Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ნანუკა მაისაშვილი.

გვესაუბრეთ თამაშის როლზე ბავშვის განვითარების პროცესში.

თამაში მნიშვნელოვან და ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარების და ჩამოყალიბების პროცესში. ის მისთვის ბუნებრივი აქტივობაა, რომლისთვისაც მას დრო და გარემო პირობები სჭირდება. ერთი მხრივ ბავშვი თამაშისას საკუთარ წარმოსახვას მიმართავს, მეორე მხრივ კი თამაში არის სწორედ ის პროცესი, რომელიც ეხმარება მას წარმოსახვის განვითარებაში. 

ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში თამაშის როლის მნიშვნელობა საფუძვლიანად არის ხაზგასმული. ფსიქოანალიტიკურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი, დონალდ ვუდ ვინიკოტი თამაშის კონცეპტუალიზაციას ახდენს და მკითხველს სთავაზობს კიდევ უფრო სიღრმისეულ ცოდნას ამ ერთი შეხედვით მარტივი ქმედების მიმართ. მისი მოსაზრებით, თამაში როგორც თავისთავად ქმედება, უკვე თერაპიულია. 

„თამაშისას და მხოლოდ როდესაც ის თამაშობს, ბავშვი პოულობს თავისუფლებას, რომ გამოხატოს საკუთარი კრეატიულობა და პიროვნება, და სწორედ ამ დროს ინდივიდი აღმოაჩენს საკუთარ თავს“  (ვინიკოტი – „თამაში და რეალობა“).

ავტორი ახერხებს განასხვაოს თამაშის ორი ტიპი – თამაში (როგორც play) და თამაში (როგორც game). ინგლისური ენის მცოდნეთათვის, ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა ბევრ ენაზე, და მათ შორის ქართულად ისინი ორივე ერთი სიტყვით – თამაშით აღინიშნება. თამაში – play არის კრეატიული, ბავშვის წარმოსახვით შექმნილი ქმედება, ის თავისუფლად და ბუნებრივად მიმდინარეობს. ამ დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიამოვნების და კმაყოფილების განცდა. ბავშვი სრულიად გართულია, ერთგვარ კონცენტრაციას იჩენს და მთელი არსებით ერთვება აქტივობაში. შესაძლოა მცირედი მღელვარებაც კი გამოიწვიოს ასეთმა თამაშმა, თუმცა თუკი მღელვარება ძალიან დიდია, ასეთ დროს თამაში შეწყდება. Game ტიპის თამაში კი შედარებით ნაკლებად კრეატიულია, იქ გარკვეული წესები და კანონებია, რომლის მიხედვითაც ბავშვმა უნდა ითამაშოს. 

ვინიკოტი – „თამაში – ეს არის უნარი, რომ შექმნა ხიდი შინაგანსა და გარეგანს შორის“. 

რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს თამაში და რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკური ცხოვრებისთვის?

თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკური ცხოვრებისათვის. მისი წყალობით ბავშვი ახერხებს შეიძინოს უამრავი უნარი, ის მისი დახმარებით შეიმეცნებს და შეიცნობს სამყაროს. თამაში ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ, ემოციურ, სენსო-მოტორულ განვითარებას. ასევე არის შეუცვლელი საშუალება, რომ მან შეისწავლოს ენა. 

ინტელექტუალური განვითარებისათვის თამაში საუკეთესო საშუალებაა, რადგან ის ასევე უკავშირდება სიამოვნებას. მაგალითად ბავშვს, შეუძლია უბრალო ყუთით ითამაშოს და წარმოიდგინოს, რომ ის გემია, ან ხალიჩა არის ზღვა, რომელიც ბოლომდე უნდა გადაცუროს, და ა.შ. ამგვარად ის თავად ქმნის თამაშის სცენარს, იგონებს, ფანტაზიორობს და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ასეთ დროს წახალისებულია. რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ხშირად საჭიროა ინტერაქცია, მონაწილეობა ასეთ კრეატიულ თამაშში. თუმცა ასევე ბავშვისათვის შესაძლებლობის მიცემა, რომ თავად მოიგონოს თამაში, სცენარი სხვადასხვა ობიექტებთან დაკავშირებით, როლები და ა.შ. 

თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ და სოციალურ განვითარებას. ზრდასრულთან თუ თანატოლთან თამაშის დროს, მას უწევს გაითვალისწინოს სხვა, ისწავლოს ერთგვარი შეთანხმება, წესების მიღება, სხვისი გათვალისწინება. მაშინაც კი როდესაც ბავშვი მარტო თამაშობს, მშობელს შეუძლია გაახმოვანოს სათამაშოების შეგრძნებები, რაც ბავშვს ასწავლის სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებს, სხვისა და საკუთარი ემოციების ცნობას. 

მოტორულ-სენსორული განვითარებაც განუყოფელია თამაშისაგან. სხვადასხვა ზომის, ფორმის, მატერიისა და წონის სათამაშოებით თამაში ემსახურება ნატიფი მოტორიკის დახვეწას. თუმცა სათამაშოების გარეშეც, ფოთლებით, ქვიშით და სხვადასხვა მასალებით ინტერაქციული თამაში მშობელსა და შვილს შორის, უაღრესად ფასეულია ბავშვისათვის. 

ლაპარაკსაც თამაშით სწავლობს ბავშვი. როდესაც ის თამაშობს, ის მონდომებულია გადმოსცეს საკუთარი აზრები სიტყვების საშუალებით. თამაში, თავისთავადაც არის კომუნიკაციის საშუალება. 

რა ტიპის თამაშები უნდა შევთავაზოთ ბავშვებს ასაკობრივად?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ასაკს ახასიათებს შესაბამისი დაინტერესების სფერო. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარების დონე და შევთავაზოთ ან ჩავერთოთ იმ თამაშებში, რომელიც კონკრეტულ ასაკში აინტერესებთ.

2-4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საინტერესოა როლური თამაშები. ამ დროს ბავშვი ცდილობს მიბაძოს საკუთარ გარემოცვას, ირგებს მამის, დედის, თანატოლის როლს და გაითამაშებს ხოლმე სხვადასხვა სცენებს. ზოგჯერ ერთგვარ ექსპერიმენტებს ატარებენ, ნაცნობი სცენარის შეცვლილ ვერსიას თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ თამაში ბავშვმა თავად მოიგონოს, ამისგან სიამოვნება მიიღოს. მშობლის მონაწილეობა საჭირო და სასარგებლოა. 

3 წლის ასაკიდან ბავშვს შეუძლია ჩაერთოს ჯგუფურ თამაშებში, მოგება-წაგების პრინციპის აღქმა. 

ნებისმიერი ასაკის ბავშვებისათვის მოგროვებასა და აწყობაზე ორიენტირებული თამაში შეიძლება იყოს საინტერესო. მათი სირთულე აუცილებელია ბავშვის განვითარების დონეს შეესაბამებოდეს. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, შესაძლოა ცალკეული ტიპის თამაშით დაინტერესება ზოგის შემთხვევაში 16 თვის ასაკში მოხდეს, ზოგ შემთხვევაში კი 4 წლის ასაკში. არასოდეს დაგვავიწყდეს გავითვალისწინოთ ბავშვის ტემპერამენტი, ინტერესები და განვითარება. 

თამაშის მთავარი პრინციპი სიამოვნების მიღებაა და ამ პროცესთან ერთად განვითარების ხელშეწყობა. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს თავსმოხვეული და დაძალებული. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5