“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ასათიანი.
რა არის ტიკური აშლილობა და როგორ ვლინდება?
ტიკი არის კუნთების უეცარი, განმეორებადი, არარიტმული მოძრაობა ან ხმა, რომელსაც ადამიანი გამოსცემს მისდა უნებლიედ. მას, როგორც წესი, წინ უსწრებს სხეულში უსიამოვნო შეგრძნება, დაძაბულობა, რომლის გამოთავისუფლებაც ხდება ტიკის გაკეთების შემდეგ. ბავშვებსა და მოზარდებში ტიკები საკმაოდ გავრცელებულია. 5-დან ერთ სკოლის ასაკის ბავშვს მაინც უვითარდება ტიკი რაღაც ეტაპზე, თუმცა როგორც წესი მსგავსი ტიკების უმეტესობა არის გარდამავალი, ანუ ქრება თავისით წელიწადზე ნაკლებ დროში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გრძელდება წელიწადზე მეტხანს, ისმევა ტიკური აშლილობის დიაგნოზი.
ასაკის მატებასთან ერთად ხომ არ მცირდება?
ტიკების უმეტესობა არის გარდამავალი ანუ თავისით, ჩარევის გარეშე ქრება დროთა განმავლობაში. როგორც წესი, მათი გამოვლენა პიკს აღწევს ადრეულ მოზარდობაში (10-12 წელი) და მცირდება ზრდასრულობამდე. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში სიმპტომები არის ქრონიკული და ადამიანს ტიკები მიყვება ზრდასრულობაშიც.
რა ტიპის ტიკები არსებობს და რომელია ყველაზე გავრცელებული?
ტიკი შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, ნებისმიერ კუნთში, ამიტომაც არსებობს მისი მრავალი სახეობა. ისინი კატეგორიზდება გამოვლენის ტიპის მიხედვით მოტორულ და ვოკალურ ტიკებად, ასევე სირთულის მიხედვით – მარტივ და კომპლექსურ ტიკებად.
მოტორული ტიკები ვლინდება სხეულებრივი მოძრაობის სახით და ყველაზე ხშირად მოიცავს სახის, თვალების, პირის, თავის, კისრის ან მხრების კუნთებს. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც აქვს მოტორული ტიკი, შეიძლება იჭმუხნიდეს ცხვირს, იჩეჩავდეს მხრებს, ჭუტავდეს თვალებს, მისდა უნებლიედ. ვოკალური ტიკები კი გულისხმობს ადამიანის მიერ განზრახვის გარეშე გარკვეული ხმების გამოცემას, როგორიცაა ჩახველება, ზუზუნი, წამოყვირება და ყეფაც კი.
მარტივი მოტორული ტიკი არის სწრაფი უეცარი მოძრაობა, რომელიც კუნთების მცირე ჯგუფს მოიცავს, როგორიცაა თვალის ჩაკვრა ან თავის დაქნევა. კომპლექსური მოტორული ტიკი კი არის მოძრაობების სერია, რომელიც მოიცავს კუნთების ერთზე მეტ ჯგუფს. მაგალითად თვალის ჩაკვრა და შემდეგ ჩახველება. კომპლექსური ტიკები არის უფრო ნელი და რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი განზრახ აკეთებს.
კომპლექსური ვოკალური ტიკები კი შეიძლება გამოიხატებოდეს სიტყვების ან ფრაზების სახით. მაგალითად, ბავშვი შესაძლოა იმეორებდეს საკუთარ ( პალილალია) ან სხვების (ექოლალია) სიტყვებს, ასევე ამბობდეს უწმაწურ სიტყვებს (კოპროლალია). თუმცა მსგავსი ტიკები, როგორც წესი შედარებით იშვიათია.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ასეთ დროს?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა არ გაამახვილოს ყურადღება ტიკებზე, რადგან ეს უფრო გააუარესებს მათ. კომენტარების გაკეთება მას შემდეგ, რაც ბავშვი გააკეთებს ტიკს, გაცინება, მოთხოვნა, რომ შეწყვიტოს ან პირიქით მისი დამშვიდება – ეს ყველაფერი არის ყურადღების ფორმა, რითიც შეიძლება ითქვას, რომ ტიკები იკვებება. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი ტიკებს განზრახ არ აკეთებს და არც გაკონტროლება შეუძლია, შესაბამისად თავი უნდა შევიკავოთ შენიშვნის მიცემისგან, რადგან ეს ზრდის მის შფოთვას და დაძაბულობას, რაც თავის მხრივ უფრო ამწვავებს ტიკებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტიკები ნევროლოგიური პრობლემაა, მათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის მოვლენები, რაც ყოველდღიურად ხდება. თუ მშობელი დაკვირვებულია, აუცილებლად შეამჩნევს, როდის უარესდება ან პირიქით მცირდება ტიკები, დაინახავს კავშირს სხვადასხვა ფაქტორებსა და ტიკების გამოვლენის სიხშირეს შორის და მოახერხებს ბავშვის გარემოს იმგვარად მოწყობას, რომ რაც შეიძლება ნაკლები გამომწვევი მიზეზი იყოს მასში. მაგალითად ფაქტორები, რომლებიც აუარესებს ტიკებს, ხშირ შემთხვევაში, არის შფოთვა, სტრესი, აღელვება, დაღლილობა, უძილობა. შესაბამისად, მშობელი უნდა ეცადოს, რომ ბავშვს ჰქონდეს განსაზღვრული ძილის რეჟიმი, მისი გარემო იყოს სტაბილური და სტრუქტურირებული, რაც თავის მხრივ შეამცირებს დაძაბულობას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად ტიკები თავისით ქრება, თუმცა უმჯობესია მშობელმა მიმართოს სპეციალისტს იმ შემთხვევაში, თუ ტიკები თავს იჩენს რეგულარულად და დროთა განმავლობაში ხდება უფრო ხშირი და მწვავე, იწვევს ემოციურ და სოციალურ პრობლემებს და ბავშვი თავს არიდებს გარკვეულ სიტუაციებს იმის გამო, რომ რცხვენია, ხელის შემშლელია ყოველდღიური აქტივობების განხორციელებაში, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან დისკომფორტს, თან ახლავს აგრესიის გამოხატვის ეპიზოდები ან თვითდამაზიანებელი ქცევა.