“დედამიცის”-ს ესაუბრება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი – რუსუდან ზაალიშვილი.
რას გულისხმობს სოციალურ-ემოციური განვითარების სფერო?
როდესაც ვსაუბრობთ ბავშვის განვითარებაზე, ხშირ შემთხვევაში, უფრო დიდი ყურადღება ეთმობა მათ ფიზიკურ, კოგნიტიურ და მეტყველების განვითარებას. იმას თუ რამდენად კარგად ანგარიშობს, ან იმახსოვრებს ლექსს; ხოლო, ნაკლები ყურადღება ექცევა მის სოციო-ემოციურ განვითარებას, რისი მეშვეობითაც ბავშვი ვითარდება, სწავლობს სოციალურ ურთიერთობებსა და ინარჩუნებს კეთილდღეობას. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ბავშვის განვითარება იყოს კომპლექსური და თანმიმდევრული, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მის სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა.
სოციო-ემოციური განვითარება გულისხმობს იმას, თუ როგორ იწყებენ ბავშვები საკუთარი თავის შემეცნებისა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბების პროცესს. აცნობიერებენ – ვინ არიან, რას გრძნობენ და რას ელიან სხვებთან ურთიერთობისას. ეს კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის თავდაჯერებულობაზე და განაპირობებს შემდგომ სხვა უნარების განვითარებას – ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს პოზიტიური ურთიერთობები გარშემომყოფებთან, შეძლოს საკუთარი ემოციებისა და გრძნობების განცდა, მართვა და გამოხატვა; ჰქონდეს გარშემომყოფი ადამიანების გაგებისა და თანაგრძნობის უნარი, შეისწავლოს, გააცნობიეროს გარემო, შეძლოს სწორი კომუნიკაციის დამყარება, პოზიტიური მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. სოციო-ემოციური განვითარება მყარ ფუნდამენტს ქმნის იმისათვის, რომ ბავშვები მომავალში ცხოვრებისეულ გამოწვევებს უფრო ჯანსაღი სტრატეგიებით გაუმკლავდნენ.
სოციო-ემოციური განვითარება მოიცავს ხუთ ძირითად ასპექტს: თვითშემეცნებას, თვითრეგულაციას, სოციალურ ცნობიერებას, ურთიერთობის უნარსა და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილების მიღებას. თვითშემეცნება გულისხმობს, როგორც, საკუთარი ემოციებისა და ღირებულებების ამოცნობას, ასევე ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას. განვითარების ამ პროცესში მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, თუ როგორ იწყებენ ბავშვები საკუთარი თავის შეცნობას, პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას, ანუ ვინ არიან და რას გრძნობენ სხვებთან ურთიერთობისას. ხოლო, თვითრეგულირება მოიცავს ემოციების, აზრებისა და ქცევების რეგულირების უნარს; ეს ასევე გულისხმობს სტრესისა და იმპულსის მართვას. სოციალური ცნობიერება მოიცავს სხვადასხვა პერსპექტივისა და აზრის თანაგრძნობის უნარს, ასევე სოციალური ნორმების გათვალისწინებას, რაც წარმოადგენს ემპათიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ურთიერთობის უნარი მოიცავს ინდივიდებთან და ჯგუფებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარს. და ბოლოს, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილების მიღების უნარი არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის საჭირო უნარია, არამედ ბავშვებისთვისაც, რათა მათ შეძლონ თავიანთი ქმედებების რეალისტური შეფასება და შედეგების გათვალისწინება. თუ ბავშვს ეს უნარები არ აქვს სათანადოდ განვითარებული, ეს აფერხებს მის საზოგადოებაში ინტეგრირებას და კარგ აკადემიურ მოსწრებას, ხოლო თუ აქვს – ეს განაპირობებს ბავშვის თავდაჯერებულობას, ეხმარება ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს პოზიტიური ურთიერთობები, გარშემომყოფი ადამიანების გაგების უნარი, შეისწავლოს გარემო და დაამყაროს მასთან ურთიერთობა.
