Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი ხატია დოლიძე.

როდესაც ბავშვის ტემპერატურა იწევს, მშობლები ვღელავთ და დამწევი მედიკამენტებით ვიწყებთ შებრძოლებას. რამდენად სწორად ვიქცევით და რა არის ის სახიფათო ნიშნული, რომელზეც არ უნდა ავიდეს ტემპერატურა

მშობელი ყოველთვის განიცდის, როცა  ბავშვს აქვს ტემპერატურა. ზოგადად ცხელებად ითვლება სხეულის ტემპერატურა 38,3C და მეტი  და მედიკამენტოზური ჩარევაც რეკომენდებულია ამ  ნიშნულზე. შეიძლება მოხდეს სწრაფი მატება სიცხის 40.0 C -მდეც, ამაში საპანიკო არაფერია, მშვიდად უნდა მივაწოდოთ ანტიპირეული ანუ სიცხის დამწევი საშუალება. თუ ბავშვი გახურებულია და არ აციებს,  მაქსიმალურად გავათავისუფლოთ და არ შევფუთოთ. შესაძლებელია ოთახის ტემპერატურის წყლით დავუზილოთ სხეული, რაც დაეხმარება მას ტემპერატურის დაწევაში.

როდის მიიჩნევა ტემპერატურის მომატება ცხელებად

ამერიკის პედიატრთა აკადემია (AAP) მიიჩნევს, რომ სხეულის ტემპერატურის მატება ცხელებად  მიიჩნევა 38,3C და მეტი. ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ( WHO) მიიჩნევს, რომ ტემპერატურა ცხელებად ითვლება 38,5C და მეტი. ჩვენ მაინც ვემხრობით 38,3 და ზემოთ მაჩვენებელს.

როგორ ვზომავთ სიცხეს

სხეულის ტემპერატურის ზუსტი შეფასება ხდება მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოების – თერმომეტრის საშუალებით.

4 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში სხეულის ტემპერატურა უნდა გაიზომოს ელექტრონული თერმომეტრით იღლიის ფოსოში.

4 კვირიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ტემპერატურა უნდა გაიზომოს შემდეგი მეთოდებით: ელექტრონული თერმომეტრით იღლიაში; ინფრაწითელი ტიმპანური თერმომეტრით. 

სხვა მეთოდებით (ორალური, რექტარული, შუბლის ) არ არის რეკომენდებული, რამდენადაც არიან ან ძალიან ინვაზიური, ან არასაიმედო.

ასევე აღვნიშნავ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული სამედიცინო ვერცხლისწყლის თერმომეტრი, რაც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია თხევადი ვერცხლისწყლის სავარაუდოდ დაღვრის და მისი ტოქსიკურობის გამო.

როდის უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი

ზოგადად მოწოდებულია სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება 38,3 და ზემოთ ნიშნულზე, რახან ცხელება ორგანიზმის პასუხია ანთებით პროცესზე, ამიტომ მანამდე არ ვურჩევთ მშობლებს ანტიპირეტული საშუალებების გამოყენებას. პირველი რიგის მედიკამენტებად ითვლება აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი (ე. წ. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).

ერთი გამონაკლისის გარდა: როდესაც ბავშვს აღენიშნება ანამნეზში კონვულსიები (კრუნჩხვები) ცხელების დროს, მაშინ შეიძლება ტემპერატურის დაბალ ნიშნულზეც ე.წ. სუბფებრილიტეტზეც (37,5C) მივაწოდოთ სიცხის დამწევი საშუალება, თუმცა ამ პროცედურამ შეიძლება მაინც ვერ დაიცვას პაციენტი კრუნჩხვის განვითარებისგან.

თუ ბავშვს სძინავს, მაგრამ ტემპერატურა მაღალია, შეიძლება თუ არა შევაღვიძოთ და მივცეთ დამწევი?  

ზოგადად ექიმები რეკომენდაციას ვაძლევთ სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებას 38,3-ზე ზემო ნიშნულზე, თუმცა აქაც დავძენ, შეიძლება მშობელი ინდივიდუალურად მიუდგეს პატარას, გამოიყენოს  დაცდის რეჟიმი და დააკვირდეს, შეიძლება ცხელება თავისით დაეწიოს.  თუ ცხელება მყარია, მაშინ დაეხმაროს ანტიპირეტული საშუალებით. ერთადერთი, როდესაც  აუცილებლად  ვაძლევთ სიცხის დამწევს მაღალ მაჩვენებელზე, ეს არის ანამნეზში  კრუნჩხვები  ცხელების დროს.

როგორ ვზომავთ სიცხეს ჩვილებში და როგორ ვრეაგირებთ

ჩვილ ბავშვებშიც სიცხის გაზომვა ხდება  ელექტრონული ან ტიმპანური თერმომეტრის საშუალებით. 

2 თვემდე ასაკის ბავშვებს ცხელების დროს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და სტაციონალური მეთვალყურეობა.

მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რა ხდება ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმში

ცხელება წარმოადგენს ორგანიზმის არასპეციფიკურ დაცვით-შეგუებით რეაქციას სხვადასხვა პათოგენურ გამღიზიანებელზე და ხასიათდება თერმორეგულაციის პროცესების გარდაქმნით, რომელსაც მივყავართ სხეულის ტემპერატურის მომატებასთან და ორგანიზმის ბუნებრივი რეაქტიულობის სტიმულაციასთან.

ვირუსული ინფექციის დროს  რამდენი დღე შეიძლება ჩაითვალოს ტემპერატურა ნორმალურად და რამდენ ხანს არ უნდა გაგრძელდეს? 

ვირუსული ინფექციის დროს შეიძლება ტემპერატურა გაგრძელდეს 3-5 და შეიძლება 7 დღეს. ჩემი რჩევაა, მშობელმა არ მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება ბავშვის მკურნალობაზე და თვითნებურად არ მისცეს მედიკამენტები, აუცილებლად დაუკავშირდეს მის ოჯახის ექიმს, რომელიც კომპეტენტურად დააკვალიანებს მას.

რამდენად მნიშვნელოვანია სითხეებით დატვირთვა ტემპერატურული რეაქციის დროს

ყველა ინფექციის დროს, რომელიც მიდის მაღალი ცხელებით, მოდუნებით  და თანდართულია ღებინება ან ფაღარათი ჩვენ – ექიმები, რეკომენდაციის პირველ ეტაპზე ვურჩევთ სითხეებით ადეკვატურ დატვირთვას, რაც ეხმარება პატარას თავიდან აიცილოს თუნდაც ისეთი  მდგომარეობა – როგორიცაა გაუწყლოვნება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5