“დედამიცისს” ესაუბრება ბავშვთა ნევროლოგი თამარ გაჩეჩილაძე
რამდენად გავრცელებული ჩივილია თავის ტკივილი მცირეწლოვან ბავშვებში?
თავის ტკივილი ბავშვებში საკმაოდ ხშირი ჩივილია, განსაკუთრებით მოზარდებში. განვითარებული ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით წინასასკოლო ასაკის ყოველი 5 ბავშვიდან ერთს აქვს თავის ტკივილი, ხოლო ბავშვების დაახლოებით 5%-ს აქვს შაკიკის ტიპის ტკივილი, ზოგჯერ 3-4 წლის ასაკიდანაც კი, რაც ითვლება საკმაოდ ადრეულ ასაკად.
შესაძლოა თუ არა თავის ტკივილი მიუთითებდეს რაიმე პათოლოგიაზე?
კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს ორი ტიპის თავის ტკივილი: პირველადი და მეორადი. პირველადი თავის ტკივილი ნიშნავს, რომ ის არ არის გამოწვეული რაიმე სხვა პათოლოგიით, ყველაზე ხშირად ხასიათდება გენეტიკური/ოჯახური წინასწარგანწყობით, გამოწვეულია რაიმე სტრესული ფაქტორით. ბავშვებში ხშირია მხედველობის გადაძაბვით გამოწვეული თავის ტკივილიც და ასეთ სიტუაციებში ყოველთვის სასურველია მხედველობის შემოწმება და საჭიროებისას მხედველობის კორექცია, მაგ.: სათვალის გამოყენება. მეორადი თავის ტკივილის შემთხვევაში ტკივილი გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებით ან თავის ტვინის სტრუქტურული პათოლოგიით.
რა სიმპტომებით ხასიათდება თავის ტკივილი მცირეწლოვან ბავშვებში?
ბავშვებს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს, ხშირად უჭირთ ჩივილების ზუსტად აღწერა და ტკივილის ლოკალიზება. ბავშვებს თავის ტკივილთან ერთად შეიძლება ჰქონდეთ: გულისრევა და ღებინება, მუცელში დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება, ფონოფობია (ხმაურის აუტანლობა) ან ფოტოფობია (მკვეთრი სინათლის აუტანლობა). მცირე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჯერ ვერ ლაპარაკობენ, თავის ტკივილის დროს ხშირად ტირიან, ხელებით ეხებიან თავს და ხუჭავენ თვალებს, რომ თავიდან აიცილონ ტკივილის მაპროვოცირებელი სტიმული (მაგალითად სინათლე).
რამდენად საშიშია თავის ტკივილი ამ ასაკში და როდის არის სიტუაცია საგანგაშო?
როგორც უკვე ვთქვით, ტკივილი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი ტკივილი არ არის საგანგაშო მდგომარეობა. მეორადი ტკივილის მიზეზი ყოველთვის არის რაიმე პათოლოგია და შესაბამისად, ყოველთვის საყურადღებოა. თავის ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ: ბავშვი არის მცირეწლოვანი, თავის ტკივილს უახლოეს წარსულში წინ უძღოდა თავის ტრავმა, ბავშვს თავის ტკივილი აქვს დილიდანვე ან ტკივილი აღვიძებს ღამის ძილის დროს, აქვს სიცხე, მხედველობის გაუარესება, ღებინება – განსაკუთრებით დილით ან დღის პირველ ნახევარში, აქვს სისუსტე – განსაკუთრებით თუ სისუსტე ცალმხრივადაა კიდურებში, ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც ბავშვს აღვიძებს ღამის ძილის დროს (მათ შორისაა თავის ტკივილიც), ტკივილი კისრის ან კეფის მიდამოში, თავის ტკივილთან ერთად ვითარდება ხასიათის და ქცევის გაუარესება, ტკივილი იღებს მუდმივ ხასიათს, ბავშვს დაემართა გულყრა (კრუნჩხვა), აღენიშნება ფოტოფობია ან ფონოფობია, დროთა განმავლობაში ტკივილის ინტენსივობა მატულობს და უარესდება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი განგაშის ნიშანია. მათი არსებობისას ყოველთვის საეჭვოა ისეთი დაავადების ან მდგომარეობის არსებობა, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ რეაგირებასა და მკურნალობას მოითხოვდეს.
ბავშვთა ასაკში რა შეიძლება გახდეს თავის ტკივილის მაპროვოცირებელი?
თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ბევრი ფაქტორია ცნობილი, მათ შორისაა სხვადასხვა ვირუსული ინფექცია, თავის ტრავმა, სტრესი, შფოთვა, საკვებში არსებული ნივთიერებები, მაგალითად კოფეინი, რომელიც დიდი რაოდენობითაა შოკოლადში, ძილის ნაკლებობა და ა.შ.
როგორ ხდება ამ პრობლემის მკურნალობა?
თავის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. მკურნალობა შეიძლება იყოს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ბავშვებში ასეთია პარაცეტამოლი და იბუპროფენი, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს სპეციფიკური პროფილაქტიკური მკურნალობა, მაგ.: შაკიკის შემთხვევაში. მეორადი თავის ტკივილის დროს მკურნალობა სხვადასხვაა – ეს შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული ჩარევა (მაგალითად, თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნის არსებობისას).