მშობელს რა როლი აკისრია ამ უნარების განვითარებაში?
ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ბავშვთან დიდ დროს ატარებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარების პროცესში. ხშირ შემთხვევაში, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა უფრო დანაწევრებულად ხდება – ცალკე – სკოლა, ცალკე – მშობლები და სხვა. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის განვითარება და კეთილდღეობა ერთი დიდი მოცემულობაა და ამას ჰოლისტურად უნდა მივუდგეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა ბავშვის სოციო-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვის დროს. ეს უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ სკოლაში, ან მხოლოდ სახლში, ასეთი მიდგომა უნდა იყოს ყველგან, სადაც ბავშვი იმყოფება. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლასა და ოჯახს შორის იყოს მყარი ურთიერთობები, არსებობდეს ერთიანი გეგმა, სადაც მშობელს აქვს თავისი მიმართულებები და სკოლას თავისი.
სოციო-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა დაბადებიდან იწყება. ტიპური სოციო-ემოციური განვითარება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვანაირად გამოიყურება. მაგალითად, 5-დან 7 წლის ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია თანაგრძნობის უნარის განვითარება, იმპულსური ქცევის კონტროლის დასწავლა, ემოციების იდენტიფიცირება, მორალური ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სხვა. 8-დან 9 წლის ბავშვებში მნიშვნელოვანია ინდივიდუალურობა და დამოუკიდებლობა. 10-დან 11 წლის ბავშვებში აქცენტი კეთდება კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარზე. ხოლო, 12 წლიდან ზემოთ ასაკში მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა, სოციალურ სამყაროსთან ადაპტაცია, თანატოლების მიმღებლობა, თავდაჯერებულობა, უარის თქმის უნარი და სხვა. ეს ჩარჩო მშობლისთვის შეიძლება იყოს დამხმარე იმისათვის, თუ რა უნარების განვითარებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რაც გაამარტივებს სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას.
მშობლის როლი, რა თქმა უნდა, უმთავრესია. მნიშვნელოვანია ბავშვმა იგრძნოს, რომ მშობელი არის მისი მხარდაჭერის წყარო, რომელთანაც შეძლებს გარკვეული წინაღობების და სტრესული სიტუაციების ფონზე მისვლას და გაზიარებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია კომფორტული, მხარდამჭერი და გამზიარებელი გარემო იყოს ბავშვისთვის შექმნილი. როდესაც, ბავშვებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენო დროის ხარისხიანად გატარება მათთან. შესაძლებელია, მშობელი რეალურად ბევრ დროს ატარებდეს ბავშვებთან, მაგრამ ეს დრო არ იყოს ხარისხიანი. ამიტომ მშობლები რეალურად უნდა ჩაერთონ შვილებთან აქტივობებში. და როდესაც ბავშვები განიცდიან ან მარცხს ან წარუმატებლობას, დავეხმაროთ მათ იმის გააზრებაში, რომ ეს პროცესი და მათი ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება ან წაგება და მხოლოდ შედეგზე არ იყვნენ ორიენტირებულნი.
რეკომენდაციები სოციო-ემოციური უნარების განსავითარებლად:
ხელი შეუწყვეთ ზრდაზე ორიენტირებულ აზროვნების სტილს. წაახალისეთ თქვენი ბავშვისთვის ახალი აქტივობები და შეეცადეთ, გაუღვივოთ ახალი ინტერესების სფერო. ხშირად ვიყენებთ წახალისების ისეთ ტექნიკებს, რომლებიც რეალურად ფიქსირებულ აზროვნების სტილზე მიუთითებს, მაგალითად: ,,შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, ამ საქმისთვის დაიბადე”, ამ აზროვნების სტილის მქონე ბავშვებს კი სჯერათ, რომ მათი შესაძლებლობები და თვისებები თანდაყოლილია. ხოლო, ისეთი ფრაზები როგორიც არის “რამდენი იშრომე ამ პრობლემის გადასაჭრელად” ხელს უწყობს ზრდაზე/განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების სტილის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ჯამში უკეთ უვითარებს ბავშვებს პრობლემების გადაჭრისა და გამოწვევებთან გამკლავების უნარებს.
