“დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი რუსუდან ზაალიშვილი.
რა გავლენას ახდენს სოციალური მედია მოზარდებზე?
მას შემდეგ, რაც სოციალური მედია არსებობს, არის მრავალი მცდელობა, რომ მისი მოხმარება ავარიდოთ მოზარდებს. რეალობა კი ასეთია: სოციალური მედია მოზარდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 2018 წლის Pew Research Center– ის გამოკითხვის მიხედვით 13 – დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 45% მუდმივად ონლაინ რეჟიმშია, ხოლო, 97% იყენებს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებს. ეს კი, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ მომავალი თითქმის წარმოუდგენელია სოციალური მედიის გარეშე. ამიტომ დროა მასთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, ამისთვის კი მნიშვნელოვანია მასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის აღქმა.
რა უხილავი ეფექტები აქვს სოციალურ მედიას, რომელიც კარგი იქნებოდა, რომ მშობლებმაც გაითვალისწინონ პრევენციისთვის?
კიბერბულინგი, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, კონცენტრაციის პრობლემები იმ უხილავი რისკების მცირე ჩამონათვალია, რასაც სოციალური მედიის მოხმარება იწვევს.
მოზარდები უფრო მოწყვლადები არიან სოციალური მედიის ნეგატიური გავლენების მიმართ. მოზარდობის პერიოდისთვის სახასიათოა კონკრეტულ ჯგუფთან მიკუთვნებულობის სურვილი და სხვადასხვა რისკის შემცველი ქცევა. სოციალური მედიის ‘ზეწოლის’ შედეგად მოზარდები ხშირად ერთვებიან სარისკო ქცევებში. მაგ. მოზარდებმა სოც. მედიაში მოწონების, გაზიარების ან პოზიტიური რეაქციების მოპოვებისთვის შეიძლება გამოაქვეყნონ ისეთი ფოტო/ვიდეო ან დაწერონ ისეთი რამ, რაც შემდეგ გახდება კიბერბულინგის მიზეზი.
მოზარდობის პერიოდი ხშირად უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დაწყებას. სოციალურ მედიაში მოზარდები არ არიან დაცულები, ისინი შეიძლება გახდნენ სექსუალური ძალადობის, ბულინგის მსხვერპლები. იუნისეფის 30 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად 3 დან 1-მა ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ ისინი გამხდარან კიბერბულინგის მსხვერპლნი. უფრო მეტიც, სოციალური მედია ზრდის მოზარდების ტრავმატიზაციის რისკს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოციალურ მედიაში ტრავმული მასალების გამოქვეყნებამ შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ტრავმატიზაცია, შფოთვა, შიში, უმწეობის განცდა.
რა არის ის ნეგატიური ეფექტები, რასაც სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება იწვევს?
რთულია იმის დადგენა, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ იმოქმედებს სოციალური მედიის გამოყენება მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მაგრამ, ვეცდები მოკლედ შევაჯამო ის ძირითადი ნეგატიური ეფექტები, რაც ამჟამად კვლევებზე დაყრდნობით არის ცნობილი.
შფოთვისა და დეპრესიის განვითარების გაზრდილი რისკი
კვლევებმა დაადგინა კავშირი სოციალური მედიის ხშირი გამოყენებისა და გაზრდილი დეპრესიის და შფოთვის სიმპტომებს შორის. სოციალური მედიის მთავარი მიზანი ჩართულობის გაზრდაა, ამიტომ მოზარდებს აქვთ მუდმივი სურვილი, რომ რაიმე განათავსონ სოციალური მედიის პლატფორმაზე, სულ იყვნენ ონლაინ, რომ რამე არ გამორჩეთ. მეტიც, მოზარდები ბევრს ფიქრობენ, თუ როგორ წარმოაჩინონ საკუთარი თავი სოციალურ მედიაში; მათ სურთ ჰქონდეთ იდეალური ფოტო, იდეალური პოსტი და თუ ამას ვერ ასრულებენ, ეს ხდება დამატებითი შფოთვის წყარო. რომ შევაჯამოთ, სოციალური მედიის პლატფორმები მოზარდებისთვის ქმნის “სტანდარტებს” ,”მოლოდინებს” , არარეალურ “მისაბაძ ფიგურებს” და ის, რომ მოზარდებმა შეიძლება ვერ გაამართლონ ეს მოლოდინი ზრდის იზოლაციას, სტრესს და აქვეითებს მიკუთვნებულობის განცდას.
