Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დედამ იცის” წარმოგიდგენთ რუბრიკას “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან”. ჩვენი სტუმარია გენდერის მკვლევარი თამთა თათარაშვილი, რომელიც გაგვიზიარებს 5 წლის ალექსანდრასთან ერთად თვითიზოლაციის გამოცდილებას.

ოჯახში სამნი ვართ. მე, ჰამლეტი და, ახლა უკვე 5 წლის, ალექსანდრა. მისი მეხუთე დაბადების დღე კარანტინის პერიოდს დაემთხვა. იმ დროს ერევნიდან უკვე წამოსულები ვიყავით სოფელში, ჰამლეტის ბებია-ბაბუის ძველ სახლში, ტავუშის რეგიონში. კორპუსის მეხუთე სართულზე კარჩაკეტილობას, ეზოიან სახლში ყოფნა ვარჩიეთ, მაგრამ ქალაქის ბევრი კომფორტი მოგვაკლდა. ეს, განსაკუთრებით, ალექსას დაბადების დღეზე ვიგრძენით, მაგრამ ყველაზე სასიხარულო ჩემთვის ის იყო, რომ მივხვდი, თუკი გულით მოინდომებ, შვილის გახარება შეზღუდული რესურსებითაც შესაძლებელი ყოფილა.

როცა ყველა ვიღლებით, ყველა ერთად ვცდილობთ “ორთქლის გამოშვებას” ტახტზე ბალიშ-მუთაქებით ომში

კარანტინი რომ დაიწყო, მახსოვს დედების ჯგუფში ამოვიკითხე, „როგორ გავს ეს ყველაფერი პოსტპარტუმ სიტუაციასო“ და ძალიან მენიშნა.

პოსტპარტუმ პერიოდი ჩემთვის ასეთი იყო – ახალნამშობიარები, გამოუცდელი, ჰორმონალური არეულ-დარეულობის, უძილობისა და სხვადასხვანაირი ფიზიკური ტკივილების ფონზე ყოველდღიურად ვცდილობდი საკუთარი თავისა და ჩვილი ბავშვის გადასარჩენად ბრძოლას. კი არ ვიბრძოდი, ბრძოლას ვცდილობდი და ხანდახან სრულიად უმიზნო ფაფხურს გავდა ჩემი მცდელობები, რადგან, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გადასარჩენი არც არავინ იყო, ჩემი ნერვების გარდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და წუწუნს არ დავამსგავსო თხრობა (რომელიც ასე არ უყვართ უკვე გამოცდილ დედებს და უშვილო ადამიანებს), მოკლედ ვიტყვი, ეს იყო გამოცდილება, რომლის დეტალები წლებთან ერთად ფერმკრთალდება და დავიწყებას ეძლევა. ამბობენ, რთული პოსტპარტუმ გამოცდილების დავიწყება ემოციური რეაბილიტაციის გარდა, იმასაც ემსახურება, რომ ქალებს განმეორებითი ორსულობისა და მშობიარობის სურვილი არ დაეკარგოთო.

არ ვიცი.

ალექსანდრა სოფელში ბოსტანში მუშაობს

რაც ნამდვილად ვიცი ის არის, რომ იმ პერიოდში ჩემი განუყრელი ატრიბუტი იყო ჩემი სმარტფონი – ის ფოტო-ვიდეო არქივი რომ არა, რაც მე შვილის ყოლის პირველ წელს გადავიღე, ალბათ ახლა ამ მოკლე „წუწუნის“ თვამოყრასაც ვერ მოვახერხებდი, იმდენად გადამავიწყდებოდა ყველაფერი. თანაც, ხშირად, როცა მორიგი „დედური თვითგვემის“ წუთები დამიდგებოდა (თანამედროვე მშობლობის განუყრელი გამოცდილებაა, მუდმივი შფოთვა და წუხილი იმაზე, ვარ თუ არა „საკმარისად კარგი დედა“ და მეც არ ვიყავი გამონაკლისი, განსაკუთრებით დედობის პირველ წლებში) ამ მოკლე ვიდეოების გადახედვა მარწმუნებდა, რომ არც ისე ცუდი დედა ვარ და საკმარისად ბევრი ვიშრომე ჩემი შვილისთვის საიმისოდ, რომ მე მაინც ვიყო მშვიდად და საკუთარ თავს შეცდომები ვაპატიო.

კარანტინის კარჩაკეტილობას ემოციურად მეტ-ნაკლებად მომზადებული დავხვდი, რადგან შვილის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში დაახლოებით მსგავს სიტუაციაში ვცხოვრობდი. მშობიარობის შემდეგ გავხდი დიასახლისი და ყველა ანაზღაურებად სამუშაოს დისტანციურად, სახლიდან ვასრულებდი. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც შემეძლო მშობლობის ტვირთის გადანაწილება, ჩემი ქმარი იყო და ბავშვი სამ წლამდე ბაღში არ მიმიყვანია. რაც ამ სამმა წელმა მასწავლა, იყო ის, რომ არცერთი თავს მოხვეული, „კარგი დედობის“ სტანდარტი არ ღირს ჩემს შფოთვად და საკუთარ თავს ვერავინ ვერასდროს გადაახტება. შვილის აღზრდაში განზრახ თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომები არ იქცევა გამოუვალ ტრაგედიებად, თუკი საკუთარ თავსაც და შვილსაც გაგებით მოვეკიდებით.

