Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმის “დედამიცის” კითხვებს უპასუხებს მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „გამმას“ დირექტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე.

რაში გვეხმარება ადამიანებს თავდაჯერებულობა და  რატომ არის მნიშვნელოვანი ვიყოთ თავდაჯერებული?

თავდაჯერებულობა – სტრესის შემცირების და უკეთესი კომუნიკაციის საშუალებაა. ის  ეხმარება ადამიანს აკონტროლოს სტრესი და ბრაზი და უკეთ გაუმკლავდეს პრობლემებს. თავდაჯერებულობა კომუნიკაციის ერთ-ერთი საფუძველია. ის ეხმარება ადამიანს უკეთ  გამოხატოს და დაიცვას საკუთარი მოსაზრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის აზრს და უფლებებს. თავდაჯერებულობა მოზარდს ეხმარება  აიმაღლოს თვით-შეფასება და პატივისცემით მოეპყროს სხვებსაც; ადვილად გაუმკლავდეს სტრესს; თქვას უარი და შეიმციროს სტრესი, როცა ზედმეტს ავალებენ და უჭირს  უარის თქმა. ზოგი ადამიანი თითქოს თანდაყოლილად თავდაჯერებულია. თუ თქვენ ასეთი არ ხართ, შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ გახდეთ თავდაჯერებული. 

რატომ არის მნიშვნელოვანი  ვიყოთ თავდაჯერებული

თავდაჯერებულობა თავის თავში მოიცავს არამხოლოდ საკუთარი თავის, ასევე სხვის პატივისცემასაც და ის ეფექტური და დიპლომატიური სტილის კომუნიკაციის საშუალებაა. თავდაჯერებულობის გამოვლენა მოსაუბრეს მიანიშნებს, რომ თქვენ პატივს სცემთ საკუთარ თავს, რადგან იცავთ თქვენ ინტერესებს და გამოხატავთ თქვენს მოსაზრებას და განწყობას. ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ გესმით სხვების უფლებები და გინდათ მათთან ერთად იმუშაოთ კონფლიქტის გადაჭრაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ის, თუ რას ამბობთ. ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ამბობთ. თავდაჯერებული კომუნიკაცია არის პირდაპირი და თავაზიანი და ის საშუალებას გაძლევთ წარმატებით მიიტანოთ თქვენი აზრი მოსაუბრემდე. თუ თქვენ კომუნიკაციისას ხართ ზედმეტად პასიური ან ზედმეტად აგრესიული, თქვენი საუბარი იკარგება, რადგან ადამიანებს უჭირთ ასეთი ინფორმაციის მიღება. 

რომელი ჯობია, თავდაჯერებულობა თუ პასიურობა?  

თუ თქვენი სტილია პასიური ან არათავდაჯერებული, თქვენ ჩანხართ მორცხვი ან ზედმეტად არხეინი. თქვენ შეიძლება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად თქვათ: „მეც იქ წამოვალ, სადაც მთელი კლასი გადაწყვეტს წასვლას“. რატომ არის ეს პრობლემა? პრობლემაა, რადგან თქვენ ამით ამბობთ, რომ თქვენი მოსაზრება და სურვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვების. ზედმეტი პასიურობით თქვენ სხვებს უბიძგებთ, რომ დააიგნორონ თქვენი საჭიროებები და მოსაზრებები. 

განვიხილოთ ერთი მაგალითი: როცა თქვენ ისედაც საკმაოდ დატვირთული განრიგი გაქვთ და მშობლის მიერ შემოთავაზებულ დამატებით გაკვეთილზე თანხმდებით, ეს დამატებითი მეცადინეობა გაიძულებთ ისწავლოთ დასვენების პერიოდშიც და გამოტოვოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა. თქვენი მიზანი შეიძლება მშობელთან კონფლიქტის თავიდან აცილებაა, მაგრამ ყოველთვის დათანხმება აზიანებს ურთიერთობებს ან კიდევ უარესი, იწვევს თქვენს შინაგან კონფლიქტს, რადგან საკუთარ საჭიროებებს ყოველთვის მეორე ადგილზე ანაცვლებთ. 

რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში პასიურობით გამოწვეულმა შინაგანმა კონფლიქტმა?

• სტრესი

• წყენა

• გაბრაზება

• თავის მსხვერპლად მიჩნევა

• შურისძიების სურვილი

• საკუთარი თავის გაკიცხვა

რომელი ჯობია, თავდაჯერებულობა თუ აგრესიული ქცევა

წარმოიდგინეთ მეორე უკიდურესობა. თუ თქვენ აგრესიული სტილი გაქვთ, თქვენ შეიძლება იყოთ მოძალადე, რომელიც უგულებელყოფს სხვების აზრს და სურვილებს, თავს წარმოიდგენს სხვებზე აღმატებულად. ზედმეტად აგრესიული ხალხი სახიფათო და საშიშია. ზოგჯერ ისინი ფიზიკურ საფრთხესაც წარმოადგენენ.  შეიძლება ფიქრობთ, რომ თუ იქნებით აგრესიული, თქვენ მიიღებთ იმას, რაც გინდათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამაში დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ. აგრესია ამცირებს ნდობას და პატივისცემას. სხვები ვერ აგიტანენ და შეეცდებიან მოერიდონ თქვენთან ურთიერთობას. 

რომელი ჯობია, თავდაჯერებულობა თუ პასიურაგრესიული ქცევა

თუ თქვენ კომუნიკაციისას პასიურ-აგრესიული ხართ, თქვენ შეიძლება უპასუხოთ „დიახ“, როცა გინდათ თქვათ „არა“. თქვენ შეიძლება იყოთ ირონიული ან იწუწუნოთ სხვებზე მის ზურგს უკან. პირდაპირი დაბლოკვის ნაცვლად თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ ან ქცევით გამოხატოთ უარყოფითი დამოკიდებულება. პასიურ-აგრესიული სტილის ჩამოყალიბება მაშინ ხდება, როცა თქვენთვის არაკომფორტულია საკუთარ საჭიროებებსა და შეგრძნებებზე პირდაპირ საუბარი. 

რა შეიძლება მოჰყვეს პასიურ-აგრესიულ კომუნიკაციის სტილს? 

ასეთ შემთხვევაში თანდათან უარესდება ურთიერთობა და სუსტდება პატივისცემა. ამით კი კიდევ უფრო კლებულობს თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილების შანსი. 

იყავით თავდაჯერებული და აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. ამით მოიპოვებთ როგორც თანატოლების, ასევე უფროსების პატივისცემას და თქვენი სურვილები და საჭიროებები გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული იქნება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5