პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ენისა და მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.
თანამედროვე თერაპიულ მიდგომებში შეფასებისა და ჩარევის მთავარ სტრატეგიად გამოიყენება თამაში.
კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სფეროც ინტენსიურად იყენებს ამ მიდგომას, რამაც პროცესი ბევრად საინტერესო, აქტიური და ბავშვის ინტერესებზე მორგებული გახადა. სწავლების ეს მოდელი ამაღლებს მოტივაციას და ბავშვს უღვიძებს სურვილს, დაამყაროს კომუნიკაცია გარშემომყოფებთან.
თამაში არის მხიარული, აქტიური ქმედება, რომელიც მნიშვნელოვანია იყოს ბავშვის მიერ ინიციირებული. იმისათვის, რომ სწორად წარიმართოს ბავშვის ადრეული განვითარების პროცესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება 6 წლამდე ბავშვის თამაშზე დაკვირვებას და შეფასებას.
თამაშის უნარების ჩამოყალიბება ჩვილობის ასაკიდან იწყება, რაც ხელს უწყობს ეტაპობრივად ბავშვის მეტყველების განვითარებას. თამაშისას ჩვილები სხვადასხვა სახის სამეტყველო ხმებს გამოსცემენ: ისინი ტიტინებენ, იმეორებენ მნიშვნელობის არმქონე სიტყვებს, საინტერესო კომბინაციებს, იქამდე, სანამ სიტყვის მნიშვნელობის გაგებას დაიწყებენ.
თამაშით ბავშვი ივითარებს სოციალურ, მოტორულ, ენობრივ, საკომუნიკაციო უნარებს, სწავლობს: მოსმენას, დალოდებას, რიგის დაცვას, გუნდურობას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, სხვისი და საკუთარი ემოციების გაზიარებას. პროცესში ბავშვები საუბრობენ, მსჯელობენ, თანხმდებიან, ხსნიან თავიანთ იდეებს, ემოციებს, აცინებენ ერთმანეთს, მეგობრდებიან. ამ დროს თითქმის ყველა ტიპის ინტერაქციის ნახვაა შესაძლებელი, ამიტომ ბუნებრივია, რომ თამაშის როლი მეტყველების, ენის და საკომუნიკაციო უნარების ჩამოყალიბების პროცესში უმთავრესია.
თუკი თამაში იქნება ბავშვის ინტერესებზე მორგებული, მას ექნება საშუალება თავად აირჩიოს სასურველი და წარმართოს პროცესი, ამ შემთხვევაში იზრდება მოტივაცია, რომ თქვას ბევრად მეტი სიტყვა და გამოიყენოს კომპლექსური წინადადებები, რომლებსაც ყოველდღიურ მეტყველებაში არ იყენებს.
არის შემთხვევები როდესაც ბავშვს უჭირს თამაშში ჩართვა, ან არ იჩენს ინიციატივას, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგ; როდესაც უჭირთ კომუნიკაცია, ან ვერ იგებენ რას ეუბნებიან თანატოლები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია, თამაში იყოს ბავშვის მიერ ინიციირებული, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც დაბალია ინიციატივა, ან საერთოდ არ არის. ამ პროცესებზე დაკვირვებისას შესაძლოა შევნიშნოთ, რომ ბავშვს მოსწონს უფროსებთან თამაში, რადგან ზრდასრული მარტივად ხვდება მის ინტერესს და განზრახვებს, ამ შემთხვევაში სასურველია (ვიტყოდი აუცილებელი და საჭირო), რომ ჩაერთოს უფროსი. ჩართულობა არ უნდა იყოს გადაჭარბებული, რადგან თამაშმა არ დაკარგოს ის უნიკალური ფუნქცია, რაც აქვს ბავშვის განვითარების პროცესში. იმისათვის რომ გაიგოთ, თუ რა ახდენს ბავშვის მოტივირებას, მისთვის შექმენით გარემო ასაკის შესაბამისი მრავალფეროვანი სათამაშოთი, რომლებიც კარგად ორგანიზებული და მისაწვდომია; შემდეგ დააკვირდით მის ქმედებას. ბავშვის ქცევა გიკარნახებთ, თუ რომელი საგნები ან აქტივობებია მისთვის საინტერესო.
რა როლი აქვს თამაშს ბავშვის საკომუნიკაციო, სამეტყველო უნარების შეფასების პროცესში?
6 წლამდე ბავშვების თამაშზე დაკვირვებითა და მისი აღწერით, ბავშვებთან თამაშით შესაძლებელია მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბავშვის ზოგად, განსაკუთრებით კი, კოგნიტურ და ენობრივ განვითარებაზე, რაზეც უნდა დაფუძნდეს ჩარევის სტრატეგიები.
ამიტომ, პროფესიონალები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, უნდა გახდნენ თამაშის განვითარების კანონზომიერებების, თამაშის სფეროს შეფასებისა და ინტერვენციის ექსპერტები და სცადონ, რომ ამ პროცესის მნიშვნელობა ღირებული გახადონ. აგრეთვე მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმ ოჯახის წევრების ჩართულობა, ვისთანაც ბავშვი ატარებს დროის დიდ ნაწილს, რათა ჩარევა მოხდეს კომპლექსურად.