ბავშვის დამოკიდებულების ცვლილება ნებისმიერი საგნის და ნებისმიერი სასწავლი მასალის მიმართ. მშობელი თავიდან შეიძლება ფიქრობდეს, რომ ბავშვი არის ზარმაცი, მაგრამ სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს ის, რასაც სპეციალისტები მოტივაციის ნაკლებობას ვუწოდებთ. თუ ბავშვს სწავლის მიმართ შინაგანი მოტივაცია არ აქვს და ის ამას გამოხატავს, პირველი რაზეც მშობელს შეუძლია დაკვირვება არის სასწავლო მასალების სირთულე და მოცულობა. როდესაც მასალა ბავშვისთვის არის დამღლელი და გაუგებარი, ასეთ დროს მშობელი უნდა ეცადოს ბავშვს გაუმარტივოს და გაუმრავალფეროვნოს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული მასალები და პედაგოგსაც სთხოვოს დახმარების სტრატეგიები.