Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ”გამმას” დირექტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე.

რა არის თავდაჯერებულობის სარგებელი ადამიანისთვის?

თავდაჯერებულობა ითვლება ჯანსაღი კომუნიკაციის სტილად. მას აქვს ბევრი სარგებელი. ის თავიდან აგაცილებთ სხვების მიერ თქვენით სარგებლობას და „მსხვერპლად“ ყოფნას. თავდაჯერებული ქცევა დაგეხმარებათ: 

• აიმაღლოთ თვითშეფასება;

• შეიძინოთ საკუთარი თავის რწმენა;

• მიხვდეთ საკუთარი სურვილებს და აღიაროთ ისინი;

• მოიპოვოთ სხვების პატივისცემა;

• გააუმჯობესოთ კომუნიკაცია;

• შექმნათ ორივე მხარისთვის მომგებიანი სიტუაცია;

• გაიუმჯობესოთ გადაწყვეტილების მიღების უნარები;

• შექმნათ კეთილსინდისიერი ურთიერთობები;

• მეტად კმაყოფილი იყოთ სამსახურით.

თუ ისწავლით, როგორ გახდეთ თავდაჯერებული, ეს დაგეხმარებათ ამა თუ იმ საკითხზე საუბრისას უკეთ გამოხატოთ თქვენი სურვილები. 

შესაძლებელია თუ არა თავდაჯერებულობის სწავლა და როგორ?

ადამიანები გამოცდილების საფუძველზე კომუნიკაციის სხვადასხვა სტილს სწავლობენ. თქვენი სტილი შესაძლოა იმდენად გამჯდარი გაქვთ, რომ ვერც ხვდებით. ადამიანები თანდათან ეჩვევიან ერთი ტიპის სტილს. თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ კომუნიკაციის სტილი, უნდა ისწავლოთ ურთიერთობის უფრო ჯანსაღი და ეფექტური სტილის გამოყენება. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მინიშნება ამ მიმართულებით: 

• შეაფასეთ თქვენი სტილი. თქვენს აზრს ხმამაღლა ამბობთ თუ ჩუმდებით? დამატებითი სამუშაოს/მეცადინეობის შეთავაზებას ეთანხმებით იმის მიუხედავად, რომ ისედაც დატვირთული გრაფიკი გაქვთ? ადვილად განსჯით ან ადანაშაულებთ? ადამიანები გერიდებიან ან ეშინიათ თქვენთან საუბარი? ჯერ კარგად გაერკვიეთ თქვენს სტილში და შემდეგ შეცვალეთ. 

• გამოიყენეთ ცნება „მე“. ეს დაეხმარება სხვებს, რომ გაიგონ რა გინდათ. თქვით: „მე არ გეთანხმები“ ნაცვლად: „შენ არ ხარ მართალი“. თუ რაიმე გინდათ, თქვით: „მე მინდა შენ ამაში დაგეხმარო“ და არ უთხრათ: „შენ ეს უნდა გააკეთო“. გამოთქვით თქვენი სურვილი ან თხოვნა მკაფიოდ, მარტივად და გასაგებად. 

• ივარჯიშეთ უარის თქმაში. თუ ძალიან გიჭირთ უარის თქმა, უბრალოდ ასე თქვით: „არა, ახლა ამას ვერ ვიზამ“. დაიმახსოვრეთ, რომ „არა“ არის ერთსიტყვიანი წინადადება და არ საჭიროებს დამატებით განმარტებას. 

• ნუ ყოყმანობთ, იყავით პირდაპირი. თუ საჭიროა განმარტება, გამოთქვით ის მოკლედ.

• გაიარეთ წინასწარი რეპეტიცია. თუ თქვენთვის რთულია იმის თქმა, რასაც ფიქრობთ, წინასწარ წარმოიდგინეთ ყველა სცენარი და გაიარეთ რეპეტიცია. წარმოთქვით თქვენი აზრი ხმამაღლა. თავიდან შეიძლება დაგჭირდეთ, რომ ჯერ დაწეროთ, რისი თქმაც გინდათ და შემდეგ, დაწერილი წაიკითხოთ. გაითამაშეთ მეგობართან ერთად და სთხოვეთ, გამოთქვას თავისი აზრი. 

• გამოიყენეთ სხეულის ენა. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ვერბალური. მოიქეცით ისე, თითქოს საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ,  ასეც რომ არ იყოს. წელში გასწორდით, მაგრამ ცოტა წინ წაიხარეთ. შეინარჩუნეთ თვალი თვალში კონტაქტი. სახეზე უნდა გქონდეთ ნეიტრალური ან პოზიტიური გამომეტყველება. არ გადააჯვარედინოთ ხელები ან ფეხები. უყურეთ მოსაუბრეს სახეში. იმეცადინეთ თავდაჯერებული სხეულის ენის გამოყენებაზე სარკის წინ ან მეგობართან. გარდა იმისა, რასაც ამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ენა და სახის გამომეტყველება. 

• აკონტროლეთ ემოციები. კონფლიქტი ბევრი ადამიანისთვის რთულია. შესაძლოა გაბრაზდეთ ან იმედგაცრუებულად იგრძნოთ თავი ან ტირილი მოგინდეთ. ყველა ეს შეგრძნება ჩვეულებრივია. თუ ემოციები გჭარბობთ, შეძლებისდაგვარად ცოტა მოითმინეთ. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ისუნთქეთ მშვიდად. შეინარჩუნეთ მშვიდი და მტკიცე ხმა.

• დაიწყეთ მცირედით. ჯერ ივარჯიშეთ ნაკლებად სარისკო სიტუაციებზე, მაგალითად, იყავით თავდაჯერებული მეგობართან. შეაფასეთ თქვენი თავი და იფიქრეთ მიდგომის ცვლილებაზე, თუ ეს საჭიროა. 

• თავდაჯერებულობის სწავლას სჭირდება დრო და პრაქტიკა. ერთ დღეში ეს არ ხდება. თუ მაინც ძალიან ბრაზდებით, რის გამოც ხდებით აგრესიული, ისწავლეთ ბრაზის მართვის ტექნიკები. 

თუ მონდომების მიუხედავად, პროგრესს ვერ ამჩნევთ, მიმართეთ და გაესაუბრეთ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს. ის დაგეხმარებათ დაძლიოთ ბრაზი, შფოთვა, სტრესი ან შიში. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5