Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმის “დედამ იცის” კითხვებს უპასუხებს მედა ზირაქაშვილი, ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი.

სკოლის დაწყება, სკოლაში პირველად წასვლა ის ახალი ეტაპებია, რომელსაც გარკვეული შფოთვა შეიძლება ახლდეს ბავშვებში. კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ბავშვებში შფოთვის გამომწვევი მიზეზი, რა ნიშნებით ვლინდება სკოლაში დაბრუნების შფოთვა და როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია, ამ პრობლემებთან გასამკლავებლად ?

სკოლის დაწყების წინ ხშირად მესმოდა თინეიჯერებისგან საკუთარ თავზე, ან ბავშვების მშობლებისგან – ბავშვებზე, რომ ყოველ წელს, სკოლაში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე მათ  გარკვეული სიმპტომები უვლინდებოდათ და აინტერესებდათ მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზებზე ინფორმაცია. დიახ, დღეს მინდა დაბრუნების შფოთვაზე გითხრათ ორი სიტყვა, სიმპტომებს სახელი დავარქვათ და  გამკლავების მექანიზმებს შევეხოთ.  

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბავშვის თუნდაც ჩვეულებრივი სასკოლო დღე სავსეა პოტენციური სტრესორებით.

ზოგადად  სტრესის და შფოთვის მიზეზები შეიძლება იყოს: 

  • საყვარელი ოჯახის წევრებთან განშორება.

ამას ჩვეულებრივ უწოდებენ განშორების შფოთვას. 

  • დამეგობრების სირთულეები,

თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები,

  • გარშემომყოფების  აკადემიური მოლოდინების დაუკმაყოფილებლობის შიში,
  • ხალხმრავალ სკოლის დერეფნებში და კაფეტერიაში, მინიმუმ საჭირო ოთახში ნავიგაციის სირთულე…

ამ მიზეზების გარკვეული რანჟირება რომ გავაკეთოთ და შედარებით დიდ ჯგუფებში გავაერთიანოთ, დაახლოებით ასეთი სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ:

  • აკადემიური გამოწვევები – სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს (როგორც დიაგნოსტირებულ, ასევე არადიაგნოსტირებულ ან დიაგნოსტირებულ, მაგრამ არანამართ შემთხვევებში) და/ ან სხვა მიზეზით გამოწვეული სწავლის სირთულეების მქონე ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული სირთულეები და შიში და შფოთვაც აქედან მომდინარეობდეს.
  • აბსოლუტურად დამანგრეველია ინტერპერსონალური სირთულეები. ვიღაცას ურთიერთობები მარტივად გამოსდის, უპრობლემოდ ახერხებს ახალი მეგობრების გაჩენას, მათ შენარჩუნებას შემდგომში, ვიღაცისთვის კი, სწორედაც რომ, სხვა ბავშვებთან ურთიერთობები, პედაგოგებთან დამოკიდებულება, სოციალური ურთიერთობებია ყველაზე დიდი გამოწვევა სკოლაში.
  • ბულინგი – ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი წინაპირობაა ბავშვის შფოთვის და სკოლასთან დაკავშირებული უსიამოვნო განცდების. რაც ჩვენს ქვეყანაში  ყველაზე ცუდად მართული და ზოგადად მიჩქმალულ-მიმალულია. პედაგოგს აქვს უზარმაზარი ზეწოლა „ვიღაცის შვილობის შებღალვის“ ან უბრალოდ არ აქვს გამოცდილება ან ცოდნა მსგავს პრობლემასთან გამკლავების და თვით არც ბულერ, ბულინგის მსხვერპლის დედებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება პრობლემის დანახვა-გამკლავების და დადის ბავშვი, მასწავლებელი და  ოჯახი მანკიერ წრეზე.
  • ოჯახის საყვარელი წევრებისგან განცალკევება ასევე შეიძლება იყოს სტრესის მთავარი მიზეზი, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ბავშვი უბრალოდ უფრო მიდრეკილია შფოთვისკენ, ვიდრე სხვები. განსაკუთრებით, შფოთვის ოჯახური ისტორიის მქონე პირებს შეიძლება ჰქონდეთ გენეტიკური მიდრეკილება. ზოგიერთთან ასევე შესაძლოა წამყვანი იყოს, მაღალი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა  არასტაბილური ოჯახური მდგომარეობა, სხვადასხვა ტიპის ძალადობის გამოცდილება, ან თუნდაც  ხელმიშვებულობა  (neglect) ოჯახის მხრიდან. საყვარელი მეგობრის ან ოჯახის წევრის დაკარგვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა.