კვებითი აშლილობების განვითარების გაზრდილი რისკი
კვლევების თანახმად მოზარდები, რომლებიც უფრო მეტ დროს ატარებენ სოციალურ მედიაში, მეტად განიცდიან კვების დარღვევებს. სოციალური მედია მოზარდს სთავაზობს “იდეალურ” ადამიანებს და უქმნის ერთგვარ ილუზიას. მაგალითად: არავინ აჩენს, რომ აქვს სტრია, მხოლოდ “იდეალური” ტანი, სახე და ა. შ. როდესაც თინეიჯერი ამას უყურებს, რომელსაც ისედაც აქვს ეჭვები საკუთარ თავთან დაკავშირებით, ხომ არ მოიმატა, ან საკუთარი ცხვირი არ მოსწონს. ამის შედეგად მას უქვეითდება თვითშეფასება, უყალიბდება სხეულის უარყოფითი სურათი იმის გამო, რომ სხვებისთვის მისაღები გახდეს. მოზარდები ხშირად დიეტობენ და ამით უყალიბდებათ არაჯანსაღი კვების პატერნები. მოზარდი ხომ ისედაც ითვლის “ლაიქებს” , “გულებს” ინსტაგრამზე და თუ ცოტაა ლაიქები, თვლის, რომ არ არის მიღებული და მოწონებული იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც სურს, რომ მიეკუთვნებოდეს.
რეალობის დაბინდვა: აწმყოს არარსებობა
სოციალური მედია იმაზე არის მობილიზებული, რომ მოზარდმა საკუთარი ცხოვრება წარმოადგინოს იდეალურად, აჩვენოს ხალხს, როგორ იდეალურად ატარებს დღეს, როგორ კარგ ხასიათზეა, როგორ შესანიშნავად გამოიყურება და ა.შ. თუნდაც, ის რომ, მოზარდი ბუნებაშია და “სქროლავს”, დაბადების დღეზეა და ტიკტოკის ვიდეოებს უყურებს ან ვირტუალური ურთიერთობებით არის დაკავებული. იმის მაგივრად, რომ მოზარდმა დაამყაროს კავშირები, იყოს აქ და ამჟამად, სიამოვნებდეს ის პატარა ცხოვრებისეული მომენტები – ეს ყველაფერი სოციალურმა მედიამ ჩაანაცვლა.
რა არის ის პოზიტიური ეფექტები (სარგებელი), რასაც სოციალური მედია იწვევს?
სოციალური მედია შეიძლება იყოს საზიანო, მაგრამ ის ასევე აძლევს მოზარდებს სივრცეს, რომ იპოვონ თანამოაზრეები, მხარდაჭერის ჯგუფები და მათ ინტერესებთან დაკავშირებული “კონტენტი”.
მოზარდებს შეუძლიათ მიიღონ მრავალი სხვა სარგებელი სოციალური მედიის გამოყენებით:
• თანამშრომლობითი სწავლება: თქვენს შვილს შეუძლია გამოიყენოს სოციალური მედია საგანმანათლებლო შინაარსის გასაზიარებლად, არაფორმალური ან ფორმალური განათლებისთვის.
• კრეატიულობა: თქვენს შვილს შეუძლია იყოს შემოქმედებითი სოციალურ მედიაში. განათავსოს კრეატიული ფოტოები, ვიდეოები.
• ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: ოჯახთან და მეგობრებთან დაკავშირებამ და ადგილობრივ და გლობალურ ონლაინ საზოგადოებებში მონაწილეობამ შეიძლება მისცეს თქვენს შვილს კავშირისა და კუთვნილების განცდა.
სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის, როდესაც ხედავს, რომ მისი შვილი ჭარბად მოიხმარს სოციალურ მედიას?
როდესაც სოციალურ მედიაზე ვსაუბრობთ, სასწორის პინაზე უნდა დავდოთ რისკები და სარგებელი და უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ბალანსი.
- დაფიქრდით: რა არის მიზეზი, რის გამოც მოზარდი ამდენ დროს ატარებს სოციალურ მედიაში? ხომ არ არის რამე ისეთი მის რეალობაში, რასაც გაურბის?
მიეცით მაგალითი: ეცადეთ, რომ შეზღუდოთ ტელეფონის გამოყენების დრო და მოზარდთან კომუნიკაციის დროს გადადეთ ტელეფონი.
ინფორმირება: გაზარდეთ მოზარდის ცნობიერება სოციალურ მედიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პრივატულობა.
დანერგეთ “უტელეფონო” საათის კულტურა: სადილობის დროს ან ვახშმობის დროს ოჯახის ყველა წევრმა გადადეთ ტელეფონი. ამ პატარა ხრიკის გამოყენებით, მოზარდი შეიძლება მიხვდეს, რომ შესაძლებელია ცხოვრება სოციალური მედიისა და ტელეფონის გარეშეც.
შევამციროთ მოზარდების მიერ სოციალური მედიის გამოყენების დრო: მასთან შეთანხმებით დააყენეთ დროის ლიმიტი და “მშობლის კონტროლი”. აუხსენით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს.
ესაუბრეთ ღიად. მნიშვნელოვანია მოზარდმა იცოდეს, რომ ის მარტო არ არის და ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს თქვენგან მხარდაჭერა.
ჩართეთ მოზარდი ისეთ აქტივობებში, რომელიც მას „აქ და ამჟამად“ ყოფნაში დაეხმარება: გაატარეთ დრო ბუნებაში, წაახალისეთ მოზარდი დაკავდეს ხელოვნებით, ვარჯიშით, „მაინდფულნესით“ ან მედიტაციით.
საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს: თუ მოზარდს უჭირს გამოწვევებთან/პრობლემებთან გამკლავება მიმართეთ პროფესიონალურ დახმარებას.