“დედამიცისს” ესაუბრება სმენისა და მეტყველების თერაპევტი თეონა გვალია.
გვესაუბრეთ იმ ნიშნებზე, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ბავშვებში სმენის დაზიანების პრობლემაზე?
უმცროსი ასაკის ბავშვებში სმენის დაზიანების შესაძლო ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
- ბავშვი არ რეაგირებს ხმამაღალ ბგერებზე;
- არ ეძებს ან ვერ განსაზღვრავს ბგერის წყაროს;
- წყვეტს ტიტინს და ხმების გამოცემას – საკუთარი ხმით ექსპერიმენტირებას;
- ტიტინებს, თუმცა არ გადადის უფრო გარჩევად მეტყველებაზე;
- არ რეაგირებს ზრდასრულის ხმაზე, მაშინაც კი, როდესაც ხელში უჭირავთ და ბგერის წყაროსთან ახლოსაა;
- არ აქვს ან აქვს ანომალიური ყურის ნიჟარა.
რაც შეეხება წინა სასკოლო და სკოლის ასაკს, შესაძლოა სმენის დაზიანებაზე ეჭვი გაგვიჩნდეს, თუ სახეზეა შემდეგი ნიშნები:
- არ აქვს რეაქცია მიმართვაზე;
- არ ასრულებს/ვერ იგებს მარტივ მითითებებს, მაგ., „დაიხურე ქუდი“;
- განიცდის სირთულეებს კომუნიკაციისას;
- მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები ჩამორჩება განვითარებაში;
- საუბრობს ძალიან ხმამაღლა;
- ტელევიზორს უსმენს მაღალ ხმაზე;
- ვერ იგებს ნათქვამს, თუკი უშუალოდ მოსაუბრეს არ უყურებს;
- არასწორად პასუხობს შეკითხვებზე;
- ვერ საზღვრავს, საიდან მოდის ბგერა;
- სკოლის შემდეგ შესამჩნევად დაღლილია, რადგან უწევს დიდი ძალისხმევის გაწევა გაგებისთვის;
- თავს იჩენს ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები;
- თავს იჩენს სირთულეები ურთიერთობების დამყარებისას;
- თავს იჩენს სირთულეები აკადემიური მოსწრების კუთხით.
რა რეკომენდაციას მისცემდით მშობელს, რომლის შვილსაც სმენის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს?
ბავშვის დიაგნოზის გაგებას ხშირად ახლავს ღელვა, შიში და სასოწარკვეთა მშობლების მხრიდან. ეს ბუნებრივია, რადგან სმენის დაზიანება არის გამოწვევა, რომელიც ჩვენგან ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლას მოითხოვს და აჩენს უამრავ კითხვას, თუ რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ. კითხვის ნიშნები ჩნდება ბავშვის მომავალთან დაკავშირებითაც. ილაპარაკებს ჩემი შვილი? შეძლებს მიიღოს განათლება? ეყოლება მეგობრები? გასათვალისწინებელია ისიც, რომ, კვლევების თანახმად, სმენის დაზიანების მქონე ბავშვების 90-95% იბადება ოჯახში, რომელსაც არ აქვს სმენის დაზიანების ისტორია, მათ რაღაც სრულიად ახალთან უწევთ გამკლავება.
რამდენად მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და რეაბილიტაცია ასეთი გამოწვევის დროს?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, სმენის დაზიანება არ არის განაჩენი. ტექნოლოგიური პროგრესი და კვლევასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო მეთოდებისა და მიდგომების მრავალფეროვნება სმენის დაზიანების ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, არის რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი, რომელიც პროცესის შედეგიანობას განსაზღვრავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის, არის დრო. ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყოველი წუთი. ადრეულ ასაკში დაწყებული სწორი რეაბილიტაცია სმენის დაზიანების მქონე ბავშვს აძლევს შესაძლებლობას განვითარდეს ნორმალური სმენის მქონე თანატოლის მსგავსად. როცა ვამბობთ ადრეულს, ვგულისხმობთ ერთ წლამდე ასაკს.
რა ასაკში უნდა არსებობდეს დიაგნოზი, რომ ჩარევა უფრო ეფექტიანი იყოს?
საუკეთესო პრაქტიკებით, 3 თვის ასაკში უკვე უნდა არსებობდეს ზუსტი დიაგნოზი და დიაგნოზზე დაფუძნებული ჩარევის გეგმა. 6 თვის ასაკამდე უნდა ჩაერთოს სმენის დამხმარე ტექნოლოგიები და შესაბამისი რეაბილიტაცია პროფესიონალის ხელმძღვანელობით. საქართველოში ამ კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები. არ გვაქვს სტანდარტი, რომელიც ამ პროცესებს დაარეგულირებს და სათანადო მხარდაჭერას გაუწევს მშობელს. ამიტომ, მშობლებს ხშირად თავად უწევთ ინფორმაციის მოძიება. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ეს გახლავთ – სანდო ინფორმაციის ფლობა. მშობლებს ვურჩევდი, დასვან რაც შეიძლება მეტი კითხვა, მოიძიონ და გაეცნონ ლიტერატურას, დაუკავშირდნენ სხვა გამოცდილ მშობლებს, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა და ღირებულ ცოდნას ფლობენ, ეძებონ კვალიფიციური სპეციალისტი. ჩვენ არ ვართ განებივრებულები სფეროში პროფესიონალი კადრის სიმრავლით, მაგრამ დღეს საქართველოში მაინც შესაძლებელია ამ კუთხით კვალიფიციური მხარდაჭერის მიღება.