მამა “მეფუტკრედ” გადაიქცა

თუმცა, კარანტინი მაინც რთული აღმოჩნდა, რადგან ყველაფერთან ერთად, გარეთ, სათამაშო მოედნებსა თუ ჩვენს საყვარელ კაფეებში გასეირნების საშუალებაც მოგვესპო. გარდა ამისა, ალექსას ბაღში სიარულის არასრული ორი წელი ერთგვარი შვება იყო ჩემთვის და ახლა ისევ მომიწია ძლივს მოპოვებულ საკუთარი დროსა და სივრცეზე უარი მეთქვა. ფოტო და ვიდეო გადაღება ისევ იქცა ჩემს საყვარელ საქმიანობად და რუტინის მიღმა სხვადასხვანაირი კარგი მოგონებების დასაგროვებლად.

სახლში როცა ქაღალდი გამოილია, ალექსანდრა ბოსტანში ქვების მოხატვაზე გადავიდა

მთელი ამ პერიოდის მეხსიერება მოექცა ერთ, ბუნდოვან განცდაში, იმისა თუ როგორ ვცდილობ, რამდენიმე ნაწილად გაყოფილი, ჩემს ყველა როლს თავისი წილი თამთა მივუზღო – კარგი თუ არა საშუალო დონის კულინარიც ვიყო, სახლისა და ქმარ-შვილის სისუფთავეც შევინარჩუნო, თბილი, გამგები და მოსიყვარულე დედა და ცოლიც ვიყო, მხიარული ამხანაგიც შვილთან თამაშში, ვნებიანი საყვარელიც ქმართან და თან ის თამთაც დავრჩე, რომელსაც დაბადებიდან ვიცნობდი, და რომელსაც უყვარს და, ხანდახან, სასიცოცხლოდ სჭირდება, საკუთარ თავთან განმარტოება, საკუთარ კითხვებზე პასუხის ძიება და ამაზე წერა.

ქალაქში კარანტინის დროს ერთადერთი გასართობი სეინრობისას ნაწვიმარზე დარჩენილი გუბეები იყო.

ამ უკანასკნელ თამთას ყველაზე ცოტა დრო და სივრცე ერგება. დღეები ამ როლების ელვის სისწრაფით ცვლაში ისე გადის, დღის ბოლოს, იმის გახსენებასაც ვერ ვახერხებ, მთელი დღე რას ვაკეთებდი. ისეც ხდება, რომ რამდენიმე საქმის ერთად თავმოყრა – ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი, დასაბანი ბავშვი, მოსამზადებელი სადილი, შუაგზაზე მიტოვებული სტატია და მოახლოებული დედლაინი, ერთგვარ სტუპორში მაგდებს და საერთოდ ვერაფრის კეთებას ვეღარ ვახერხებ[1]. ასეთ დროს ფრუსტრაციაა, ხოლმე, ის რაც პერიოდულად მირთულებს ურთიერთობას შვილთან. ხან საკუთარი თავით, ხან დროის უკმარისობით უკმაყოფილო, ვღიზიანდები ბავშვის დაუსრულებელ თამაშებზე, რომლებშიც ჩართვას ასევე დაუსრულებლად მოითხოვს ჩემგან, მის გაჯიუტებაზე ჰიგიენის პროცედურების წინ, მის დილის ცელქობებზე, როცა გამოუძინებელს პირდაპირ თავზე ან მუცელზე მახტება და ასე მაღვიძებს. მაგრამ, ჩემდა სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ საკუთარ თავზე მუშაობით, ჩემი შფოთვებისა და იმედგაცრუებების გაცნობიერებით, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევ თანხმობას შვილთან და მასთან ურთიერთობაც უფრო მეტად მოსიყვარულე და გამგებიანი ხდება. თანაც, ალექსაც დღითი-დღე იზრდება. ჩემი და მამის დახმარებით ისიც სწავლობს მოთმინებას, დედის, მამის და საკუთარი სივრცეების საზღვრების დანახვას და მათ პატივისცემას. კარჩაკეტილობის პერიოდში რამდენჯერმე ერთი შეხედვით პარადოქსული სიტუაციაც გათამაშდა ჩვენს ოჯახში, ალექსანდრა, რომელსაც 4 წელზე მეტი მხოლოდ მშობლების ოთახში კი არა, ხშირად მათ საწოლშიც ეძინა, უეცრად საკუთარი სურვილით ადგა და ცალკე ოთახში გადაბარგდა თავის საწოლიანად. დილაობით უფროდაუფრო ხშირად ახერხებს დამოუკიდებლად ადგომას. ისე რომ მე არ მაღვიძებს, იცმევს, იბანს პირს და იწყებს თავისთვის თამაშს. საღამოობით, თავად ისხამს მაწონს ჯამში და იწყებს ჭამას და ა.შ. ეს სისტემატურად არ ხდება, და რასაკვირველია „რეგრესიც“ ხშირად გვაქვს, როცა ყველაფერში ისევ ჩემს ჩართულობას ითხოვს. მაგრამ ერთი რამ კარგად ვისწავლე დედობის პროცესში – ბავშვის ქცევაში არაფერი იცვლება უცბად და ერთი ხელის მოსმით, მშობლებს გვჭირდება სისტემური და დაჟინებული გამეორება ჩვენი შეგონებებისა თუ ქცევებისა, იმისათვის, რომ შემდეგ ის ბავშვის ჩვევადაც იქცეს. ამის გაცნობიერების შემდეგ უფრო მომთმენიც გავხდი და ეს მახარებს.


[1] გამიმართლა და ჩემი ქმარიც ყოველთვის ჩემსავით ცდილობს ყველა ეს საშინაო სამუშაო თავადაც გადაინაწილოს, მაგრამ ხშირად მასაც გზაზე მისი დედლაინები წამოეწევიან ხოლმე და ასეთ წუთებში ყველაზე მეტად გვიჭირს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5