Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა მალანია. 

რას გულისხმობს სოციალური განვითარება? 

ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე გადის განვითარების რთულ და გრძელ გზას. იგი ვითარდება: ფიზიკურად, კოგნიტურად, სოციალურად, სექსუალურად, მორალურად, ემოციურად.  ამჯერად განვიხილავთ ადამიანის სოციალური განვითარების თავისებურებებს  სკოლამდელ ასაკში. 

არისტოტელეს ეკუთვნის ყველასთვის ცნობილი გამონათქვამი, „ადამიანი არის სოციალური ცხოველი“. დაბადებისას ის ხდება მიკრო და მაკრო სოციუმის წევრი, მას დაბადებიდან აქვს თავისი როლი (შვილის როლი). ზრდა და განვითარებასთან ერთად სოციალური როლების რაოდენობა იზრდება. სოციალური განვითარება დაბადების პირველივე წამებიდან იწყება და ის გულისხმობს ურთიერთობის დამყარებას გარემოსთან და გარშემომყოფებთან. ადამიანს აქვს თავისი მიკრო სოციუმი და ასევე არის მაკრო სოციუმის წევრი, მას აქვს სხვადასხვა სოციალური როლები  (დედა, შვილი, მეგობარი, ახლობელი და ა.შ). ადამიანს არ შეუძლია არსებობა სხვა ადამიანების გარეშე.

ბავშვი როგორც სოციალური არსება, ადრეული ასაკიდანვე იჩენს   სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარების ინიციატივას  (მაგ: 6 თვის ბავშვი უღიმის დედას). ის გამოხატავს სიხარულს სიცილით, როცა მისთვის ნაცნობს ხედავს, ასევე მზრუნველთან განშორებას –  ტირილით. 

ალბერტ ბანდურა სოციალური დასწავლის თეორიის ავტორია. ეს თეორია გულისხმობს, რომ ადამიანი სწავლობს სხვებზე დაკვირვებით. ბავშვი აკვირდება სხვებს და ცდილობს გაიმეოროს ის მოქმედებები, რასაც კონკრეტულ მომენტში ახორციელებს ის, ვისაც აკვირდება. 

რას მოიცავს სოციალურემოციური სფერო? 

სოციალურ-ემოციური სფერო თავის მხრივ მოიცავს: თვითიდენტობას, რაც გულისხმობს ადამიანის წარმოდგენას საკუთარ თავზე (ვინ არის, რომელ სქესს მიეკუთვნება, რომელ ეთნოსს მიეკუთვნება და ა.შ.), თვითშეფასებას, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას (დადებითად ვაფასებ თუ უარყოფითად საკუთარ თავს, საკუთარ ქცევებს, საკუთარ დამოკიდებულებებს, საკუთარ გარეგნობას და ა.შ.), თვითმართვას, რომელშიც იგულისხმება საკუთარი ქცევების და ემოციების მართვა (მაგ: წესების დაცვა, ნებისყოფა, სტრესული სიტუაციის დაძლევა და ა.შ.) თვითგამოხატვას, რომელშიც იგულისხმება ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების და დამოკიდებულებების გაგება და მათი გამოხატვა. ურთიერთობას, რაც გულისხმობს სხვებთან ურთიერთობის დამყარებას. ადაპტაციურ სოციალურ ქცევას, რომელშიც იგულისხმება ბავშვის უნარი შეეგუოს იმ გარემოს და იმ ადამიანებს, სადაც უწევს ფუნქციონირება. ერთი მხრივ გამოხატოს საკუთარი ემოციები, დამოკიდებულებები და მეორე მხრივ გაიგოს სხვების ემოციები და დამოკიდებულებები. გაიაზროს, რომ მისი შეხედულებები არის ერთ-ერთი და სხვა ყველა ადამიანს, რომლებთანაც უწევს ურთიერთობა, თავიანთი შეხედულებები აქვთ. 

რა თავისებურებით ხასიათდება სკოლამდელი ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება? 

3 წლიდან ბავშვი იწყებს თანატოლებთან თამაშს (ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა 3 წლამდე ბავშვები თავიანთ თანატოლებთან თამაშის სურვილს არ იჩენენ). 3 წლიდან ბავშვი იწყებს იმის გამოხატვას, თუ რა აინტერესებს მას, რისი თამაში მოსწონს და რა საქმიანობით სურს, რომ დაკავდეს, დამოუკიდებლად ცდის ახალ ქმედებებს, აქვს წარმოდგენა საკუთარი თავის ძლიერ მხარეებზე, იცის რა გამოსდის კარგად. 

ბავშვმა იცის იმ ადგილის სახელი, სადაც ცხოვრობს, საკუთარ თავს მიაკუთვნებს სქესს, ასახელებს თავის ოჯახის წევრებს და იცის, რომ ოჯახი გარკვეულ ერთობას წარმოადგენს. თამაშის დროს შეუძლია თანამშრომლობა და ასევე შეუძლია ინიციატივის გამოჩენა. ბავშვი 3 წლიდან იწყებს საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას, რა მოსწონს და რა არ მოსწონს. შეუძლია წესების დაცვა და სხვებისგანაც მოითხოვს ამას. 

3-დან 6 წლამდე ბავშვები იწყებენ წარმოსახვით თამაშებს, იწყებენ გათამაშებას სიუჟეტების და როლების, რეალური ცხოვრებიდან. 

3-დან 6 წლამდე არის სკოლამდელი ასაკი, რა დროსაც ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების ამოცნობა და დასახელება, ასევე სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა და დასახელება. ამ ასაკში ბავშვებს მშობლები ეხმარებიან საკუთარი თავის გაკონტროლებაში და კონფლიქტების მოგვარებაში. ბავშვი ცდილობს საკუთარი ქცევები მოარგოს იმ გარემოს, რომელშიც კონკრეტულ მომენტში ფუნქციონირება უწევს. ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების და იმპულსების მართვა, სიამოვნების ან ჯილდოს გადავადება, ყოველივე ეს ხდება მშობლის, მზრუნველის ხელშეწყობით, მათი მხარდაჭერით. 

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სოციალურ განვითარებას?

ის, თუ როგორი კონტაქტი დამყარდება დედასა და შვილს შორის დაბადების პირველივე წუთებიდან, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვს შემდგომში  როგორი დამოკიდებულება ექნება სამყაროს მიმართ. თუ ბავშვმა პირველივე წამებიდან იგრძნო დედასთან კონტაქტი (შეხება, ჩახუტება), ასევე კმაყოფილდება ყველა მისი მოთხოვნილება (ჭამა, ძილი და ა.შ.) ბავშვი სამყაროს აღიქვამს, როგორც სანდოს, უსაფრთხოს.  3 წლიდან ბავშვი ინიციატივას იჩენს დამოუკიდებლად შეასრულოს გარკვეული საქმიანობები, მნიშვნელოვანია მშობელმა წაახალისოს ის, შეუქმნას მრავალფეროვანი გარემო, რათა პატარამ საკუთარი თავი მოსინჯოს სხვადასხვა საქმიანობაში. საჭიროა, ბავშვს მივცეთ თავისუფალი დრო შეიმეცნოს გარკვეული საგნები, ბევრი ითამაშოს, დიდი დრო გაატაროს თანატოლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა წავახალისოთ და შევაქოთ ბავშვები, მათ მიერ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისთვის. ბავშვი სხვებზე დაკვირვებით სწავლობს, გამომდინარე აქედან, თუ გვინდა ბავშვმა გარკვეული ქცევები ისწავლოს და შემდგომ განახორციელოს, მნიშვნელოვანია ამ ქცევების მაგალითი ჩვენ ვანახოთ. მან უნდა დაინახოს, რომ ოჯახის წევრები პატივს სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს და ეხმარებიან და გვერდით უდგანან ერთმანეთს. ბავშვს ვეთამაშოთ ისეთი თამაშები, რომლებიც წესების დაცვას და სხვის შეხედულებების გათვალისწინებას მოითხოვს, ეს ძალიან დაეხმარება საბავშვო ბაღში და სკოლაში თავის თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში.

ბავშვებს ეთამაშეთ „ვითომ-ვითომ“ თამაშები. წაუკითხეთ ზღაპრები, რომელშიც ასახული იქნება ოჯახის წევრების და მეგობრების ურთიერთობები და შემდეგ ბავშვთან ერთად განიხილეთ პერსონაჟები. მიეცით ბავშვს უფლება თავად მოაგვაროს პრობლემები თანატოლებთან და ჩაერიეთ მხოლოდ მაშინ, თუ სიტუაცია გამწვავდება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5