Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი კორონავირუსის პანდემიის  გამო მოსწავლეთა უმრავლესობისთვის სწავლება ვირტუალურ გარემოში გადავიდა. ონლაინგაკვეთილები კი არამარტო მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვისაც დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. მასწავლებელს  და განათლების სპეციალისტს, თათა ჭანტურიას, ვკითხეთ, როგორ იმოქმედებს სწავლების პრაქტიკის გადატანა ვირტუალურ სივრცეში, როგორც მოსწავლეებზე, ასევე მასწავლებლებზე, რომლებიც მოულოდნელად აღმოჩნდნენ რთული გამოწვევის წინაშე.

დისტანციური სწავლების პრაქტიკა მოსწავლეებისთვის უჩვეულოა. როგორ  დავეხმაროთ მათ ახალი სწავლების პრაქტიკისთვის, შესაბამისი ქცევის და უნარების გამომუშავებაში?

მგონია, რომ, პირველ რიგში, ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მკაფიოდ და მათთვის გასაგებად. უნდა ვესაუბროთ იმაზე, რაც გარშემო ხდება. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რატომაა გარემო ასეთი უჩვეულო ახლა. ცხადია, არ ვგულისხმობ ბავშვებისთვის დამთრგუნველი, აპოკალიპტური სიუჟეტების თხრობას. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების შინაგანი სიმშვიდის, ჰარმონიის, უსაფრთხოების განცდის მოფრთხილება, შენარჩუნება და გაღვივება. ეს თითოეული მასწავლებლისა და ოჯახის ვალია. მაგრამ იმაზე ყურადღების გამახვილება, რატომ არიან ჯერჯერობით მუდმივად შინ, რა მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას, რას გულისხმობს და რატომ გვაკისრია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, რა საფრთხეებს შეიცავს ჩვენი გაუფრთხილებელი ქმედება და ა.შ., მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება. რასაკვირველია, ამ თემებზე საუბარი უნდა იყოს პრაქტიკასთან მიახლოებული, მკაფიო და მარტივი მაგალითებით გამყარებული. ამაში ძალიან დაგვეხმარება თემატური ანიმაციებისა და ფილმების ერთად ყურება, შესაბამისი თემატიკის შემცველი, ბავშვებისთვის საინტერესო ტექსტების ერთობლივი კითხვა, როლური თამაშები. როგორც წესი, ამგვარ ძალდაუტანებელ, “ჩვეულებრივ” ფორმატში ღირებულებებზე, დათქმებსა და პასუხისმგებლობებზე საუბარი გაცილებით ნაყოფიერი და გააზრებულია. 

გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟიმს. ის, რომ ყოველდღური რუტინა – სკოლისა და სამსახურის სახით – არ გვაქვს შესასრულებელი ბავშვებსა და უფროსებს, შეიცავს ერთგვარ საფრთხეს, რომ ჩვენი დროის დიდი ნაწილი ვერ გადავანაწილოთ სწორად. თუკი ბავშვებთან ერთად გავწერთ დღის განრიგს, გამოვყოფთ ერთად წასაკითხ/სახატავ დროს, თავისუფალ დროს, რომელსაც ბავშვიცა და მოზარდიც თავისი სურვილისამებრ დაგეგმავს, ერთობლივი საოჯახო საქმიანობებისთვის დროს (მაგალითად, ტანსაცმლის კარადის დალაგება, კექსის გამოცხობა, შინაური ცხოველებისა თუ მცენარეების მოვლა), სამეცადინო დროს ონლაინგაკვეთილებისა და დავალებების მომზადებისათვის, მგონია, რომ მათაც და ჩვენც გაგვიადვილებს დროის მართვას. სამეცადინო დროის დაგეგმვაში მასწავლებლის დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სასურველია, გაკვეთილები ბავშვებთან ერთსა და იმავე დროს დავიწყოთ. ბავშვებმა იცოდნენ, როდის ჩაერთვება მასწავლებელი ახალი მასალის ასახსნელად, როდის – დისკუსიისათვის, ერთობლივი კითხვისათვის და სხვ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმისა და წესების დადგენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნაყოფიერი, თუკი მას თავად ჩვენც დავიცავთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქცევა როლური მოდელია ბავშვებისათვის, შესაბამისად, თუკი თავად ვიქნებით მაგალითი უჩვეულო გარემოსთან ადეკვატური, ჯანსაღი შეგუებისა, ბავშვების ქცევებსა და დამოკიდებულებებზე ეს ნამდვილად დადებითად აისახება. 

როგორ იმოქმედებს სწავლების ვირტუალურ სივრცეში  გადატანა ბავშვზე?

ონლაინგაკვეთილები არ არის ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის გამოცდილი პრაქტიკა. გასაგებია, რომ მასწავლებლებსა და მშობლებს აქვთ ბევრი შეკითხვა, ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რომელთა გარკვევაც სურთ. გარდა ამისა, ვიცით, რომ უამრავი ბავშვია საქართველოში, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე. რასაკვირველია, ესეც მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცევა ონლაინსწავლებაზე გადასვლისას. 

თუმცა ჩვენ არც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მარტივად და უცებ მოხდება. პირიქით, მგონია, რომ სწორედაც ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილად, ეტაპობრივად უნდა ვიმოქმედოთ და არ დავაზიანოთ, ფრუსტრაციაში არ ჩავაგდოთ, არამედ, პირიქით, წავახალისოთ, რესურსები და აქტივობები მივაშველოთ, თავდაჯერებულობა შევმატოთ იმ ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, რომლებიც სრულიად მოულოდნელად (და ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით) აღმოჩნდნენ ამ რთული გამოწვევის წინაშე. 

ბოლოს მაინც იმით დავასრულებ, რომ გავითვალისწინოთ, ყველა ონლაინაქტივობასა და რესურსზე მეტად ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამყოფობას, ჩვენგან თანასწორ, მეგობრულ, თანამშრომლობით, ორმხრივ პატივისცემასა და აღიარებაზე დაფუძნებულ დამოკიდებულებას გრძნობდნენ. თუკი ეს იქნება ერთ-ერთი გამჭოლი ღირებულება და მის გარშემო აიგება ჩვენი დისტანციური (თუ საოჯახო) სწავლების კურიკულუმი, მგონია, რომ პროცესი გაცილებით ჯანსაღად და ბუნებრივად წარიმართება ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5