პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი.
გვესაუბრეთ თამაშის სტილზე განვითარების სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში. როგორ და რა ფორმით თამაშობენ ბავშვები სხვადასხვა ასაკში?
ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, მშობლებისთვის უამრავ გამოწვევასთან ასოცირდება – პირველი ნაბიჯებისა და სიტყვების მოლოდინში ბევრს ყურადღების მიღმა რჩება ბავშვისთვის საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების ყველაზე მარტივი და სახალისო ფორმა – თამაში.
თამაში აერთიანებს განვითარების ყველა სფეროს, იქნება ეს გონებრივი, ფიზიკური თუ სოციალური და არამხოლოდ აძლევს ბავშვს საშუალებას ბუნებრივ გარემოში გამოიყენოს არსებული უნარები და დაისწავლოს ახალი, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო ინდიკატორს წარმოადგენს განვითარების პროგრესისთვის.
ასაკთან მიმართებაში შეგვიძლია თამაშის განვითარების რამდენიმე ძირითადი ეტაპი გამოვყოთ. თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მართალია ეს ეტაპები ასოცირებულია მოცემულ ასაკობრივ საზღვრებთან, შეიძლება განვითარების სხვა ეტაპებზეც შეგვხვდეს და გარკვეულმა სოციალურმა, კულტურულმა თუ ინდივიდუალურმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ბავშვის განვითარების დინამიკის ტემპზე და სპეციფიკაზე.
დაბადებიდან 3 თვემდე ბავშვის აქტივობები ძირითადად სპონტანური მოძრაობებისგან
შედგება და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ამ ასაკში ბავშვის ქცევას თამაშს ვერ ვუწოდებთ, პირველ თვეებში უმისამართო თამაში ეხმარება ბავშვს დააკვირდეს და გამოიკვლიოს გარემო და საკუთარი ფიზიკური მოძრაობები და საფუძველს ქმნის მომდევნო ეტაპებისთვის.
2 წლამდე ასაკში ბავშვებს ძირითადად დამოუკიდებელი თამაში ახასიათებთ – თამაშობენ მარტო, დამოუკიდებლად, დაინტერესებულები არიან მხოლოდ თავიანთი სათამაშოებით/აქტივობებით და არ გამოხატავენ/მინიმალურად გამოხატავენ სხვა ბავშვებთან ინტერაქციის სურვილს. 12-18 თვიდან ბავშვები ასევე სწავლობენ ფუნქციურ თამაშს – ესმით საგნის ფუნქცია და იყენებენ მას შესაბამისად.
დაახლოებით 2 -2.5 წლის ასაკში ბავშვი დამკვირვებლის ფაზაშია – ამ ეტაპზე ბავშვი შეიძლება ჩაერიოს კითხვებით, ან საუბრით სხვა ბავშვების თამაშში, თუმცა, ძირითად აქტივობად მაინც დაკვირვება რჩება, რაც კარგი საშუალებაა სხვადასხვა თამაშის ტიპების და სოციალური წესების დასწავლისთვის.
2.5 წლიდან ბავშვი პარალელური თამაშის ეტაპზე გადადის და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაინაწილოს აქტივობა, სივრცე და სათამაშოები სხვა ბავშვებთან, ძირითადად მაინც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და შეუძლია სხვების პარალელურად იგივე თამაშით ცალკე დაკავდეს. თამაშის ეს ეტაპი მეტად სოციალურია და საშუალებას აძლევს იმიტატორის როლში მყოფ ბავშვს მიიღოს სხვებთან გვერდიგვერდ თამაშის გამოცდილება და დაისწავლოს ინტერაქციის ახალი ხერხები.
3-4 წლის ასაკში თამაშის წამყვანი ტიპი პარტნიორული თამაშია. ეს მნიშვნელოვანი ცვლილების ეტაპია, როცა სათამაშოდან/აქტივობიდან ინტერესი გადაინაცვლებს სხვა მოთამაშეებზე და ბავშვებს უკვე შეუძლიათ გამოიყენონ უნარები, რომლებიც წინა ეტაპებზე დაკვირვებით/იმიტაციით შეიძინეს. ბავშვები ერთვებიან საერთო თამაშში, უნაწილებენ ერთმანეთს მასალას და ესაუბრებიან ერთმანეთს.
4 წლიდან ბავშვი თანამშრომლობითი თამაშის ეტაპზე გადადის – ბავშვები ერთვებიან ორგანიზებულ თამაშში საერთო მიზნით და განაწილებული როლებით, უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და თამაშის მასალას, იყენებენ უფრო რთულ, დახვეწილ სოციალურ უნარ-ჩვევებს.
თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან შესაბამისი მზაობა და მხარდაჭერა – კომფორტული გარემოს შექმნა, ასაკობრივი სათამაშოების მომარაგება, ბავშვის საჭიროებების გათვალისწინება. თითოეული ბავშვი უნიკალურია და ბუნებრივია, განვითარების მოცემული ასაკობრივი საზღვრები ზოგიერთ შემთხვევაში ცვალებადია, თუმცა, თუ ამჩნევთ, რომ ზემოთ აღწერილი დინამიკა არსებულ სურათს არ შეესაბამება, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს დამატებითი კონსულტაციისთვის.