Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დღეიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტი “ტელესკოლა” იწყება. პროექტის  მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში იღებდეს განათლებას,  შექმნილ რთულ ვითარებაში.

ქართულის მასწავლებელი  ნათია ფურცელაძე ტელევიზორიდან მალე თქვენს  მეშვიდე და მერვე კლასელ შვილებს ქართულის გაკვეთილებს ჩაუტარებს. ნათია სკოლა “ქორალის” მასწავლებელი და დირექტორის მოადგილეა, ის ასევე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს  2017 წლის ფინალისტი და 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელია. ნათია ორი შვილის დედაა და ახლა უკვე ონლაინგაკვეთილებთან ერთად, დაწყებითი კლასის მოსწავლე შვილსაც ეხმარება გაკვეთილების მომზადებაში და ცდილობს იზოლაციის რთული პერიოდი ბავშვებისთვის მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით გაამდიდროს. 

ნათია, მოგვიყევით პროექტ “ტელესკოლა”-ზე. როგორი იქნება თქვენი სატელევიზიო გაკვეთილები?

მე ვიქნები მეშვიდე და მერვე კლასის ქართული ენისა  და ლიტერატურის მასწავლებელი ამ პროექტში. ტელეგაკვეთილები 15 წუთიანი იქნება და შევეცდები ჩემი გაკვეთილებით დავაინტერესო მოსწავლეები, გავუჩინო ფიქრის, ახალი წიგნების წაკითხვის და კარგი  ფილმების ნახვის სურვილი. მინდა ეს უჩვეულო და მოულოდნელი არდადეგების დრო ჩემმა მოსწავლეებმა გამოიყენონ სასარგებლოდ და ჩემი გაკვეთილებიც ძირითადად ამ პრინციპით აიგება. 

როგორი აღმოჩნდა პანდემიით გართულებული დღის რეჟიმი  თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის და ასევე, დედისთვის? როგორ ანაწილებთ დროს პროფესიული   და საოჯახო ვალდებულებებისთვის?

პირველ რიგში, ვცდილობ დადებითი მხარეებიც ვეძებო ამ სიტუაციაში და მოვახერხე პოვნა. რთული იყო ის, რომ ოჯახში აღმოვჩნდით მასწავლებელიც და მოსწავლეც. ახლა,  მე ერთი მხრივ, პასუხისმგებელი ვარ, როგორც დედა ჩემს შვილებთან და როგორც მასწავლებელი ჩემს მოსწავლეებთან. თავიდან ფიქრიც კი, როგორ უნდა მომესწრო და შემეთავსებინა ეს ყველაფერი, იყო ძალიან სტრესული. მაგრამ, როდესაც ადამიანი ინდომებს, ყველაფრის დალაგებას და აწყობას ახერხებს.  ჩემი უფროსი გოგონა არის პირველკლასელი, მეორე შვილი 4 წლის და მე მიწევს სასწავლო პროგრამების შემუშავება, სტატიების წერა, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდია ბავშვების მამის როლი ამ სიტუაციაში. ჩვენ თანაბრად ვინაწილებთ ყველა ფუნქციას, თუ მე ონლაინგაკვეთილები მეწყება, ჩემს მეუღლეს ბავშვები სასეირნოდ მიჰყავს, ისეთ ადგილებში, სადაც საერთოდ არ არის ხალხი. მამა აქამდე ბევრ დროს ატარებდა სამსახურში და ახლა, როდესაც მეტი დრო გამოჩნდა, ეს  მათთვის უდიდესი ბედნიერება აღმოჩნდა. 

იზოლაციის რთული პერიოდი და ახალ სასწავლო რეჟიმზე გადაწყობა ბავშვებისთვისაც არანაკლებ სტრესულია. ხომ არ გაქვთ რაიმე სახალისო აქტივობები შინსწავლების  გასამრავალფეროვნებლად?

ახლა, როდესაც ჩემს პირველკლასელ შვილს მასწავლებლები ვიდეგაკვეთილებს უგზავნიან, მე ვცდილობ მისთვის შევქმნა სახალისო რესურსები, რომლებიც უფრო სასიამოვნოს გახდის მის აქტივობას. მაგალითად: ანბანის შესასწავლად, ჩემი ხელით ვუმზადებ კროსვორდებს, სხვადასხვა სამაგიდო თამაშობებს ვიგონებ, მოვიფიქრეთ თამაში მათემატიკური უნარების გასაუმჯობესებლად და ამას “ციყვების თამაში” დავარქვით. ყოველდღიურად ვკითხულობთ, ფაქტობრივად არასდროს არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში ისეთი დღე, როდესაც არ წაგვიკითხავს რაიმე. ამის გარდა, მამა უგონებს თამაშებს, ერთხელ მამასთან ერთად თოჯინებისთვის ტანსაცმელი  შეკერეს. ვერ ვიტყვი, რომ პრობლემები არ არის ჩაკეტილ სივრცეში, მაგრამ ერთმანეთს ვუწყობთ ხელს. ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ, გვქონდეს პირადი დრო და ამ განრიგს მივყვებით. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5