Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ოტორინოლარინგოლოგი და აუდიოლოგი მარიამ ქევანიშვილი. 

გვესაუბრეთ, როდის ტარდება სმენის გამოკვლევა და რა ნიშნები მიუთითებს ბავშვებში სმენის დაზიანებაზე

სმენის პირველადი სკრინინგი ტარდება სამშობიარო სახლებში. იმ შემთხვევაში, თუ სკრინინგის პასუხი არის საეჭვო აუცილებელია მისი ხელმეორედ გადამოწმება. ორჯერადად მიღებული დადებითი პასუხი მოითხოვს სმენის ობიექტურ გამოკვლევას (მსუბუქი სედაციით მიმდინარე კვლევა, რომელიც დაზუსტებით გვამცნობს სმენის დაქვეითების არსებობას და ასევე მის ხარისხს). რა თქმა უნდა, შესაძლებელია დაბადებისას სმენა იყოს ნორმაში და გარკვეულმა ფაქტორებმა გამოიწვიოს მისი დაქვეითება, ამიტომ საჭიროა ყურადღებით დავაკვირდეთ, ასრულებს თუ არა ბავშვი მისი ასაკისთვის შესაფერის მარტივ დავალებებს. მაგ: ღუღუნებს (ასაკისთვის დამახასიათებელ დროს), რეაგირებს ხმაურზე, თვალებით ეძებს ბგერის წყაროს (მაგალითად დედას, რომელიც ესაუბრება ), ამეტყველდა დროულად. ბუნებრივია, ამ მოცემულობების ვერ შესრულება ან დაგვიანებით შესრულება არ მიუთითებს 100%-ით სმენის დაქვეითებაზე. ეჭვის არსებობის შემთხვევაში საჭიროა გაკეთდეს სმენის გამოკვლევა. 

რა იწვევს სმენის დაქვეითებას

სამწუხაროდ, მუცლადყოფნისას გადატანილი ვირუსული ინფექციები, ანტიბიოტიკო თერაპია, ორსულის მიერ თამბაქოს მოხმარება, შეიძლება ამის მიზეზი გახდეს. ასევე, არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

როდის არის საჭირო სასმენი აპარატის გამოყენება?

სასმენი აპარატის გამოყენება აუცილებელია სმენის დაქვეითების დროს. ხალხში გავრცელებული მოსაზრება, რომ სმენის აპარატი აზარმაცებს სასმენ ნერვს, რა თქმა უნდა, მცდარია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სმენის დაქვეითების ხარისხი (3 და 4) მოითხოვს კოხლეარულ იმპლანტაციას, ოპერაციამდე სასმენი აპარატის მოხმარება აუცილებელია შემდგომი რეაბილიტაციის ხელშესაწყობად. 

აგვიხსენით, რას გულისხმობს კოხლეარული იმპლანტაცია

კოხლეარული იმპლანტაცია გახლავთ ქირურგიული ჩარევა და მისი ჩვენებები სმენის დაქვეითების მძიმე და უმძიმესი ხარისხია. იმ შემთხვევაში, თუ სასმენი აპარატი ვერ უზრუნველყოფს ბგერათა სათანადო გაძლიერებას, მივმართავთ ამ ჩარევას. ოპერაციის ხანგრძლივობა 2 საათამდე მერყეობს. ყურშიდა სტრუქტურებში სვამენ ელექტროდს, რომელიც უზრუნველყოფს ბგერის გაძლიერებასა და გატარებას სასმენ ნერვამდე.    

რომელ ასაკშია მიზანშეწონილი ოპერაციის ჩატარება? 

რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. იმისთვის, რომ არ მოხდეს სმენა მეტყველების ასაკთან ჩამორჩენა. 6 თვის ასაკიდან უკვე შესაძლებელია ჩარევა. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5