რა ნიშნებით ვლინდება სკოლაში დაბრუნების შფოთვა?  

ამ ტიპის შფოთვის ნიშნები განსხვავებულია ინდივიდებში. შფოთვა სხვაგვარად გამოიყურება მცირეწლოვან ბავშვებში და განსხვავებულია შედარებით მოგვიანებით ბავშვობასა და მოზარდობის ასაკში. 

 ბავშვებში შფოთვის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია: 

  • გაზრდილი ფიზიკური ჩივილები, ანუ ხშირი მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი ან გულისრევა, კანკალი, გულის აჩქარება, გაფითრება მიზეზის გარეშე) და, რაღა თქმა უნდა, სიბრაზე/მრისხანების შეტევა/ ამოფრქვევებითაც კი.  
  • კვების ან ძილის რეჟიმის ცვლილებები, 
  • ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობის მიმართ. 
  • გაღიზიანებადობა  და/ან ხასიათის სწრაფი ცვლილებები.
  • კონცენტრაციის სირთულეები,
  • მუდმივი შფოთვა…

შფოთვა შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავებულადაც გამოვლინდეს: ან სკოლისგან თავის არიდების ქცევაში, გარშემომყოფებთან კონტაქტის სრულ გაწყვეტაში ან ზოგიერთთან კი პირიქით, სკოლაზე მიჯაჭვასა და გადაჭარბებულ თავგანწირვაში მეცადინეობის მხრივ ( ჩაფლავების, წარუმატებლობის მაქსიმალური პრევენციის მიზნით) და არა თუ თანატოლებთან ურთიერთობის სურვილის არ ქონაში, არამედ პირიქით,  უჩვეულოდ მეგობრული როლის მორგებაში, რაც შესაძლოა შემაწუხებელიც კი იყოს თანატოლებისთვის. 

თუ თქვენი შვილი განსაკუთრებულად შფოთავს ან მას აწუხებს სკოლის დაწყება:

ნაცვლად იმისა, რომ უგულებელყოთ მისი შფოთვა, მნიშვნელოვანია დაელაპარაკოთ მას ამ თემაზე დაწვრილებით, რათა თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ მშობელი მხარდამჭერია, ესმის მისი, მზად არის მოსასმენად და პრობლემის გადაჭრაში დასახმარებლად.

ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი დროის შერჩევა სასაუბროდ,  როცა თქვენი შვილი შედარებით მშვიდია (მოერიდეთ ისეთ მომენტებს,  როდესაც ბავშვი/მოზარდი ნერვიულობს ან ემზადება სკოლისთვის). თქვენი სათქმელის ფორმულირება სხვადასხვა სახით შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ:  

  • ”მოდი, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შემიძლია დაგეხმარო, რომ გაგიადვილო დაბრუნება.

მარტივად, შეგიძლიათ უბრალოდ ჰკითხოთ:

  • ხომ არ გირჩევნია ერთი დღით ადრე მივიდეთ?
  •  დამრიგებელს ხომ არ შეხვდებოდი წინასწარ?” 

ხაზგასასმელია მყარად უარის თქმა მის თხოვნაზე დარჩეს სახლში და არ იაროს სკოლაში,

  • “გახსოვს ,რომ მიყვებოდი რამდენი რამ  მოგწონდა სკოლაში?” 

ისაუბრეთ წინა წლების კარგ მოგონებებზე. მიანიშნეთ  დადებით მომენტებზე და გამოიყენეთ ისინი, როგორც შეხსენება, რომ სკოლა შეიძლება იყოს დამაჯილდოებელ- წამახალისებელიც და  კარგი დროის გასატარებელი ადგილიც.

