როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვმა მაინც ნახა პორნოგრაფიული შინაარსის მასალა ინტერნეტში? რა გავლენა შეიძლება იქონიოს მასზე ნანახმა და რა გავითვალისწინოთ მათთან ამ თემაზე საუბრისას? – “დედამ იცის” შეკითხვებს პასუხობს ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე პორნოგრაფიული შინაარსის მასალის ნახვამ?
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ პორნოგრაფიის სხვადასხვაგვარი განმარტება არსებობს, თუმცა ძირითადად მათთვის საერთოა პორნოგრაფიის ცნების განხილვა, როგორც სექსუალური შინაარსის ტექსტის, აუდიო, ვიზუალური ან აუდიო-ვიზუალური მასალის, რომლის მთავარი ფუნქციაც სექსუალური აგზნების წარმოშობაა. პორნოგრაფიული შინაარსის მასალასთან წარდგენის, მათ შორის ვიდეოს ნახვის შედეგები ბავშვებზე განსხვავდება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიცაა მაგ. ასაკი, ფსიქო-სოციალური განვითარების ეტაპი, ინფორმაციის ის ოდენობა, რასაც ფლობს სქესობრივ კავშირსა და ინტიმურ პარტნიორულ ურთიერთობებზე და ა.შ. როგორც წესი, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოების ნახვა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვისა თუ მოზარდის ფსიქო-ემოციურ ფონზე. ზოგი გავლენა მოკლევადიანია, ზოგი კი გრძელვადიანი. კერძოდ: პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოების ნახვის შედეგად, შესაძლოა, ბავშვმა განიცადოს სხვადასხვა ინტენსიური ემოცია, მათ შორის ზიზღი ან შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ მშობელმა შესაძლოა დასაჯოს, თუკი გაიგებს, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეოს უყურა. ხშირად ეუფლება გაურკვევლობის განცდაც. უჭირს მიღებული ძლიერი შთაბეჭდილების ადექვატურად გადამუშავება. ნანახი მისთვის შემაშინებელი, გაურკვეველია. აღნიშნული ინტენსიური ემოციების გადამუშავების უნარი კი ხშირად მწირია ბავშვებში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვებს ემოციური დისტანცირება უჭირთ და ნანახი შესაძლოა განცდის დონეზე შემოვიდეს მასში, რაც კიდევ უფრო მძაფრს ხდის მიღებულ ემოციებს. აგრეთვე, ხანდახან პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოს ნახვამ შესაძლოა ავტომატურად აღძრას ბავშვში აგზნება, რაც მისთვის შემაშინებელი შეიძლება იყოს ან სირცხვილის განცდა წარმოშვას. შედეგად, გადაუმუშავებელი ემოციები შეიძლება გამოვლინდეს ძილის დარღვევებით, ქცევის პატერნის ცვლილებით და სხვ. არსებობს იმის რისკიც, რომ ნანახი სცენარი გადაიტანოს რეალურ ცხოვრებაში და სხვა ბავშვებთან ჩაერთოს ძალადობრივი ხასიათის სექსუალურ თამაშებში ან გახდეს ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნულს ემატება ის რისკიც, რომ ბავშვმა ჩათვალოს, რომ რეალური ინტიმური ურთიერთობებიც პორნოგრაფიულ ვიდეოში ნანახი სექსუალური გამოცდილების იგივეობრივი ან მსგავსი უნდა იყოს, რაც სარისკოა იმდენად, რამდენადაც, აღნიშნული ვიდეოები ხშირად მოიცავს ძალადობრივ კომპონენტს, უპირატესად ქალის მიმართ. შედეგად, ბავშვებს შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ არაჯანსაღი სტერეოტიპები არამარტო სექსუალურ გამოცდილებებთან, არამედ გენდერულ როლებთან მიმართებაშიც. მოზარდებში დიდია იმის ალბათობა, რომ წარმოიშვას შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებს თავად ნანახი მოდელის გამეორებას ან სევდა, ბრაზი, თუკი აცნობიერებს, რომ თავად სხვა სურვილები და ფანტაზიები აქვს. აგრეთვე, ნანახ მასალაში ინტიმური ურთიერთობები დაცლილია ღრმა ემოციური შინაარსისგან, რამაც შეიძლება გაართულოს მომავალში ინტიმური ურთიერთობების ფორმირება პარტნიორთან.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ გაიგებს, რომ ბავშვმა პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალა ნახა?
