Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებს შორის ვირუსული წარმომავლობის დაავადებები ჭარბობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი ჰერპესული სტომატიტებია, რომლებიც მწვავედ ბავშვთა ასაკში, 6 თვიდან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს. რა არის სტომატიტი, რატომ ჩნდება და როდის მივმართოთ სტომატოლოგს, კლინიკა “ალბიუსის” სტომატოლოგი და სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურა ალხანიშვილი გვპასუხობს.

რა არის სტომატიტი? 

სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების კრებითი დასახელება, რომელიც იწვევს ტკივილს, კვების და შეიძლება საუბრის გაძნელებასაც. ის მხოლოდ პირის ღრუში ჩნდება წყლულების, ეროზიების ან აფთების სახით. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებს შორის ვირუსული ეტიმოლოგიის, ანუ წარმომავლობის დაავადებები ჭარბობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი ჰერპესული სტომატიტებია, რომლებიც მწვავედ ბავშვთა ასაკში, 6 თვიდან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს. ამ დროს პირის ღრუში მტკივნეული აფთები ჩნდება, რომლებიც შეიძლება მექანიკური გაღიზიანების დროს სისხლმდენიც იყოს. ბავშვს შეიძლება ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე აღენიშნებოდეს. შეიძლება მდგომარეობა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით, პირის ღრუს სავლებებით და სხვა საშუალებებით შევუმსუბუქოთ, თუმცა ეს არ გახლავთ საკმარისი.

რატომ ჩნდება სტომატიტი და რამდენი ტიპი არსებობს? 

რატომ ჩნდება სტომატიტი და რამდენი ტიპის არსებობს, ამ კითხვებს ფაქტობრივად ერთი პასუხი აქვს. სტომატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები, ასევე სხვადასხვა დაავადებები, როგორიცაა, მაგალითად, ალერგიული, აუტოიმუნური დაავადებები, ნაწლავების ანთებითი დაავადებები და სხვა. შესაძლებელია გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდეს ტრავმებიც, მათ შორის დაზიანებული კბილები და პირის ღრუში არსებული ორთოდონტიული/ორთოპედიული კონსტრუქციები, რომელიც ლორწოვან გარსზე მუდმივად ზემოქმედებს. მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ჰორმონული ცვლილებები და ემოციური ფონიც.

რა სიმპტომები აქვს სტომატიტს და საჭიროა თუ არა ექიმთან მიმართვა? 

პირის ღრუს ლორწოვან გარსზე პათოლოგიური მტკივნეული უბნების გაჩენის შემთხვევაში სასურველია სტომატოლოგის კონსულტაცია, რათა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შეიძლება დაგვეხმაროს ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოჩენაშიც. იმ შემთხვევაში კი, როცა ეს გამონაყარი ხშირად ვლინდება (მაგალითად თვეში ერთხელ), ტკივილი გრძელდება, პათოლოგიური უბნები არ ხორცდება და დაზიანებული კერა 2 კვირის განმავლობაში არ ლაგდება, სპეციალისტის ჩართვა აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

შესაძლებელია თუ არა სახლში მკურნალობა და როგორ?

ვინაიდან სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებადი დაავადებების საერთო სახელია, რთულია მისცე პაციენტს სახლში მკურნალობის რაიმე რეკომენდაცია, რადგან თითოეული შემთხვევა შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, მაგალითად, თუ ის ალერგიული ფაქტორებითაა გამოწვეული, დამეთანხმებით, ალერგენის მოცილებასა და ანტიალერგიულ მკურნალობას საჭიროებს, მაშინ როცა ვირუსული სტომატიტის შემთხვევაში ანტივირუსული მკურნალობა უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, სპეციალისტის ჩართვა და სწორი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. თუ სტომატიტი ადგილობრივი ფაქტორებით არაა გამოწვეული, შესაძლებელია მკურნალობის პროცესში სხვა პროფილის ექიმებიც ჩაერთონ, მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში, პედიატრები. ფართოდაა გავრცელებული მკურნალობის ხალხური მეთოდები, რომლებიც ძირითადად სიმპტომურ მკურნალობაზეა მიმართული (ბუნებრივია, ამ მეთოდებს არ დავასახელებ), თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოაღნიშნული საშუალებების ეფექტურობა დადასტურებული არ არის, არ გაგვაჩნია სამეცნიერო მტკიცებულებები, შესაბამისად, არ ვიცით, არის თუ არა შედეგის მომტანი ან პირიქით, საზიანო. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი