“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე.
რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე გარემო, სადაც ის იზრდება?
ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სიტუაციას, იმ გარემოს, სადაც ის იზრდება. ამ გარემოს ქმნიან პირველ რიგში ადამიანები თავიანთი ისტორიებით, ემოციური მდგომარეობით, შემზღუდველი ან დამხმარე რწმუნებულებებით, შეხედულებებით და ა.შ. ისინი ამ ყველაფერს გადასცემენ ბავშვს და შესაბამისად ის გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება ხდება ან ხელშემწყობი ან შემზღუდველი მის ინდივიდუალურ გზაზე. გარემო, ადამიანები აყალიბებს ბავშვს თავისი შეხედულებებით, მიზნებით, რწმენებით, ღირებულებებით და ა.შ.
რას გულისხმობს სტაბილური მშობლის ფიგურა, რა თვისებებით გამოირჩევა, როგორია სტაბილური მშობელი და რა გავლენას ახდენს ასეთი მშობელი ბავშვზე და მის ქცევაზე? როგორი აღზრდის სტილი აქვს ასეთ მშობელს?
არსებობს ასეთი ცნება, “საკმარისად კარგი დედა”, მაგრამ მე გავაკეთებ აქცენტს “საკმარისად კარგ მშობლობაზე”. ამ თემაზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლის პიროვნება, მისი პიროვნული ღირებულებები, მისწრაფებები და ეს პიროვნული ღირებულებები გულისხმობს თუ არა ახალი ადამიანის დანახვას მთელი თავისი მოცემულობით, მთელი თავისი სურვილებით, მიზნებით, მისწრაფებებით თუ ეს ახალი ადამიანი არის მშობლის მისწრაფებების გაგრძელების ობიექტი. სტაბილური მშობლის, კარგი მშობლის ფიგურა გულისხმობს მზაობას დავინახოთ ახალი ადამიანი მთელი თავისი მსოფლმხედველობით და მივცეთ მას საშუალება ჩამოიყალიბოს მსოფლმხედველობა დამოუკიდებლად და არ მივცეთ მას მზა რეცეპტები: „ასე ჩავიცვათ, ასე მოვიქცეთ, ასე ვიფიქროთ” და ა.შ. მაგრამ “დამოუკიდებლობა” ხშირად მშობლის მიერ არის ისე აღქმული, რომ მთელი პასუხისმგებლობა ბავშვმა უნდა აიღოს თავის ქცევაზე და ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი შფოთვის მომტანია ბავშვისთვის, რადგან ზედმეტი პასუხისმგებლობაა მცირე ასაკში, რასთან გამკლავებისთვის მას საკმარისი ძალა არ შესწევს. მშობელმა უნდა დაინახოს ბავშვი მისი მინუსებით, მისი სისუსტეებით, მისი შიშებით, მისი პრობლემებით, მისი მთელი მოცემულობით და არ უნდა გაუუფასუროს ბავშვს მისი ემოციური მდგომარეობა. ეს არის სტაბილური მშობლის ფიგურა, რომ დაიტიოს ბავშვი მისი ნაკლოვანებებით. რაც შეეხება აღზრდის სტილს, სტაბილური მშობელი არ იყენებს მზა რეცეპტებს, კონკრეტულ ფაბულას ან ფორმულას, არამედ ის არის ძალიან მოქნილი, ემოციურად ღია და მისი ემოციური ჭურჭელი იტევს ბავშვს. ასეთი მშობელი არის ძალიან რეალიზებული და თავისი პიროვნული მახასიათებლები აქვს დამუშავებული, არის გაწონასწორებული და არ ცდილობს საკუთარი შინაგანი ბალანსის მიღწევას ბავშვის ხარჯზე. სტაბილური მშობლის ფიგურა საკუთარ “მეს” არ აპოზიციონირებს, როგორც კონკრეტული ბავშვის მშობელი, აქვს საკუთარი “მე” და ეს “მე” მოიცავს მის მშობლის როლსაც და ამ ადამიანის პიროვნებას არ განსაზღვრავს ეს როლი. აქვს იდენტობა, რომლის შემავალი ნაწილიც არის მშობლობა და არა მაგალითად, მშობლობის გარდა არაფერი.
მშობელიც ადამიანია, მასაც აქვს ძლიერი ემოციები, რთული პერიოდები, იღლება, ავლენს სისუსტეებს. რამდენად ნორმალურია ასეთი მოცემულობა სტაბილური მშობლის ფიგურისათვის?
სტაბილური მშობლის ფიგურა არ გულისხმობს ჟანდარმერიას, რომ სასწორის პინაზე გაწონასწორებული, ზებუნებრივი ჰარმონია სუფევდეს. ეს ავთენტური ადამიანია თავისი ემოციებით და ის რომ მისი ავთენტურობა ჩრდილოვანი მხარეების უგულებელყოფას არ ცდილობს და იცის საკუთარი სუსტი წერტილები, მას აძლევს იმის საშუალებას, დაინახოს ბავშვის სუსტი წერტილებიც. სტაბილური მშობლის ფიგურა არის პირველ რიგში მოქნილი, არა რიგიდული და სწორხაზოვანი, არამედ ადაპტური და მას შეუძლია აღიაროს საკუთარი ემოციური ფონი, აღიაროს, რომ არის დაღლილი, აიღოს საკუთარი თავისთვის დრო, მიმართოს დასახმარებლად სპეციალისტს, გარემოს, რომ მას ხელი შეუწყოს მის გამოვლინებებში, მიიღოს მხარდაჭერა, რჩევები და ა.შ. სტაბილური მშობელი პირველ რიგში მიმღებია საკუთარი თავის და ამ მიმღეობით ის ქმნის ბავშვის მიმღეობის გარანტს, რადგან საკუთარ თავთან აღიარებს იმ სუსტ წერტილებს, რომელსაც აწყდება ცხოვრებაში და მერე მუშაობს ამაზე და იღებს პასუხისმგებლობას.
სტაბილური მშობლის მიერ განხორციელებული ქცევა ახდენს თუ არა (და როგორ) მომავალში გავლენას ბავშვის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და რა ძლიერი მხარეები შეიძლება განუვითარდეს ბავშვს ასეთი მშობლობის შედეგად?
ბავშვი, რომელიც გაზრდილია გარემოში, სადაც ნაკლებია კრიტიკა და მიმღებლურია ბავშვის მიმართ, როგორც მის დადებით გამოვლინებაში, ასევე მის არასახარბიელო გამოვლინებაში, იზრდება, როგორც სტაბილური ადამიანი. ეს ის თვისებებია, რომელიც ადამიანს ეხმარება ჩამოყალიბდეს პიროვნებად, რომელიც საზოგადოებაში თავად იქნება ტოლერანტობის და მიმღებლობის გამავრცელებელი, იქნება ჰარმონიული, დაბალანსებული პიროვნება, რომელსაც შეუძლია ისაუბროს და მიიღოს საკუთარ თავში მისი ჩრდილოვანი მხარე და მიიღოს სხვა ადამიანის არასახარბიელო გამოვლინებები. შეჯამება კი არის ასეთი: სტაბილური მშობელი ზრდის პიროვნებას, რომელიც იქნება მასზე უკეთესი მშობელი.