ტოკოფობია მშობიარობის განსაკუთრებული შიშია. ეს არ არის ჩვეულებრივი შფოთვა ან ბავშვის გაჩენის სურვილის არქონა, რაც ზოგადად ნორმალურია. როგორც სიმაღლის ან ობობების გამაშეშებელი შიში, მშობიარობის (ბავშის გაჩენის) შიში – ტოკოფობია საკმაოდ მწვავეა და ის გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.
ზოგიერთ შემთხვევაში, ტოკოფობიამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ან დაორსულების შიშიც (მაშინაც კი, თუ ქალს სურს შვილების გაჩენა).
არსებობს ტოკოფობიის ორი განსხვავებული ტიპი: პირველადი და მეორადი. პირველადი ტოკოფობიის დროს ქალს ჯერ არ უმშობიარია, მაგრამ აქვს მშობიარობის შიში. მეორადი ტოკოფობიის დროს კი მშობიარობის შიში გამოწვეულია წინა გამოცდილებით.
ტოკოფობიის სიმპტომები
ტოკოფობიის ბევრი სიმპტომი ემთხვევა დეპრესიულ და შფოთვით აშლილობებს და მას შეუძლია ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად გამოიწვიოს ძილის, კვებისა და გუნება-განწყობილების დარღვევები.
ტოკოფობიის სიმპტომებია:
- პანიკის შეტევები ან შფოთვითი სიმპტომების მომატება, როგორიცაა დაღლილობა, ირაციონალური შფოთვები ან თავის ტკივილი;
- გუნება-განწყობილების ცვლილებები;
- დეპრესიის სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სხეულის ტკივილი, მადის დაქვეითება, ლიბიდოს დაქვეითება ან საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა.
- უძილობა ან კოშმარები;
- სქესობრივი აქტისთვის თავის არიდება;
- დიდი ძალისხმევა დაორსულების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გაორმაგება ან გასამმაგება);
- აკვიატებული ფიქრები იმაზე, თუ რა შეიძლება “არასწორად წავიდეს” მშობიარობის დროს;
- ორსულობის გადადება ან თავიდან აცილება იმის მიუხედავად, რომ გინდათ შვილები;
- საკეისრო კვეთის მოთხოვნა სამედიცინო მიზეზების გარეშე.
ტოკოფობიის დიაგნოზი
ნებისმიერი სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობის მსგავსად, ფობიების ჩათვლით, ტოკოფობიის დიაგნოზს სვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის კვალიფიციური სპეციალისტი, მაგალითად ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ან ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი.
ტოკოფობიის მიზეზები
ეს შეიძლება იყოს იმ აზრების, შიშების, გამოცდილების და მშობიარობის შესახებ წინასწარი წარმოდგენების დაგროვების შედეგი, რომლებიც ქალის ცხოვრების განმავლობაში ხდება.
ამასთან, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ასოცირდება ტოკოფობიის მომატებულ რისკთან.
სამედიცინო შიშები
პირველადი ტოკოფობიის მქონე ქალებს შეიძლება ჰქონდეთ შიში ზოგადად სამედიცინო სფეროს მიმართ, მათ შორის ექიმების, საავადმყოფოების, ტკივილის, კონტროლის დაკარგვის ან სამედიცინო პროცედურების გავლის შიში.
შეიძლება ისინი არ ენდობოდნენ ექიმებს, რადგან ჰქონდეთ მათთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება.
ასევე, შეიძლება მათ ჰქონდეთ საშუალოზე მაღალი ცოდნა მშობიარობის რისკებისა და გართულებების შესახებ.
ტრავმული პირადი ისტორია
მშობიარობის შესახებ შიში შეიძლება წარსულში ტრავმული სექსუალური გამოცდილებიდან იყოს გამოწვეული, იქნება ეს ბავშვობაში თუ მოზრდილობის პერიოდში.
ტრავმული მშობიარობის გამოცდილება
თუ მეორადი ტოკოფობია გაქვთ, ანუ თქვენ უკვე გაქვთ მშობიარობის ისტორია, თქვენი შიშები შეიძლება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მსგავსი იყოს, თუ თქვენი გამოცდილება განსაკუთრებით მტკივნეული ან რთული იყო. ქალებს შეიძლება განუვითარდეთ მეორადი ტოკოფობია “ნორმალური” ან ჯანმრთელი მშობიარობის შემდეგაც.
შფოთვა და დეპრესიის ისტორია
არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ პრენატალური დეპრესიის არსებობამ შეიძლება გაზარდოს ტოკოფობიის შანსი, თუმცა ეს არც თუ ისე ხშირია.
ტოკოფობიის მკურნალობა
ფობიები შფოთვის ინტენსიური ფორმაა და ტოკოფობიის მკურნალობის ორი მთავარი გზა თერაპია და მედიკამენტებია.
თერაპია
კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT), ფსიქოთერაპია და ექსპოზიციური თერაპია ეფექტურია ფობიების და სხვა შფოთვასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ.
მნიშვნელოვანია, მოიძიოთ თერაპევტი, რომელიც მუშაობს თქვენთვის სასურველი მეთოდით და აქვს ქალებისა და დედების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამოცდილება.
მედიკამენტები
არ არსებობს შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანისთვის მედიკამენტების დანიშვნის ერთადერთი სწორი გზა; მკურნალობის გზა ინდივიდუალურია.
როგორ გავუმკლავდეთ ტოკოფობიას?
ტოკოფობიასთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენს შიშებზე თქვენს გინეკოლოგთან გულწრფელი საუბარია. მნიშვნელოვანია, რომ მან მოგაწოდოთ ინფორმაცია მშობიარობის დადებით მხარეებზე და რისკებზე, ასევე ტკივილის შემსუბუქების ვარიანტებზე (რაც გამოგადგებათ, თუ თქვენი შიშის მიზეზი შესაძლო ტკივილია).
თუ მშობიარობის თქვენი შიში სხვა რამეს უკავშირდება, როგორიცაა წარსული სექსუალური ტრავმა, სამედიცინო პერსონალისადმი უნდობლობა ან ტრავმული მშობიარობის გამოცდილება, ფსიქიატრი შეიძლება დაგეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში, რაც შეამცირებს ან აღმოფხვრის ტოკოფობიას.
წყარო: www.verywellfamily.com