“დედამიცისს” ესაუბრება სმენისა და მეტყველების თერაპევტი თეონა გვალია.
რა არის სმენის დაზიანება და რა პრობლემებს უქმნის ბავშვს?
სმენის დაზიანება არის მდგომარეობა, როცა სმენის შესაძლებლობა შეზღუდულია, დაქვეითებულია სმენითი მგრძნობელობა, რაც ართულებს მეტყველებისა და გარემო ხმების გაგებას.
ბავშვებში მეტყველებისა და გაგების უნარი სმენაზე დაყრდნობით ვითარდება. ბგერებისა და სიტყვების მოსმენა ეხმარება ბავშვს ისწავლოს საუბარი და სხვათა საუბრის გაგება. შესაბამისად, სმენის დაზიანება აფერხებს ბავშვის მიერ ენისა და მეტყველების დაუფლებას, რაც, შემდგომში იწვევს სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს სკოლაში და საფრთხეს უქმნის ბავშვის სოციალიზაციას.
სმენის დაზიანების ეფექტიანი მართვის გასაღები დროულ და შესაბამის ჩარევაშია, რისთვისაც ადრეული გამოვლენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადრეული, დროული და ეფექტიანი მართვა სმენის დაზიანებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს თავიდან გვარიდებს ან საგრძნობლად ამსუბუქებს.
სმენის დაზიანებისა და ყურის დაავადებების გამოვლენა მოითხოვს სისტემატურ სკრინინგულ გამოკვლევებს, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის, რომელშიც ერთიანდებიან ახალშობილები და ჩვილები, ასევე წინა სასკოლო და სკოლის ასაკის ბავშვები.
სმენის დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო სიმპტომების ცოდნა დაეხმარება მშობელს პრობლემის ადრეულ იდენტიფიცირებასა და შესაბამისი თანმდევი ნაბიჯების გადადგმაში.
რით შეიძლება იყოს გამოწვეული სმენის დაზიანება დაბადებამდე და ჩვილობის ასაკში?
დაბადებამდე და ჩვილობის ასაკში გამოვლენილი სმენის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს გენეტიკური (და არა მემკვიდრული) ფაქტორებით, დედის მიერ გადატანილი ისეთი ინფექციებით, როგორებიცაა წითურა, ციტომეგალოვირუსი, ასფიქსია დაბადებისას, ჰიპერბილირუბინემია, მცირე წონა დაბადებისას, დაბადებისას გამოვლენილი სხვა გართულებები და მათ მართვასთან დაკავშირებული ჩარევები. წინა სასკოლო და სკოლის ასაკის ბავშვებში სმენის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს ყურის ქრონიკული ინფექციები, ყურში სითხის დაგროვება, მენინგიტი და სხვა ინფექციები.
რა არის სმენის დაზიანების გამოვლენის ყველაზე ეფექტიანი საშუალება?
თანდაყოლილი სმენის დაზიანების გამოვლენის ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი გზა ახალშობილთა სმენის სკრინინგია, რომელიც სამშობიაროშივე კეთდება. სკრინინგული გამოკვლევის ფუნქციაა ეჭვი მიგვატანინოს სავარაუდო სმენის დაზიანებაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი სამშობიაროში პირველად სკრინინგს ვერ გაივლის, აუცილებელია მეორადი სკრინინგის ჩატარება. თუ მეორადი სკრინინგიც ანალოგიურ შედეგს აჩვენებს, ბავშვს ჩაუტარდება უფრო ღრმა აუდიოლოგიური გამოკვლევები, რომლებიც ან უარყოფს გაჩენილ ეჭვს ან დაადასტურებს სმენის დაზიანებას და მისი ტიპისა და ხარისხის განსაზღვრის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შეირჩევა ჩარევის ოპტიმალური მეთოდი.
რა ასაკამდე უნდა გამოვავლინოთ სმენის დაზიანება?
იმისთვის, რომ სმენის დაზიანებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული, სმენის დაზიანების გამოვლენა და შესაბამისი ჩარევა 3 თვემდე ასაკში უნდა განხორციელდეს. ახალშობილთა სმენის სკრინინგი ამის შესაძლებლობას იძლევა და ის საქართველოს ყველა სამშობიაროშია ხელმისაწვდომი. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები და სამედიცინო პერსონალიც არ იჩენს სათანადო ყურადღებას პირველადი სკრინინგის შედეგების მიმართ და ბავშვი ვერ იღებს მეორად გადამოწმებას. შედეგად, იზრდება დაგვიანებული გამოვლენის რისკი. ამიტომ, ორივე მხარეს მართებს განსაკუთრებული მგრძნობელობა ამ კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი სმენის დაზიანების თვალსაზრისით რისკ-ჯგუფში შედის.