Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, სოციალურ უნარებსა და ემპათიაზე (თანაგანცდაზე) პასუხისმგებელი ტვინის რეგიონები აქტიურდება, როდესაც ბავშვები თოჯინებით თამაშობენ. თან, მნიშვნელობა არ აქვს მარტო თამაშობენ თუ ვინმესთან ერთად.

COVID-19-ის პანდემიის გამო ბავშვების მწირ სოციალურ ურთიერთობებს მშობლები განიცდიან და მათთვის დამაიმედებელია კვლევის დასკვნა, რომ მარტო თამაშის დროსაც შესაძლებელია სოციალური უნარების განვითარება.

კვლევამ, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა Frontiers in Human Neuroscience-ში, შეისწავლა 4 წლიდან 8 წლამდე ასაკის 33 ბავშვი, თამაშის დროს. მკვლევრები დააკვირდნენ შემდეგ ქცევებს:

– ბავშვები თამაშობდნენ მარტო თოჯინებით.

– ბავშვები თამაშობდნენ მკვლევართან ერთად თოჯინებით.

– ბავშვები თამაშობდნენ პლანშეტით.

– ბავშვები თამაშობდნენ პლანშეტით მკვლევართან ერთად.

თამაშის ყველა ეპიზოდის განმავლობაში, ბავშვები ატარებდნენ ფუნქციურ ინფრაწითელ სპექტროსკოპიულ ქუდს (fNIRS), რომელმაც  შეაგროვა  მონაცემები ტვინის იმ უბნების შესახებ, რომლებიც თამაშის დროს ამოქმედდა. მათი გამოყენებით კი მკვლევრებმა შეძლეს სამი ძირითადი სფეროს ამოცნობა.

  • საფეთქლის ზედა უკანა ღარი (პასუხისმგებელია სოციალურ დამუშავებასა და ემპათიაზე).
  • შუბლისწინა ქერქი (პასუხისმგებელია ქცევის კონტროლზე)
  • ორბიტოფრონტალური ქერქი (პასუხისმგებელია დაჯილდოების დასწავლაზე)

ზემოხსენებული უბნებიდან ყველაზე აღსანიშნავი შედეგები საფეთქლის ზედა უკანა ღარმა ანახა. ეს უბანი თანაბრად აქტიური იყო ტაბლეტზე ან თოჯინებით დამკვირვებელთან ერთად თამაშის დროს. ხოლო მარტო თამაშის დროს, მხოლოდ თოჯინებით თამაშისას აქტიურდებოდა. „ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა გაივარჯიშონ სოციალური ურთიერთობის უნარები თოჯინებთან თამაშისას, მარტო თამაშის დროსაც კი“ – ამბობს კვლევის თანაავტორი, ფილოსოფიის დოქტორი, კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის უფროსი ლექტორი სარა გერსონი.

განათლების დოქტორის კარენ არონიანის აზრით, თოჯინებით და წარმოსახვითი თამაშის დროს, ბავშვი ირგებს მზრუნველის როლს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ემპათიის უნარის განვითარებისთვის.

მონაწილეთა ქცევითი კონტროლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ტაბლეტების თამაშსა და თოჯინების თამაშს შორის.  ამასთან, ბავშვები უფრო იყენებდნენ ქცევის კონტროლს, როდესაც ისინი თამაშობდნენ სხვასთან, ვიდრე მარტო. ეს ადასტურებს იმას, რომ მათ უკეთ შეუძლიათ საკუთარი ქცევის გაკონტროლება, როცა სხვებთან ერთად მუშაობენ საერთო მიზნისკენ.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა მარტო ან ერთად თამაშის დროს ორბიტოფრონტალური ქერქის აქტივობაში. ასევე, ვერ დადგინდა პლანშეტით თამაშის დროს უფრო გრძნობდნენ დაჯილდოებულად თავს, თუ თოჯინებთან.

კვლევის მიხედვით, ციფრული მოწყობილობები ვერ უცვლიან ბავშვებს ურთიერთობებს, ვერ ახერხებენ მათ შემეცნებით განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვანია მათი სოციალურ-ემოციური წიგნიერებისთვის. კვლევა მხარს უჭერს ერთობლივ თამაშს პლანშეტით სოციალური დამუშავებისა და ემპათიის განვითარების მიზნით, მაგრამ არა მარტო თამაშს.  სავარაუდოდ, მოთამაშეებს შორის ურთიერთქმედება განავითარებს ამ სოციალურ უნარებს და არა თვითონ მოწყობილობის გამოყენება.

თუ თქვენს შვილს ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ნაკლებად აქვს ურთიერთობა  სხვა ბავშვებთან, ეს კვლევა იმედს მოგცემთ, რომ პატარებს წარმოსახვითი თამაშითაც შეუძლიათ სოციალური უნარ-ჩვევების, მათ შორის ემპათიის განვითარება. ამასთანავე, აუცილებელი არ არის მხოლოდ თოჯინებით თამაში. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყველა იმ სათამაშოთი, რომლის პერსონაჟად ქცევა შეიძლება, მაგალითად „ლეგოს“ კაცუნებით და საკუთარი ხელნაკეთი არსებებით.

წყარო: https://www.verywellfamily.com/doll-play-helps-build-empathy-and-social-skills-5082105

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5