Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალმა კორონავირუსმა სამყაროსთვის ახალი დღის წესრიგი შექმნა, ახალი წესებით და  ქცევებით, რომელთანაც გამკლავება თანამედროვე ადამიანის ფსიქიკისთვის შესაძლოა დიდი გამოწვევა გახდეს. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე  გვირჩევს, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარება პანდემიით გართულებულ პირობებში და როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ამ ვითარების უმტკივნეულოდ გადატანაში.

როგორ მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე  არსებული მდგომარეობა და როგორ გამოხატავს სიგნალებს?

ძალიან უჩვეულო სიტუაციაში ვიმყოფებით ნამდვილად.  ადამიანებს ბევრჯერ უნატრიათ, უფრო მეტი დრო ჰქონოდათ სახლში გასატარებლად, მაგრამ ამ სიტუაციაში, როდესაც არ ვიცით რამდენ ხანს უნდა ვიყოთ სახლში, ეს მდგომარეობა  სტრესული ხდება. ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული ბევრი რამ და ამ ყველაფერს თან ახლავს პანდემიის შიში, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა ცრუ სიმპტომების აღმოჩენა  და არსებული შიშების კიდევ უფრო გაძლიერება. ამდენად, უპირველესი რჩევა იქნება, არ დავკარგოთ ის მცირედი სადავეები არსებულ სიტუაციაზე, რაც გაგვაჩნია.

როგორ ვმართოთ პანდემიით გამოწვეული სტრესი ზრდასრულმა ადამიანებმა?

ზოგჯერ, როდესაც ადამიანი ძალიან კონცენტრირებულია ინფორმაციის მიმართ და მითუმეტეს, დღეს მთელი მსოფლიო მხოლოდ ერთ საკითხზე ლაპარაკობს, კონცენტრირებული ფსიქიკა “იწვევს” ცრუ საგანგაშო სიპმტომებს. ახლა ადამიანები  დამუხტული არიან მხოლოდ ამ ერთი პრობლემით და ყურადღება ნაკლებად ნაწილდება სხვადასხვა თემებზე ფიქრზე, აქედან გამომდინარე სასურველია მშვიდად მოვეკიდოთ ამ ყველაფერს, რომ არ მოგვეჩვენოს ცრუ სიმპტომები რეალურ სიმპტომებად. გარდა ამისა, სტრესი იწვევს შაქრის ბალანსის ცვლილებას ორგანიზმში, პირის სიმშრალეს, რომელიც შეიძლება ადამიანებს მოეჩვენოთ ახალი ვირუსის სიმპტომად  და ასეთ სიტუაციაში, ერთგვარად ჰიპოქონდრიული დამოკიდებულებები მატულობს. თუმცა ამავდროულად არც სიფხიზლე უნდა დავკარგოთ რეალური სიმპტომების მიმართ, რომ რეაგირება არ დაგვიგვიანდეს. 

როგორ შევამციროთ ჩვენს ირგვლივ არსებული სტრესი ბავშვებზე?

უნდა  ვეცადოთ განვაწყოთ ჩვენი ფსიქიკა იმაზე, თუ რამდეჯერ გვიოცნებია სახლში ყოფნაზე, ოჯახის წევრებთან, ჩვენს შვილებთან მეტი დროის გატარებაზე და ა.შ  და გავიხსენოთ ყველაფერი, რის გაკეთება გვინდოდა და დრო არ გვქონდა. სწორედ ახლაა ამის დრო და კმაყოფილებაც მოვა. ასეთ პირობებშიც კი ბევრი გასართობის მოძებნა შეიძლება სახლში და ამ გასართობში მაქსიმალურად შეგვიძლია ბავშვების ჩართვა, ჯგუფური თამაში იქნება ეს, თუ მხიარული ფიზიკური აქტივობა.  ბავშვებისთვის მთავარია ბევრი ენერგია დახარჯონ, რომ არ დაუგროვდეთ ნეგატიური ენერგია. ოჯახის ყველა წევრი თუ შეეცდება ბავშვებისთვის უზრუნველჰყოს პოზიტიურ გარემო, თავადაც მშვენივრად ისიამოვნებენ თავისივე შექმნილი დადებითი ატმოსფეროთი. პატარებს უნდა ჰქონდეთ ფიზიკური ენერგიის გამოთავისუფლების საშუალება, რაც  ერთგვარი სტრესის მოხსნაა მათთვის. 

რამდენად ეფექტურად მოქმედებს პოზიტიური განწყობა სტრესზე?

პოზიტიური განწყობა, სიცილი ეს არის ორგანიზმის და ფსიქიკის თავდაცვითი განმმუხტავი ენერგია, რომელიც ჩვენ უკეთ გვხდის  და აძლიერებს იმუნიტეტსაც . ამიტომ, ასეთ იზოლაციაში აჯობებს ვუყუროთ თუნდაც იუმორისტულ ფილმებს, ვიურთიერთოთ ისეთ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია შექმნას უფრო დადებითი განწყობა და  გაგვიზიაროს ჩვენ. 


კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5