Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრგამმას”   ქცევითი თერაპევტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის ფსიქოლოგი ანა სხულუხია.

გვესაუბრეთ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვის სოციალურემოციურ განვითარებას და რა ეხმარება ამ სფეროს განვითარებას?

სოციალურ-ემოციური განვითარება წარმოადგენს ბავშვის ზოგადი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროს, რაც ეხმარება მას გააცნობიეროს საკუთარი ემოციები, შეძლოს ამ ემოციების მართვა და გამოხატვა, გაიგოს სხვების ემოციები და ადეკვატურად უპასუხოს მათ, ისწავლოს და გაიაზროს სხვებთან ურთიერთობის წესები, შეძლოს პოზიტიური ურთიერთობის წამოწყება და შენარჩუნება. 

სოციალურ-ემოციური განვითარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური უნარების განვითარება. სოციალურ-ემოციური უნარების ჩამოყალიბება იწყება სკოლამდელ და სასკოლო ასაკში, მაგრამ განაგრძობს განვითარებას ზრდასრულ ასაკშიც.

სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება ბავშვს ეხმარება:

• საგაკვეთილო პროცესის დროს იჯდეს მშვიდად და უსმინოს მასწავლებელს;

• მოიქცეს სოციალური ნორმების შესაბამისად და ისწავლოს იმპულსების კონტროლი;

• თამაშის პროცესში გაუზიაროს სათამაშო მეგობარს და გამოხატოს ემოციები სათანადო გზით;

• იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი – მშობლის მინიმალური დახმარებით ან დახმარების გარეშე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ახალ სიტუაციებში;

• მშვიდად მიიღოს და არ გააპროტესტოს წაგება მეგობართან თამაშის დროს.

გაითვალისწინეთ, რომ აღზრდაში ჩართულ ადამიანებსა და ბავშვს შორის დადებითი ურთიერთობები ბავშვის სწავლისა და განვითარების მყარი საფუძველია. ადრეული ასაკი მოწყვლადი პერიოდია. ბავშვის ემოციური კეთილდღეობა, მისი სწავლა-განვითარება მჭიდრო კავშირშია უფროსებთან ურთიერთობასთან.  

თქვენი დამოკიდებულება ბავშვისადმი პირდაპირ აისახება მის განვითარებაზე. ბავშვებს ძალიან ხანმოკლე გამოცდილება აქვთ. ისინი არ იბადებიან საკუთარ თავზე უკვე დაგროვილი გამოცდილებით და მყარი წარმოდგენებით, შესაბამისად, მშობელთან ურთიერთობა აისახება ბავშვის საკუთარი თავის და შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენებზე. 

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ასწავლოთ და განუვითაროთ თვითრეგულირების უნარი თქვენს შვილს:

• ასწავლეთ ბავშვს ემოციების გამოხატვა და საუბარი საკუთარი ემოციების შესახებ, მაგ.: როდესაც თქვენი შვილი მოდის თქვენთან და გეუბნებათ, რომ მის თანატოლებს მასთან თამაში არ სურთ, დააფიქსირებინეთ თავისი განცდები და შემდეგ შესთავაზეთ დახმარება. 

• დაგეგმეთ რთული სიტუაციები, სადაც ბავშვს თავად ექნება შესაძლებლობა, პრობლემა მოაგვაროს. წაახალისეთ მისი დამოუკიდებლობა ამ პროცესში.

• ჩართეთ ბავშვი პრობლემის გადაჭრასა და რთულ სიტუაციებზე მსჯელობაში. მოისმინეთ მისი აზრი ემპათიით. ამ გზით ბავშვს ასწავლით სხვების ემოციების გაგებას და ადეკვატურ რეაგირებას. ის ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი გრძნობების გაგება, ნაკლებად აგრესიულები არიან. 

• შეაქეთ თქვენი შვილი, როდესაც ის გაუმკლავდება  რთულ სიტუაციას. მაგალითად, „შენ მშვენივრად ელოდი შენს რიგს“, ან „მომეწონა როგორ შეაქე შენი მეგობარი თამაშის პროცესში“.

• შეეცადეთ, იყოთ ბავშვისთვის მოდელი. როცა მშობელი თავად ახერხებს საკუთარი პოზიტიური თუ ნეგატიური ემოციების ვერბალიზებას, ეს  ეხმარება ბავშვს იმის გაცნობიერებაში, რომ ემოციების გამოხატვა და მართვა შესაძლებელი და აუცილებელიც კია. მაგალითად, „მე ძალიან მინდა გავაგრძელო ეზოს დალაგება, მაგრამ თუ ახლა არ დავასრულე ყვავილების დარგვა, ფეხბურთზე დროულად ვერ მიგიყვანთ“. 

• მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოლოდინი შეესაბამებოდეს თქვენი ბავშვის ასაკს და განვითარების ეტაპს. ეს დაეხმარება თქვენს შვილს, თავიდან აიცილოს იმედგაცრუება, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს თუ მას იმას მოსთხოვთ, რაც მისი ასაკის ან განვითარების დონის შეუსაბამოა. 

პროფესიონალების დახმარებას მიმართეთ მაშინ, თუ ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად უფრო ხშირად იქცევა გამომწვევად, თუ თავისი ქცევით აზიანებს სხვებს და საკუთარ თავსაც, თუ უჭირს სხვებთან ურთიერთობა, თუ არ აქვს შესაბამისი სოციალური უნარები, რომ დაამყაროს თანატოლებთან ურთიერთობა.

📖 გამოყენებული ლიტერატურა:

• https://raisingchildren.net.au/toddlers/behaviour/understanding-behaviour/self-regulation

• https://www.weareteachers.com/emotional-regulation/

• http://inclusion.ge/res/docs/2019012113462151451.pdf?fbclid=IwAR02tZCi_Pcjg4ZectZBlpTCpvc69ntoflCiz0QeEm9e-8m8MZ1chxwLUWM

• https://gtlcenter.org/sites/default/files/TeachingtheWholeChild.pdf?fbclid=IwAR05EVZ1ncUSC1lQf5EbawnxtbOkrNm3AmUdhWjCHUZIaV9WLY_D2p2LB7c

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5