  • “არის რაიმე, რაც კონკრეტულად ამ სასწავლო წელს  გაწუხებს?”

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს შვილს აწუხებს ამ თემაზე საუბარი და შფოთავს? 

უკვე თქვენ გადადიხართ ვარიანტების შეთავაზებაზე: მიდიხართ ახლოს, ჩახედავთ თვალებში და მშვიდი ტონით სთავაზობთ ვარიანტებს: 

  • მასწავლებლებთან ურთიერთობა გაშფოთებს? 
  • მეგობრების შეძენა?
  • დაცინვა/ ბულინგი?

 თქვენი შვილის კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი დაგეხმარებათ იპოვოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები.

  • „ვხედავ, რომ სკოლაზე წუხხარ. მეც მქონია სირთულეები და ზოგჯერ ახლაც მაქვს ხოლმე სამსახურში, მაგრამ არც  მაშინ და არც ახლა დიდად არავინ დაინტერესებულა ეკითხა ჩემი შფოთვის მიზეზზე, ჩემი არ ესმოდათ, მე კი შენთან ვარ ახლა და როგორც მეტყვი ისე მოვიქცეთ“ (აქვე  აძლევთ არჩევანს თითქოს, მაგრამ პრობლემის მოგვარების გზას მაშინვე თქვენ თვითონვე სთავაზობთ).
  • არ მიაქციოთ  ყურადღება მრისხანების შეტევებს, ე.წ. ტანტრუმებს.   შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავიდან აიცილოთ გაბრაზება. ამის გაკეთება ამ მომენტში შეიძლება რთული იყოს, მაგრამ რადგან ტანტრუმი ყურადღების მაძიებელი ქცევაა, და თქვენს შვილს კი ყურადღება სჭირდება, ეს შეგრძნება დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ლოიალური იყოთ ბავშვის ქცევისადმი.
  • აუცილებელია სკოლისათვის მზადების დაწყება 1-2 კვირით ადრე. დაიწყეთ სკოლის რეჟიმზე გადასვლა განრიგისა და რუტინის შესაცვლელად. ბოლო წუთამდე ლოდინი შეიძლება ზოგიერთ ბავშვს უფრო მეტ  შფოთვად დაუჯდეს. ეს მოიცავს სკოლისთვის გაღვიძების, ძილისა და კვების დროს.

  •  შეაგროვეთ საჭირო სასკოლო ნივთები სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და იზრუნეთ თქვენი შვილის  ზურგჩანთაზე.

  •  გაეცანით გაკვეთილების განრიგს. 

  • მიეცით თქვენს შვილს არჩევანის უფლება. სთხოვეთ თვითონ  აარჩიოს რას ჩაიცვამს სკოლაში პირველ დღეს. 
  • არჩევანის ქონა ბავშვებს აძლევს კონტროლის შეგრძნებას და მეტ თავდაჯერებულობას სკოლაში. (უმცროსი ბავშვების შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ვარიანტი და მისცეთ მათ გადაწყვეტილების უფლება.) 
  • შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ კლასელების ოჯახებს, ვისთანაც ბავშვი მეგობრობს. სკოლის დაწყებამდე შეეცადეთ გამოყოთ დრო, რომ თქვენი შვილი და მეგობარი თანაკლასელი შეახვედროთ ერთმანეთს, ითამაშონ და გაამხნეონ ერთმანეთი. 
  • როგორც წესი თქვენს შვილთან საუბარი და საბოლოოდ სკოლაში დაბრუნება არის წინაპირობა არსებული შფოთვის   შესამსუბუქებლად, მაგრამ თუ ეს სტრატეგიები არ დაგეხმარებათ, თვალი ადევნეთ იმას, რასაც ხედავთ. ჩანიშვნების გასაკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შფოთვის ჟურნალი. ჩანიშვნები გამოგადგებათ, თუ გადაწყვეტთ დახმარებისთვის მიმართოთ სპეციალისტს.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5