ცნობიერების ამაღლება ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპების შესახებ. ბავშვებში ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარების ეფექტურად წახალისების მიზნით, მშობლები სასურველია ფლობდნენ საბაზისო ცოდნას ბავშვებისა და მოზარდების ზრდისა და განვითარების ეტაპების შესახებ. ბავშვის სოციალური, ემოციური მოთხოვნილებების გააზრებით მშობლებს შეუძლიათ სათანადოდ უპასუხონ ბავშვის საჭიროებებს.
გაითვალისწინეთ, თუ როგორ განსხვავებულად რეაგირებს თითოეული ბავშვი გარემოზე და გარშემომყოფებზე.
ზრდაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. ადრეული ასაკიდან მშობლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაში. ადრეულ წლებში ბავშვებს აქვთ ძირითადი მოთხოვნილებები: საკვები, თავშესაფარი, უსაფრთხოება და კომფორტი. ბავშვების ზრდასთან ერთად, მათი ავტონომიის გაზრდა და ასაკის შესაბამისი მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა ხელს უწყობს შესაბამისი ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. ამისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ყოველდღიური რეჟიმი; ხოლო თუ მათ რუტინაში (რეჟიმში) რაიმე ცვლილებაა, საჭიროა, რომ ბავშვს ეს გავაცნოთ, რათა თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ერთ-ერთი გზა ვიზუალური გრაფიკის შექმნაც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
ჯანმრთელი სოციალური და ემოციური უნარების მოდელირება. მშობლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბავშვებში სოციალური და ემოციური რეაგირების ფორმირებაში.
გამოხატეთ და აჩვენეთ თქვენი გრძნობები. აჩვენეთ თქვენს შვილს, როდის ხართ ბედნიერი ან მოწყენილი. ეს მათ სხვების მიმართ ემპათიის განვითარებაში ეხმარება.
აღიარეთ თქვენი ბავშვის გრძნობები. დაეხმარეთ მათ ისაუბრონ იმაზე, რასაც გრძნობენ და როგორ გრძნობენ თავს. მნიშვნელოვანია, უსაფრთხო და ღია გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, რათა აღიარონ და გამოხატონ გრძნობები, რაც ხელს შეუწყობს მათ ჯანმრთელ ემოციურ განვითარებას.
იპოვეთ წარმოსახვითი ემოციების ამოცნობის შესაძლებლობები. მაგალითად, მოთხრობების კითხვა საშუალებას გაძლევთ განიხილოთ კავშირი ქცევასა და ემოციებს შორის.
რა არის დღეს, პანდემიურ მოცემულობაში ყველაზე დიდი გამოწვევა?
პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ბავშვების იმ პროცესებში ჩართვა, რაც მათ სოციო-ემოციური განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია. დისტანციურ რეჟიმში სწავლება ვერ უზრუნველყოფს სოციო-ემოციურ განვითარებას, ვინაიდან თანატოლებთან ინტერაქცია, არაფორმალური განათლება, წრეებში ჩართვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე, ვფიქრობ გაჯეტებთან არა მიზნობრივი დროის გატარებაც მნიშვნელოვნად აფერხებს ამ პროცესს. ტექნოლოგიების განვითარებამ ბავშვები საერთოდ მოწყვიტა აწმყოში ყოფნას და გაჯეტი გახდა მათი ყოველდღიურობის ნაწილი. ვინაიდან გაჯეტი უფრო დიდ სტიმულს წარმოადგენს ტვინისთვის, ვიდრე სოციალური ურთიერთობები. მნიშვნელოვანია “უგაჯეტო” დროის გამოყოფა და ისეთი აქტივობების დანერგვა,რაც ბავშვების “აქ და ამჟამად” ყოფნას შეუწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს ბუნებაში სეირნობა, ცხოველებთან ურთიერთობა, ხატვა და სხვა.