Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმის “დედამ იცის” კითხვებს უპასუხებს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ფსიქოდიაგნოსტირებისა და რეაბილიტაციის სამსახურის ფსიქოლოგი კესო ჭურღულია.

გვესაუბრეთ როგორ ვითარდება სოციალურკომუნიკაციური უნარები ბავშვებში და რა როლი აქვს საბავშვო ბაღს ამ უნარების განვითარების კუთხით? 

სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანი სოციალური არსებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება სოციალიზაცია და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. სოციალიზაცია – ეს არის ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე პროცესი, როდესაც ადამიანი ითვისებს კონკრეტულ კულტურასა თუ საზოგადოებაში არსებულ სოციალურად მისაღებ ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა თუ ქცევის სტანდარტებს, ნორმებსა და მოდელებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, პირველ რიგში, ოჯახს, რადგან, როგორც წესი, ეს არის პირველი მიკროსოციუმი, რომელთანაც შეხება აქვს ბავშვს. ზრდასთან ერთად ეს წრე ფართოვდება და ბავშვის ცხოვრებაში შემოდიან სხვა უფროსები, თანატოლები, სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებები (ბაღი, სკოლა) და ა.შ. რაც შეეხება კომუნიკაციას – ეს არის აზრების, გრძნობებისა და ემოციების, ზოგადად, შეტყობინებებისა და ინფორმაციის როგორც გადაცემის, ასევე, მიღების პროცესი. კომუნიკაცია მოიცავს ადამიანებთან ურთიერთობას სიტყვიერად, წერილობით, ჟესტებით, მიმიკით ანუ ის შეიძლება იყოს როგორც ვერბალური, ასევე, არავერბალური. ბავშვი, ფაქტობრივად, დაბადებიდანვე ამყარებს კომუნიკაციას აღმზრდელებთან თუ მასზე მზრუნველ პირებთან, თავიდან – საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით – ტირის, როდესაც შია, როდესაც რაიმე აწუხებს და ა.შ. ჩვილობაში იგი სარკისებურად აირეკლავს სხვათა ემოციებს – იღიმის, როდესაც უღიმიან, ცდილობს სხვადასხვა მიმიკისა თუ გამომეტყველების მიბაძვასა და იმიტაციას. ზრდასა და განვითარებასთან ერთად იგი იწყებს შთაბეჭდილებების გაზიარებას და ცდილობს მიაპყროს უფროსის ყურადღება მისთვის საინტერესო მოვლენისკენ, თამაშის პროცესში რთავს და უზიარებს გარშემომყოფებს, არის ინიციატორი, რომ ეთამაშონ. 

როგორც ვიცით, ბავშვის განვითარება მოიცავს სხვადასხვა სფეროს, რომლებიც ერთმანეთისაგან იზოლირებულად არ ვითარდება და ერთი რომელიმე სფეროს განვითარება დაკავშირებულია ან დამოკიდებულია სხვა სფეროების განვითარებაზეც. როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ-კომუნიკაციურ უნარებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვის ემოციური და ენა-მეტყველების უნარების განვითარებაც. იმისათვის, რომ ბავშვმა ადეკვატური და ეფექტური ურთიერთობა დაამყაროს გარემოსთან და გარშემომყოფებთან, ერთი მხრივ, მას უნდა შეეძლოს საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა, გაგება, სახელდება, გამოხატვა, თანაგრძნობა, სათანადოდ რეაგირება და, ასევე, იმის ცოდნაც, რომ სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას. მეორე მხრივ, მას სჭირდება სათანადო რესურსი ან, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი ენისა და მეტყველების სახით, რომ ზემოთ ხსენებული ქმედებები განახორციელოს. როგორც წესი, როდესაც ენა-მეტყველების უნარები არ არის სათანადოდ განვითარებული ან უფროსების მხრიდან არ არის წახალისებული, რომ ბავშვმა საკუთარი სურვილები, გრძნობები და მოთხოვნილებები სიტყვიერად გამოხატოს, თავს იჩენს ხოლმე ქცევის გარკვეული სირთულეები, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს კომუნიკაციის გართულებას როგორც უფროსებთან, ასევე, თანატოლებთან. ამ შემთხვევაში, უფროსის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს დაეხმაროს საკუთარი მდგომარეობის ვერბალიზებაში და თავად იყოს სხვადასხვა სიტუაციაში მეტნაკლებად სწორი და სოციალურად მისაღები ქცევის მოდელი. სკოლამდელ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. სიმბოლურ-წარმოსახვითი და როლური თამაშები, რომელიც ბავშვს ეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაცია თუ სცენარი თამაშში გადაიტანოს, რითაც იგი იძენს ცოდნას იმის შესახებ, თუ კონკრეტულ სიტუაციაში რა მოლოდინი და რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. 

რაც შეეხება საბავშვო ბაღს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს პანდემიის შემაფერხებელი გავლენა, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა სკოლამდელი ასაკის ბავშვების სოციალიზაციაზეც. პირად გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით, მშობელთა უმრავლესობა, ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებს შვილების საბავშვო ბაღში ტარებისაგან. თანატოლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა, შესაძლოა იყოს სხვადასხვა სირთულის გამომწვევი არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი როგორც ტიპური, ასევე, არატიპური განვითარების ბავშვების შემთხვევაში. ბაღი, როგორც წესი, ის გარემო უნდა იყოს, სადაც ბავშვს პირველად უწევს ოჯახში ათვისებული ქცევის წესებისა თუ ნორმების გადატანა, განზოგადება/გავრცობა, გამოყენება და ახალი წესების ათვისება. ასევე, ბავშვი იგებს, რომ სხვადასხვა გარემოში განსხვავებული წესები მოქმედებს, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს, რაც ამზადებს მას სკოლისთვის. ბაღის უპირველესი ფუნქცია სწორედ ბავშვის სოციალური და კომუნიკაციური უნარების დახვეწა და განვითარებაა, რაშიც თანატოლებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ერთი მხრივ, ბავშვი სწავლობს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, მეორე მხრივ, იგი იძულებულია ამ ურთიერთობაში წარმოქმნილ კონფლიქტებს მეტნაკლებად დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, ჯგუფური აქტივობების დროს შეძლოს სხვისი გათვალისწინება, საკუთარი სურვილები შეუსაბამოს სხვა ბავშვების სურვილებს, დათმოს და გააზიაროს სათამაშო, დაელოდოს თავის რიგს, აითვისოს დამოუკიდებლობისთვის საჭირო ჩვევები და ა.შ. აღსანიშნავია ერთობლივი თამაშის გავლენა ენა-მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე იმ კუთხითაც, რომ ამ დროს ბავშვი ხსნის და ათანხმებს თამაშის წესებს ან წესების ცვლილებას სხვა ბავშვებთან. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის ტარება საბავშვო ბაღში რჩება ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციად, რომელსაც ფსიქოლოგები გასცემენ. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5