გიფიქრიათ, რატომ იღიმება თქვენი ბავშვი ძილში? ეს რეფლექსია, თუ თქვენს პატარას რაღაც სასიამოვნო ესიზმრება?
ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რა ხდება ბავშვის გონებაში ძილის დროს. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ პატარები ვერ გვეუბნებიან, რას გრძნობენ ძილის დროს. მკვლევრები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის გასაგებად, თუ როგორ ამუშავებს ჩვილის ტვინი ინფორმაციას, რადგან ეს სიზმრისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
თუ თქვენი პატარა ძილის დროს მხიარული ან გაღიზიანებულია, სავარაუდოდ, მოქმედებს სხვა ფაქტორებიც. ქვემოთ განხილულია, რა ვიცით სიზმრებისა და ძილის ციკლების შესახებ.
ჩვილები და REM ძილი
სიზმრები შეიძლება ვნახოთ ძილის ყველა ეტაპზე, თუმცა უფრო მოსალოდნელია თვალების სწრაფი მოძრაობის, REM ძილის დროს. ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანახმად, ჩვილები ძილის 50 %-ს ატარებენ REM ძილში, მოზრდილები – 20%-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ბავშვები სიზმრებს ხედავენ, ისინი დიდ დროს ხარჯავენ ამაში.
REM ძილის მსგავსი ტვინის ტალღები ნაყოფს ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის დროს, ორსულობის 25-28 კვირაზე აღმოუჩინეს. მკვლევრების ვარაუდით, ეს ნიშნავს, რომ REM ძილი იწყება დაბადებამდეც კი.
ნეირომეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის იმის ნიშანი, რომ ჩვილები სიზმრებს ხედავენ, რადგან მათ არ აქვთ საგნების ვიზუალურად წარმოდგენის უნარი.
თქვენი ბავშვის ძილის ქცევის გაგება
REM ძილის დროს სხეული მოდუნებულია, ტვინი კი აქტიური რჩება. თუ ბავშვი ბორგავს, ბრუნავს ან წამოიტირებს ძილში, შეიძლება გეგონოთ, რომ ის ცუდ სიზმარს ხედავს.
უფრო მეტად სავარაუდოა, რომ თქვენი ბავშვი უბრალოდ ვითარდება და სწავლობს, როგორ მუშაობს მისი სხეული ან ცდილობს ახალი უნარების გამომუშავებას. ძილის დროს წამოტირებისას, ჩვილი შეიძლება ამუშავებდეს იმას, რაც ადრე მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უფრო მეხსიერებაა, ვიდრე სიზმარი.
მოროს რეფლექსი
ახალშობილები იბადებიან მოროს რეფლექსით. ეს რეფლექსი ვითარდება ორსულობის 28-დან 32 კვირამდე და ქრება ბავშის დაბადებიდან 3-დან 6 თვემდე.
ეს არის უნებლიე, დამცავი რეფლექსი, რომელიც იწვევს ჩვილების შეკრთომას, ხელებისა და ფეხების უეცარ გაშლას და ისევ საწყის პოზიციაში დაბრუნებას.
მსუბუქად შეხვევა დაეხმარება თქვენს ბავშვს, რათა ამ რეფლექსმა ხელი არ შეუშალოს მის მშვიდ ძილს.
ნეირომეცნიერების თეორიით, ჩვილების ტვინს არ აქვს სიმწიფე და გამოცდილება სიზმრების მოსაზიდად.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ როდის იწყებენ ადამიანები სიზმრების ნახვას, მკვლევრები თვლიან, რომ ეს მოხდება მას მერე, რაც ისინი კარგად შეისწავლიან და გააცნობიერებენ გარემომცველ სამყაროს.
წყარო: www.verywellfamily.com