თუკი მშობელი გაიგებს, რომ ბავშვმა პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ნახა, სჯობს პირველ რიგში თავად გადაამუშაოს საკუთარი ემოციები, რაც დაეუფლა აღნიშნული ინფორმაციის მიღების შედეგად. შესაძლოა მშობელს თავად გაუჩნდეს ინტენსიური ემოციები, მაგ. შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რა გავლენას მოახდენს ეს ბავშვზე ან ბრაზი საკუთარი თავის მიმართ, რომ სათანადოდ ვერ დაიცვა უსაფრთხოების ზომები ბავშვის გაჯეტებთან ურთიერთობასთან მიმართებაში და ა.შ. ამ ემოციების გავლენით კი ბავშვთან საუბარი მხოლოდ მეტად დამაზიანებელი აღმოჩნდება როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, რადგან დიდი ალბათობით კომუნიკაცია ვერ შედგება. მას მერე, რაც მშობელი თავად გადაამუშავებს ემოციებს, სჯობს მშობელი ბავშვს დაეხმაროს იმ ემოციების იდენტიფიცირებაში, რაც დაეუფლა ბავშვს ვიდეოს ნახვის შედეგად. აუხსნას, რომ ნორმალურია ამ ემოციების ქონა. დაინტერესდეს იმით, თავად ბავშვმა როგორ აღიქვა ნანახი – რა დასკვნები გამოიტანა, რა შეკითხვები აქვს და ამაზე დაყრდნობით ააგოს მასთან საუბარი. მნიშვნელოვანია აქცენტი გააკეთოს იმაზე, რომ ამ ვიდეოში ნანახი არ შეესატყვისება რეალურ გამოცდილებას საყვარელ ადამიანებს, პარტნიორებს შორის და რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს შორის ურთიერთობა სიყვარულსა და პატივისცემაზე არის დაფუძნებული და არა ძალადობაზე, როგორც ამ ვიდეოშია ასახული. თუკი ბავშვს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მიღებული სქესობრივ კავშირზე, აღნიშნულ თემაზეც მიაწოდეთ ინფორმაცია მისი ასაკის და ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ეს საუბარი შედგეს ნეიტრალურ დროსა და ადგილას, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, როდესაც თავად იქნებით მზად. შესაძლოა რამდენჯერმე მიუბრუნდეთ ამ თემას. თუკი ატყობთ, რომ ბავშვი არაა მზად საუბრისთვის, არ უსაყვედუროთ, პირიქით, აღმოუჩინეთ მხარდაჭერა და უთხარით, რომ დაელოდებით, სანამ მზად იქნება. მომდევნო ხანებში კი შეგიძლიათ კვლავ წამოიწყოთ საუბარი, როდესაც ჩათვლით, რომ მეტად მომწიფდა ბავშვში მზაობა.
და ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც საკუთარ თავზე ბრაზობენ, რომ საკმარისად ვერ დაიცვეს შვილები ამ ყველაფრისგან?
ზემოთ აღწერილი რეკომენდაციების გარდა მნიშვნელოვანია მიიღოთ პრევენციული ზომები და გააკონტროლოთ ბავშვის მიერ ინტერნეტ საიტების გამოყენება. ასევე, ასაკის შესაბამისად მიაწოდოთ სქესობრივი განათლება მისთვის გასაგებ ენაზე. აგრეთვე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარ შვილთან ჯანსაღი კომუნიკაციის გამოცდილებისა და ნდობასა და გულწრფელობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობა. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი მიდგომაა იყოთ „საკმარისად კარგი მშობელი“ და არა „იდეალური მშობელი“. თუკი გაქვთ სურვილი, რომ მუდმივად უშეცდომო იყოთ, ყოველი სირთულის წარმოშობისას იმდენად ინტენსიური ემოციები დაგეუფლებათ – რისხვა, ძლიერი შფოთვა, იმედგაცრუება და ა.შ., რომ გაგიჭირდებათ აღნიშნულ ემოციებთან გამკლავება და შედეგად საკუთარი შვილისთვის ფუნქციური დახმარების გაწევა. ამის საპირისპიროდ, „საკმარისად კარგი მშობლობა“ მოიაზრებს იმას, რომ გაცნობიერებული გაქვთ, რომ არ ფლობთ ყველა გამოწვევისა და საფრთხის კონტროლის მექანიზმს, მაგრამ გაქვთ უნარი და სურვილი – ამგვარი გამოწვევების წარმოშობის შემთხვევაში, აღმოუჩინოთ ბავშვს საჭირო დახმარება და რაც მთავარია, იყოთ მის გვერდით.